№ას-538-511-2014
24 დეკემბერი, 2015 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებისა და დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.კ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.გ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, საჩივრის ავტორი ან აპელანტი) წინააღმდეგ ამ უკანასკნელისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლიდან მოპასუხესთან ერთად საქმიანობდა, ამონტაჟებდნენ გათბობის საქვაბეებს, მიღებულ სარგებელს კი, ინაწილებდნენ თანაბრად. საქმიანობის დაწყებიდან 5-6 თვეში ერთობლივი საქმიანობა შეწყდა, რა დროსაც მხარეებს შორის შედგა წერილობითი შეთანხმება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს, მოსარჩელისათვის 2010 წლის 27 სექტემბრის მონაცემებით გადასახდელი ჰქონდა 2753 ლარი. ვინაიდან, მოპასუხეს თანხა არ გააჩნდა, მხრეები შეთანხმდნენ სამუშაო იარაღის მოსარჩელისათვის 1300 ლარად მიყიდვის თაობაზე, რაც ამდენით შეამცირებდა დავალიანებას. მოპასუხემ შეთანხმება არ შეასრულა. 2011 წლის დეკემბერში, მოსარჩელემ მოპასუხისაგან შეიძინა გათბობის ქვაბი, რაშიც გაუქვითა ვალის თანხა და, საბოლოოდ, მოპასუხეს მისთვის გადასახდელი დარჩა 1403 ლარი.
3. მოსარჩელემ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალების ასლები გაუგზავნა კანონით დადგენილი წესით, რომელიც 2013 წლის 20 სექტემბერს ჩაჰბარდა მოპასუხის შვილს. მოპასუხეს სასამართლოში უნდა წარედგინა შესაგებელი, სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 1 403 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალების ასლები გაუგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ -ის) 70-ე-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით; აღნიშნული გზავნილი სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითიებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაითვლება ადრესატისათვის ჩაბარებულად, რაც დასტურდება მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით), 2013 წლის 20 სექტემბერს ჩაჰბარდა მოპასუხის შვილს. მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ანუ 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
4.2. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნა) და აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის, არსებობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელი დააკმაყოფილების წინაპირობა.
4.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლების საფუძვლებიდან, შესაბამისად, სარჩელში ჩამოყალიბებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.
5. მოპასუხემ საჩივარი (იხ. ს.ფ. 45-50) წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
5.1. საჩივრის ავტორის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის 2013 წლის 4 ოქტომბრის წერილობითი ინფორმაციის თანახმად, გზავნილი ჩაჰბარდა თავის შვილს, რომელიც არ არის თავისი ოჯახის წევრი, რადგან ცალკე ოჯახად ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, თუმცა ამჟამად ის სწავლობს და ცხოვრობს ქალაქ თბილისში. ოჯახში სტუმრობისას, ფოსტის თანამშრომელმა მას ჩააბარა გზავნილი, იმავე დღეს თბილისში გამგზავრების სამზადისში კი, დაავიწყდა გზავნილის გადაცემა, შესაბამისად, გზავნილის არსებობის შესახებ მან არ იცოდა და არც შესაგებლის წარდგენის ვალდებულება არ წარმოშობია.
5.2. საჩივრის ავტორის მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ შესაგებლის წარუდგენლობა არ არის საკმარისი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, მასთან ერთად აუცილებელია, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. განსახილველ საქმეში ვალის არსებობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარდგენილა.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით (იხ.ს.ფ. 71-76) , მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6.1. სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სასამართლო გზავნილი არ ჩაჰბარებია და მისი შვილი, რომელსაც ჩაჰბარდა გზავნილი არ იყო მისი ოჯახის წევრი, საჩივრის ავტორს ეკისრებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო დაკსირებული მტკიცების ტვირთის რეალიზება. საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის შვილი, მისი ოჯახის წევრი იყო და სტუდენტობა არ იყო ოჯახის წევრობის გამომრიცხველი გარემოება.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით (იხ. ს. ფ. 77-81) მოპასუხეს დაეკისრა გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის, 200 ლარის, ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, განჩინებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. აპელანტის მტკიცებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილება. მოპასუხის წინაშე 2753 ლარის, გადახდის ვალდებულება არ დასტურდება არც ხელწერილით და არც სხვა რომელიმე მტკიცებულებით. საქმიანობის შეჩერების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის განსაზღვრული წილის მიღება. ვინაიდან, შეძენილი ინსტრუმენტები მისი საქმიანობისათვის აუცილებელი იყო, აიღო ვალდებულება მოსარჩელის წილის გადახდაზე, რაც ხელწერილითაა დადასტურებული და 1300 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ვალდებულება შესრულებული აქვს, რასაც მოპასუხე უტყუარად ადასტურებს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. მოსარჩელე სარჩელში თვითონვე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მისგან შეიძინა 1900 ლარად ღირებული გათბობის ქვაბი, რაშიც გადაიხადა 550 ლარი, დანარჩენი კი (1350 ლარი), გამოაკლდა დავალიანებას. შესაბამისად, რაიმე სახის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია. პირიქით, მოსარჩელემ უნდა გადაუხადოს 50 ლარი. რაც შეეხება ცხრილში ასახულ თანხას, მისი გადახდა შეუძლებელი იყო, რადგან ეს საკითხი პარტნიორების დაშლის მომენტისათვის შეიცვალა, დღემდე არ არის შემოსული 3910 და 1600 ლარი, შესაბამისად, შემცირდა პარტნიორებისათვის გათვლილი თანხა, გაუცემელი დარჩა სახელფასო დავალიანებაც.
8.2. აპელანტის მითითებით, სარჩელი ჩაჰბარდა თავის შვილს, რომელიც მიემგზავრებოდა თბილისში და დაავიწყდა სარჩელის გადაცემა. საქმის ფაქტობრივი გარემოების შესახებ ცნობის არარასებობამ გამოიწვია შესაგებლის საპატიო მიზეზით წარუდგენლობა. სასამართლოში საქმის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარებისას.
8.3. დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მეორე მხარისათვის დაკისრების პირობას. სსსკ-ის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ასეთი ხარჯების დაკისრების პირველი პირობაა, რომ მხარე გადახდისუუნარო იყოს, სასამართლომ კი, ისე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რომ აღნიშნულ გარემოებაზე საერთოდ არ უმსჯელია.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება, საქმე შესაგებლის წარდგენის სტადიიდან განხილვისათვის დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
9.1. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 284-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა და განმარტა, რომ სასამართლო დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ სასამართლოს დადგენილება, რომლითაც მან მხარეს ამცნო იმ სამართლებრივი შედეგის შესახებ, რომელიც დადგებოდა მის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უნდა მიღებულიყო განჩინების სახით, ანუ სასამართლო ვალდებული იყო, მხოლოდ განჩინებით გაეფრთხილებინა მხარე იმ სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომელიც შესაძლოა, მოჰყვეს სასამართლო აქტის, განჩინების არადროულ და საერთოდ შეუსრულებლობას.
9.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო გზავნილი, რომლითაც მოპასუხეს განემარტა გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების) ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში შესაგებლის წარდგენის სავალდებულო ხასიათისა და, არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე, შედგენილი იყო არა სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი აქტით - განჩინებით, არამედ - სასამართლოს შესაბამისი მოხელის (რომელიც არ არის თანაშემწე) მიწერილობით. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონო იყო, რადგან საქმეში არ იყო განთავსებული სასამართლო განჩინება, რომლითაც მოპასუხე მხარე გაფრთხილდებოდა სასამართლოს მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შესაძლოდ მისაღები სამართლებრივი შედეგების თაობაზე. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევით იქნა მიღებული 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება, ასევე - 2013 წლის 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება.
10. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის განჩინება, რომლითაც გაუქმდა 2013 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება, ასევე - 2013 წლის 23 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
10.1. 2011 წლის 28 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე და 184-ე მუხლების თანახმად, კანცელარიის თანამშრომელს სრული სამართლებრივი უფლება ჰქონდა, ამ მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მხარისთვის გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მისივე ხელმოწერილი გზავნილით. კანონი, განჩინებით სარჩელისა და მასზე თანდართული საბუთების მხარისადმი გაგზავნას, რომლითაც მოპასუხე გაფრთხილდებოდა სასამართლოს მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შესაძლოდ მისაღები სამართლებრივი შედეგების თაობაზე, აღარ ითვალისწინებდა. ისეთი სამართლებრივი ნორმით, რასაც კანონი არ ითვალისწინებს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება აშკარად უკანონოა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, შესწავლისა და ანალიზის, ასევე, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესაბ განჩინების გაუქმების კანონიერების შემოწმება.
13. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 2321 მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:
ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაჰბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა;
გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შესაგებლის წარდგენის ვადა და ამ ვადის დაუცველობის შედეგებზე მოპასუხის გაფრთხილება სასამართლომ აუცილებლად თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი განჩინება საქმეში წარმოდგენილი არაა, სასამართლოს შესაბამისი მოხელე კი, არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს ასეთი მოქმედებები.
16. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ მოსაზრებას და მიუთითებს სსსკ-ის მე-200 მუხლზე, რომელიც ადგენს საქმის მომზადებაზე უფლებამოსილ პირებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მოსამართლის დავალებით საქმე სასამართლო განხილვისათვის შეიძლება მოამზადოს მოსამართლის თანაშემწემ. ამდენად, საქმის მომზადება სასამართლოს შესაბამის მოხელესაც შეუძლია მოსამართლის დავალებით. საქმის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის ჩაბარება და ამ უკანასკნელისათვის შესაგებლის წარდგენის ვადის განსაზღვრა შესაბამის შედეგებზე მითითებით. ზემოხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ამ მოქმედებათა შესრულება შეუძლია მოსამართლის თანაშემწეს. თანაშემწისათვის მოსამართლის მიერ მიცემული დავალების ფორმას კანონი არ განსაზღვრავს, შესაბამისად, მოსამართლემ შესაძლოა ზეპირადაც დაავალოს თანაშემწეს გარკვეული მოქმედებების შესრულება საქმის მომზადების მიზნით. პირველი ინსტანციის სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მოსამართლეები სწორედ ზეპირად აძლევენ დავალებებს თანაშემწეებს. ასევე, ამავე სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სწორედ მოსამართლის თანაშემწეები ან სასამართლოს შესაბამისი მოხელეები უზრუნველყოფენ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლებისა და მათ მიერ ხელმოწერილი წერილობითი გზავნილების (შესაგებლის წარდგენის ვადისა და მისი წარუდგენლობის შედეგების თაობაზე) მოპასუხისათვის ჩაბარებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შესრულებული ასეთი მოქმედებები კანონიერია, ვინაიდან იგი შეესაბამება მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დეტალურად ადგენს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის გადაცემის წესს და, თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან, თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ (სსსკ-ის 183-ე მუხლი) მოპასუხის ჯეროვან ინფორმირებას კანონმდებელი მოსარჩელეს ავალდებულებს. მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 14 დღისა, მოსარჩელეებს მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (სსსკ-ის 184.1 მუხლი). ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია, უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით (სსსკ-ის 184.3 მუხლი). აღნიშნული ვალდებულების პარალელურად საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ მოპასუხეთა ინფორმირების წესიც, რომელთაც ვერ ჰბარდებათ შეტყობინება (სარჩელი) ან მათი მისამართი უცნობია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
18. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, 2013 წლის 19 სექტემბრის აქტით დადგენილია, რომ სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, მოპასუხისათვის ჩასაბარებლად (იხ. ს.ფ. 29). საქმეში წარმოდგენილია სსსკ-ის 200.2 მუხლის შესაბამისად სასამართლო მოხელის მიერ ხელმოწერილი გზავნილიც, სადაც განსაზღვრულია შესაგებლის წარდგენის 10-დღიანი ვადა და ამომწურავადაა განმარტებული არასაპატიო მიზეზით მისი წარუდგენლობის შედეგების შესახებ (იხ. ს.ფ. 28). სწორედ ეს დოკუმენტი, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად, ჩაჰბარდა ადრესატის ოჯახის წევრს - შვილს, რაც სსსკ-ის 74.1 მუხლის მიხედვით, ადრესატისათვის ჩაბარებად მიიჩნევა (იხ. ს.ფ. 36). ამავე ნორმის მიხედვით, სასამართლო გზავნილის მიმღები (ოჯახის ქმედუნარიანი წევრი) ვალდებული იყო, ეს გზავნილი დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ აქარწყლებს გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტს, შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო, შეესრულებინა კანონით დადგენილი საპროცესო მოქმედება (შდრ: იხ. სუსგ, #ას-1199-1144-2013, 04.03.2014).
19. როგორც ზემოთ ითქვა, სსსკ-ის 2321 მუხლის მიზნებისათვის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებელი წინაპირობაა მოპასუხის ინფორმირება შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადისა და მისი არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შედეგების შესახებ. ეს პირობა, მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია სასამართლოს მიერ. ამასთანავე, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა გულისხმობს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტია და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ საფუძვლით გააუქმა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით არ იყო ინფორმირებული შესაგებლის წარდგენის ვადისა და მისი დაუცველობის სამართლებრივ შედეგებზე, შესაბამისად, სასამართლომ საერთოდ აღარ იმსჯელა აპელანტის იმ პრეტენზიებზე, რომლებიც შეეხებოდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობასა და სარჩელის იურიდიულ გაუმართაობას.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის არასათანადო ინფორმირება სააპელაციო პალატამ კანონის არასწორ განმარტებას დაუკავშირა, რის თაობაზეც სამართლიანად მიუთითა კასატორმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.კ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი