ას-506-480-2015 29 ივლისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორები (მოპასუხეები) – მ.კ–ძე, ე.კ–ძე, კ.კ–ძე
წარმომადგენელი - თ.რ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.კ–ძე
წარმომადგენელი - თ.კ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი) და მ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი) 1978 წლის 29 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შეეძინათ ორი შვილი: 1979 წლის 15 აგვისტოს დაბადებული ე.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მეორე კასატორი) და 1981 წლის 8 სექტებერს დაბადებული კ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, მესამე კასატორი).
2. 1999 წლის 20 მაისს პირველმა მოპასუხემ მცხეთის რაიონის სოფელ .... შეიძინა 5800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილი, რომელიც საჯარო რეესტრში მის საკუთრებად ირიცხება.
3. პირველმა მოპასუხემ მის საკუთრებაში რიცხული ხარაგაულის რაიონის სოფელ .... მდებარე 2042 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით და მცხეთის რაიონის სოფელ .... მდებარე 3000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით 2010 წლის 11 მარტისა და 14 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა მეორე მოპასუხეს, რომელიც საჯარო რეესტრში მათ მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
4. 2010 წლის 6 მარტს პირველმა მოპასუხემ მის საკუთრებაში რიცხული შპს „ს–ს“ (შემდეგში: შპს) საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილი, წილის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრებაში გადასცა მესამე მოპასუხეს, რომელიც მეწარმეთა რეესტრში წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
5. 2012 წლის 3 აპრილს პირველმა მოპასუხემ დააარსა შპს „ო–სი“, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრე თვითონ არის (შემდეგში: პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული შპს).
6. 2013 წლის 10 აპრილს პირველმა მოპასუხემ მის საკუთრებაში რიცხული ქალაქ ხაშურში, .... მდებარე 304 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით აჩუქა მესამე მოპასუხეს, რომელიც საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირდა.
7. პირველი მოპასუხის სახელზე ირიცხება მექანიკური სატრანსპორტო საშუალება „ნისან პესფაინდერი 3.5“, სახ. ნომერი ...., გამოშვების წელი 2001, რომლის ღირებულება 3500 აშშ დოლარია.
8. 2013 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოთხოვა:
8.1. 2010 წლის 11 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობა;
8.2. 2010 წლის 14 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობა;
8.3. 2013 წლის 10 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობა;
8.4. წილის დათმობის შესახებ 2010 წლის 6 მარტის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობა და 25%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობა;
8.5. მცხეთის რაიონის სოფელ .... მდებარე მიწის ნაკვეთის პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული წილის ½ წილის მესაკუთრედ ცნობა;
8.6. პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული შპს-ის ½ წილის მესაკუთრედ ცნობა;
8.7. ავტომანქანის ღირებულების ნახევრის - 1750 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრება.
9. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ სადავო ქონება შეძენილი იყო პირველ მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში. შემდეგ მეუღლემ მიატოვა, ბოლნისიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და მისი თანხმობის გარეშე, მალულად ქონება შვილების სახელზე გადააფორმა. მისი მოსაზრებით, გარიგებები მოჩვენებითი ხასიათის იყო და ქონების გაყოფისათვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული შპს-ს წილის ნახევარსა და ავტომანქანის ღირებულების ნახევარს მოსარჩელე მოითხოვდა, რათა პირველ მოპასუხეს ისინიც თვითნებურად არ განეკარგა.
10. პირველმა მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებულ ქონებათა გაყოფის ნაწილში (9.5. 9.6. და 9.7. სასარჩელო მოთხოვნები), ხოლო დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეებმა მათი გამომრიცხველი შესაგებლით არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე დღემდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. მოპასუხეთა მტკიცებით, ქონება არც მალულად და არც მოსარჩელესთან შეუთანხმებლად არ გასხვისებულა, პირიქით, - მოსარჩელის ნებითა და ურთიერთშეთანხმებით. ამასთან, მათ მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებაზეც მიუთითეს, კერძოდ, მოპასუხეები მიიჩნევდნენ, რომ, ვინაიდან ქონებათა ნაწილი 2010 წელს გასხვისდა, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასული იყო.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
11.1. 2010 წლის 11 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
11.2. 2010 წლის 14 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
11.3. 2013 წლის 10 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
11.4. სასარჩელო მოთხოვნა წილის დათმობის შესახებ 2010 წლის 6 მარტის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობისა და შპს-ის 25%-იანი წილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
11.5 მოსარჩელე ცნობილ იქნა მცხეთის რაიონის სოფელ .... მდებარე მიწის ნაკვეთის პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული წილის ½-ის მესაკუთრედ;
11.6. მოსარჩელე ცნობილ იქნა პირველი მოპასუხის საკუთრებაში რიცხული შპს-ის 100%-იანი წილის ½-ის მესაკუთრედ;
11.7. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ავტომანქანის ღირებულების ნახევრის ასანაზღაურებლად დაეკისრა 1750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
12. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1158-ე, 1160.1, 1165-ე, 102-ე მუხლები და დაასკვნა:
12.1. პირველმა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა მის სახელზე რიცხული ქონების - მცხეთის რაიონის სოფელ .... მდებარე მიწის ნაკვეთის, შპს-ის 100%-იანი წილისა და ავტომანქანის ღირებულების (3500 აშშ დოლარის) ნახევრის გაყოფის ნაწილში ცნო, შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი ამ ნაწილში დააკმაყოფილა.
12.2. სასამართლომ დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ პირველი მოპასუხის მიერ მეუღლეთა თანასაკუთრების შვილების სახელზე გადაფორმების შესახებ შეიტყო, განაწყენდა, შეხვდა მეუღლესა და შვილებს, რის შემდეგაც შეეგუა ამ ფაქტს და გასხვისებულ ქონებაზე რაიმე პრეტენზიის გაცხადებას არც აპირებდა. წინამდებარე სარჩელის აღძვრა განაპირობა პირველი მოპასუხის მიერ მეუღლის სახელზე რიცხული ქონების გაყოფის მოთხოვნით სარჩელის აღძვრამ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა.
12.3. სასამართლომ მოსარჩელის ამგვარი განმარტება მისი მხრიდან პირველი მოპასუხის მიერ დადებული გარიგებების მოწონებად შეაფასა და განმარტა, რომ განკარგვა ნამდვილია, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს. შესაბამისად, ამ მომენტიდან თანასაკუთრების განკარგვის შესახებ გარიგებები იქცა ნამდვილ გარიგებებად, რის გამოც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობისა და გასხვისებული ქონებიდან მოსარჩელისათვის კუთვნილი წილის მიკუთვნების მატერიალურსამართლებრივი საფუძველი.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ სადავო გარიგებები მოიწონა. ამას ადასტურებდა მის მიერ სარჩელის აღძვრა და საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:
14.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
14.2. მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა;
14.3. ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 11 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ იქნა ხარაგაულის რაიონის სოფელ .... მდებარე უძრავი ნივთის ½ წილის მესაკუთრედ;
14.4. ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 14 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ იქნა მცხეთის რაიონის სოფელ .... მდებარე უძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ;
14.5. ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 10 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულება ½ ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ იქნა ქალაქ ხაშურში მდებარე უძრავი ნივთის ½ წილის მესაკუთრედ;
14.6. ბათილად იქნა ცნობილი შპს-ის 50%-იანი წილის დათმობის შესახებ 2010 წლის 6 მარტის ხელშეკრულება ½ ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ იქნა შპს-ის 25%-იანი წილის მესაკუთრედ.
15. პალატის განმარტებით, როდესაც გარიგების ნამდვილობისათვის კანონით დაწესებულია ფორმა, ის ამ ფორმითვე უნდა მოიწონონ. მოსარჩელეს კი, კანონით განსაზღვრული წესით (სსკ-ის 183-ე, 323-ე მუხლებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 43.2 მუხლის საფუძველზე) სადავო გარიგებები არ მოუწონებია. სასამართლომ მიუთითა, რომ მეუღლემ, მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე, განკარგა თანასაკუთრებაში არსებული ქონება, რაც სსკ-ის 1160.1 მუხლს ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, პალატის მოსაზრებით, თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე საკუთრების განკარგვა, არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, რის გამოც, სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, დადებისთანავე ბათილ გარიგებას წარმოადგენდა.
16. სასამართლომ მეორე და მესამე მოპასუხე ქონების კეთილსინდისიერ შემძენებად არ მიიჩნია და განმარტა, რომ, რადგან ისინი მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის შვილები იყვნენ, მათთვის ცნობილი იქნებოდა, რომ უძრავი ნივთები და წილი საზოგადოებაში მეუღლეთა თანაცხოვრების დროს იყო შეძენილი. მათთვის ცნობილი იქნებოდა ისიც, რომ მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობა არსებობდა. პირი კი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ქონების გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე, კეთილსინდისიერ შემძენად ვერ მიიჩნევა (სსკ-ის 185-ე მუხლი). პალატამ მიუთითა, რომ ამავე დასაბუთებით სსკ-ის 312.2 მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა.
17. პალატამ, სსკ-ის 1160-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებთან მიმართებით პრიორიტეტი თანამესაკუთრე მეუღლის ინტერესების დაცვას მიანიჭა, სადავო გარიგებები 1/2 ნაწილში ბათილად ცნო და ამ ნაწილში სადავო ქონებათა მესაკუთრედ მოსარჩელე აღიარა.
18. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა მიერ შესაგებელში მითითებულ მოთხოვნათა ხანდაზმულობაზეც იმსჯელა და დაასკვნა, რომ არ არსებობდა ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა. სსკ-ის 129.1 მუხლით უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო მოთხოვნების მიმართ 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადაა დაწესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელით სასამართლოსათვის უნდა მიემართა მათი დადებიდან 6 წლის განმავლობაში - 2016 წლის11 მარტს, 2016 წლის 14 მაისსა და 2019 წლის 10 აპრილს, ხოლო წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით - 2015 წლის 6 მარტის ჩათვლით, მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელი აღძრულია 2013 წლის 8 ნოემბერს, ანუ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაცულია.
19. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
20. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1160-ე მუხლი, ვინაიდან ერთ-ერთი მეუღლის მიერ მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისებისათვის მეორე მეუღლის წერილობითი თანხმობის აუცილებლობაზე, სსკ-ის 323-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მეორე და მესამე მოპასუხე არაკეთილსინდისიერ შემძენებად იქნენ მიჩნეული, რადგან მათ იცოდნენ მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ. აქედან გამომდინარეობს, რომ ყველა შემძენი, რომელმაც იცის, რომ ნივთი მეუღლეებმა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეიძინეს, არაკეთილსინდისიერია, თუ იგი არ გამოითხოვს მეორე მეუღლის წერილობით თანხმობას ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით.
21. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია მოწმეთა ჩვენებები, რომელთა თანახმადაც, სადავო გარიგებები თავად მოსარჩელის სურვილით დაიდო და შესაბამისი იურიდიული შედეგიც მოჰყვა. ამ გარემოებათა საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, გარდა თავად მოსარჩელის ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებისა, კერძოდ, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში არაერთხელ აღიარა, რომ სადავო გარიგებათა შესახებ 2010 წლის ივნისში გაიგო. სააპელაციო სასამართლოში კი განმარტა, რომ 2012 წლის თებერვლამდე არაფერი იცოდა ქონებათა გასხვისების თაობაზე და მონაწილეობა მიიღო მცხეთაში მდებარე სადავო სახლის მშენებლობაში. ამდენად, მოსარჩელის განმარტებას თუ დავეყრდნობით, მან ქონებათა გასხვისებიდან ორი წლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობით მოიწონა სადავო გარიგება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია უფლებამოსილი პირის შემდგომ მოწონებად.
22. რაც შეეხება ხანდაზმულობას, წილის გასხვისების შესახებ შპს-ის პარტნიორთა გადწყვეტილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს გასცდა, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნის უფლებაზე არა ამ კანონით დადგენილი ხუთწლიანი, არამედ, სსკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს. დგინდება, რომ მოსარჩელემ გარიგებათა შესახებ 2010 წლის ივნისში შეიტყო, სარჩელი კი, 2013 წლის ნოემბერში აღძრა. შესაბამისად, მან გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის კანონით დადგენილი ვადა გაუშვა.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უარყოფილ უნდა იქნეს.
24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორების პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორადვე განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, გასაზიარებელია.
25. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მოიძია სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები, არასწორად განსაზღვრა მათი აბსტრაქტული ელემენტები და იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს ქმნის.
26. მოსარჩელე მოითხოვს იმ ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობას, რომელიც მისი და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებას წარმოადგენდა და, რომელიც ამ უკანასკნელმა, მისი თანხმობის გარეშე, მეორე და მესამე მოპასუხეზე გაასხვისა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების კანონიერად გაყოფისათვის ხელი შეეშალათ და მოსარჩელისათვის ზიანი მიეყენებინათ. მისივე განმარტებით, მოპასუხეთა შორის დადებული გარიგებები მოჩვენებითია და, შესაბამისად, ბათილია სსკ-ის 56.1 მუხლის საფუძველზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
27. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მესამე პირებზე (მეორე და მესამე კასატორზე) გასხვისებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნება, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998-ე (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
28. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი). „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება, ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს) (შდრ: იხ. №ას-332-317-2016; 09.12.2016).
29. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფით გამოიხატა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელი წარმატებული იქნებოდა, თუ მოსარჩელე სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დაამტკიცებდა, რომ: ა. სადავო ქონება მეუღლეთა თანასაკუთრება იყო; ბ. პირველმა მოპასუხემ თანასაკუთრებაში არსებული ქონება მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა, რამაც მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვა განაპირობა; გ. სადავო გარიგებები დაიდო მოსაჩვენებლად, ანუ იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს დაეკარგა თანასაკუთრების უფლება (შდრ: იხ. სუსგ, #ას-876-834-2013, 25.02.2016).
30. მეუღლეთა საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლებს სსკ-ის 1158-ე მუხლი (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან, სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი) განსაზღვრავს და მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე შემდეგია: მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ ერთმანეთთან; უნდა არსებობდეს მეუღლეთა საერთო ქონება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე 1978 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. სადავო ქონება მეუღლეთა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდშია შეძენილი, რის გამოც მოსარჩელეს სადავო ქონების 1/2 ნაწილზე კანონისმიერი საკუთრების უფლება გააჩნია.
31. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ქონება რომ ქორწინების პერიოდშია შეძენილი და მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა, მხარეთა შორის სადავო არ არის. სადავოა პირველი მოპასუხის მიერ ქონების განკარგვის უფლებამოსილება. სსკ-ის 1160.1 მუხლის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა მხოლოდ მეუღლეთა შეთანხმებითაა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამდენად, მეუღლეთა თანასაკუთრების განკარგვა თანხმობა სავალდებულო გარიგებაა, რადგან მეორე მეუღლის თანხმობა გარიგების ნამდვილობის წინაპირობაა. მოპასუხეთა შესაგებლის მიხედვით, სადავო ქონება გასხვისდა მოსარჩელის ნებითა და ურთიერთშეთანხმებით, გარდა ამისა, მან შემდგომი მოქმედებებითაც მოიწონა გარიგებები. აქედან გამომდინარე, მოპასუხეთა მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ არსებობს (არ წარმოშობილა), რამდენადაც ამ უკანასკნელის თანხმობამ, პირველი მოპასუხის ქმედება - მეუღლეთა საერთო საკუთრების განკარგვა მართლზომიერი, კანონშესაბამისი გახადა.
32. ამდენად, მოპასუხეებმა სარჩელის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს, კერძოდ, სსკ-ის 102-ე მუხლის (საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს) მიხედვით, არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული საგნის განკარგვა ნადვილია, თუკი ეს განკარგვა უფლებამოსილი პირის ნებართვით ხდება, ანდა - ეს უკანასკნელი მოიწონებს მას. მოსარჩელე უარყოფს როგორც თანხმობის გაცემის, ისე სადავო გარიგებების შემდგომში მოწონების ფაქტს, შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102.1 მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებს აწევთ.
33. მოცემულ შემთხვევაში, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ისე მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ სადავო გარიგებები მოსარჩელის თანხმობით დაიდო. მოსარჩელის განმარტების მიხედვით, მან მეუღლეს განქორწინება სთხოვა, რომელმაც ამის სანაცვლოდ მოითხოვა, რომ მოსარჩელეს ქონებაზე პრეტენზია არ განეცხადებინა და ეს ნოტარიუსთან დაემოწმებინა. მოსარჩელის განმარტებით, იგი ასეც მოიქცა („მეც დავამოწმე ნოტარიუსთან, რომ ქონებას არ შევეხებოდი და მივუტანე. აღარ ვაპირებდი ქონებაზე პრეტენზიის გაცხადებას, მაგრამ შემდეგ, როცა ქონება დამიყადაღდა გავბრაზდი და ამის შემდეგ მოდის ეს ყველაფერი“). გარდა ამისა, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმე მ.გ–ის (მოსარჩელის დისშვილი) ჩვენების მიხედვით, „მეუღლეებს შორის საუბარი იყო, რომ დედას შვილებისთვის ქონება დაეთმო“ (05.06.2014 წლის პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:35:19). ასევე, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმე ნ.გ–ის (მოსარჩელის და) განმარტებით: „მოსარჩელე თანახმა იყო, რომ ქონება შვილებისთვის გადაეფორმებინათ. მან ყველაფერი იცოდა“ (05.06.2014 წლის სხდომის ოქმი). მოწმე ს.ხ–მაც (პირველი მოპასუხის ძმა) დაადასტურა, რომ სადავო ქონება განიკარგა მოსარჩელის ნებართვით: „მოსარჩელე თანახმა იყო, აბა რა, ისე ვინ გაბედავდა ამის გაკეთებას“ (05.06.2014 წლის სხდომის ოქმი 15:52:34), „ა., შენ რა თქმა უნდა დაეთანხმე ქონების გადაფორმებას, ჩვენ სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ შევიკრებეთ. შენ ერთი წინააღმდეგობაც არ გაგიწევია“ (05.06.2014 წლის სხდომის ოქმი 15:57:59). მოწმე ლ.გ. (მეორე მოპასუხის ქმარი): „ქონების გადანაწილებაზე იყო საუბარი, მოსარჩელე მეუღლეს ეუბნებოდა, რომ ქონება შვილებზე გადაეფორმებინა“ (01.07.2014 წლის სხდომის ოქმი). მოწმე ვ.ქ. (მესამე მოპასუხის ცოლის ძმა) „მე ვესწრებოდი ოჯახის წევრების საუბარს, ა–ს სურდა, რომ ქონება შვილებზე გადაეფორმებინა“ (01.07.2014 წლის სხდომის ოქმი).
34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებები და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხულ პირთა ჩვენებები სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა, ვინაიდან მათი ერთობლივად შეფასებით ცხადად ირკვევა, რომ სადავო გარიგებების დასადებად მოსარჩელემ თავის მეუღლეს წინასწარ მისცა თანხმობა. ასეც რომ არ იყოს, პირველმა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, რომ მოსარჩელემ სადავო გარიგებები შემდეგში მოიწონა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სადავო გარიგებები ნამდვილად არ მიიჩნია, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, როგორც წინასწარ თანხმობას, ასევე გარიგების შემდგომში მოწონებას წერილობითი ფორმა სჭირდებოდა. ამ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ განმკარგავს ნებართვას ანიჭებს უფლებამოსილი პირი. ნებართვა არის უფლებამოსილი პირის მიერ გამოთქმული წინასწარი თანხმობა თანხმობასავალდებულო გარიგებასთან დაკავშირებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ნებართვას საფუძვლად უდევს მეუღლეთა საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობა. თანხმობა, სსკ-ის 99.2 (თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა) მუხლის შესაბამისად, არ საჭიროებს თანხმობასავალდებულო გარიგების ფორმას. შესაბამისად, არც უძრავი ნივთის გასხვისებასთან დაკავშირებული თანხმობის ნამდვილობისათვის არაა საჭირო სსკ-ის 323-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმა. იგივე უნდა ითქვას უფლებამოსილი პირის შემდგომ თანხმობაზეც (მოწონებაზე).
35. რაც შეეხება შესაგებელს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის განხორციელებადობა (ხანდაზმულობა), მოთხოვნის წარმოშობისა და მისი გამომრიცხველი გარემოებების შემოწმების შემდეგ უნდა იქნეს განხილული. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოთხოვნის წარმოშობის კანონით დადგენილი სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობს, პალატა მისი განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებებს, მოთხოვნის შემაფერხებელი ნორმების საფუძველზე, აღარ შეამოწმებს.
36. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
37. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
38. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 6 000 ლარი. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის, გადახდა მოპასუხეთა სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
39. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ.კ–ძის, ე.კ–ძისა და კ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას:
- ე.კ–ძის (პ/ნ ......) საკუთრებაში რიცხულ ხარაგაულის რაიონის სოფელ .... მდებარე უძრავი ქონებისა (ს/კ #....) და მცხეთაში, სოფელ .... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #.....) 1/2 ნაწილს;
- კ.კ–ძის (პ/ნ ....) საკუთრებაში რიცხულ ქ.ხაშურში, ..... მდებარე უძრავი ქონებისა (ს/კ #.....) და შპს „ს–ის“ (ს/კ #.....) საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის 1/2 ნაწილს;
5. ა.კ–ძეს, მ.კ–ძის, ე.კ–ძისა და კ.კ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს 6000.00 ლარის გადახდა მოპასუხეთა მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ასანაზღაურებლად;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი