Facebook Twitter

საქმე №ას-91-91-2018

31 ივლისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო სააჩივრის ავტორი - ქ.ვ–ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - კ.ჩ.

მოწინააღმდეგე მხარეები - ე.ო., ლ.ქ., ლ.ქ. (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომლის წევრად რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის (რაიონის) ...... მცხოვრებ ცოლქმარ შ. და ფ. ქ–ბის ოჯახი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, მუშა-მოსამსახურის კომლის კატეგორიას განეკუთვნებოდა. კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი (ამჟამინდელი მდგომარეობით, ქ. ბ–ში, მ–ში, .......ქ. №.... მდებარე უძრავი ქონება; აღნიშნული უძრავი ქონება შემდეგში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება).

2. შ. ქ. 1972 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა და მისი დამნაშთი ქონების მესაკუთრე მეუღლე, ფ.ქ. გახდა. ეს უკანასკნელი 1981 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა.

3. სადავო ქონება ფ.ქ–გან მემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილმა - ა. ვ–ემ, აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში მან 2006 წელს დაირეგისტრირა.

4. ა.ვ–ძე 2007 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა. ამ უკანასკნელის სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა - ქ.ვ–ძემ (შემდეგში ასევე მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე).

5. საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია ორ დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად, რომელთაგან ერთი აღრიცხულია ა.ვ–ის, ხოლო მეორე - ე.ო–ის, ლ., ლ. (შემდეგში ასევე მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) და ე. ქ–ის საკუთრებად. ამ უკანასკნელების საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი გახდა 1980-1982 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერი, რომლითაც ისინი ფ.ქ–ას კომლში ირიცხებიან.

6. ე.ქ. (გარდაიცვალა 2014 წლის 7 ოქტომბერს) იყო შ.ქ–ას ძმისშვილი. ე.ო–ი არის ე. ქ–ას მეუღლე, ხოლო ლ. და ლ.ქ–ები ე. ქ–სა და ე.ო–ის შვილები.

7. 1958-1960 წლების საკომლო წიგნის მონაცემებით, შ.ქ–ას კომლში აღრიცხული იყო ფ. ქ. და ე.ქ. კომლს ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი 0,08 ჰა და 1928 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. ე.ქ. აღნიშნული პერიოდის შემდეგაც უწყვეტად იყო ჩაწერილი მითითებულ კომლში. 1980-1982 წლების საკომლო წიგნის მონაცემების მიხედვით, კომლში ჩაწერილები იყვნენ: ოჯახის უფროსი - ფ.ქ. (გადახაზულია მითითებით, რომ 1981 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა), ა.ვ–ძე, ასევე, ე., ე., ლ. და ლ. ქ–ები. საკომლო ჩანაწერში მითითებულია, რომ ა. ვ–ემ მემკვიდრეობით მიიღო ფ.ქ–ას საცხოვრებელი სახლი.

8. 2015 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელემ (ქ.ვ–ძემ) აღიარებითი სარჩელი აღძრა მოპასუხეების (ე.ო–ის, ლ. და ლ. ქ–ის) წინააღმდეგ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა ...... საკომლო წიგნში ფ.ქ–სა და ა. ვ–ის კომლში, კომლის წევრებად ე.ო–ის, ლ. და ლ. ქ–ის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ ე.ქ. და მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ ფ.ქ–ას კომლის წევრებს, ვინაიდან, კომლის ნამდვილ წევრებს ფ.ქ–სა და ა. ვ–ძეს არ განუცხადებიათ თანხმობა მათი კომლის წევრებად რეგისტრაციაზე.

9. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათ წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტეს, რომ ე.ქ. კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან, შ.ქ–ას სიცოცხლეშივე იყო რეგისტრირებული სადავო კომლში.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 42.1, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე და 125-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლები, ასევე, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები გამოიყენა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ვ–ძემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

11.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა დაბა ..... სასოფლო საბჭოს 2006 წლის 12 ივნისის ცნობაში მითითებული ინფორმაცია, რომ რომ სადავო სახლი ა.ვ–ძის საკუთრება იყო, ხოლო ე. ქ. 1980 წლის 15 თებერვლიდან კომლში ჩაწერილი იყო სარგებლობის უფლებით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1980 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე;

11.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა ურთიერთგამომრიცხავია, ვინაიდან, ერთი მხრივ სასამართლო უთითებს, რომ შ. და ფ. ქ–ების კომლი მუშა-მოსამსახურეთა კომლის კატეგორიას განეკუთვნებოდა, ხოლო მეორე მხრივ, მსჯელობს 1993 წლამდე საქართველოში არსებულ საკოლმეურნეო კომლების სამართლებრივ რეჟიმსა და მისგან გამომდინარე შედეგებზე. უდავოა, რომ სადავო კომლზე მუშა-მოსამსახურეთა ოჯახისათვის კანონით დადგენილი წესები ვრცელდება და შესაბამისად, სადავო ქონება ოჯახის უფროსის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა;

11.3. სადავო ქონება რომ მხოლოდ ა.ვ–ის საკუთრებას წარმოადგენდა, დასტურდებოდა ამ უკანასკნელის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობითაც;

11.4. გაურკვეველია, თუ როგორ განხორციელდა კომლში ე.ქ–ს ოჯახის წევრების ჩაწერა, მაშინ, როდესაც, ჯერ ფ. და ე. ქ–ებს შორის, ხოლო შემდეგ ა.ვ–ესა და ე.ქ–ს შორის სადავო უძრავ ქონებაზე სასამართლო დავები მიმდინარეობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამორიცხული იყო, რომ კომლის უფროსს (ფ.ქ–ს) მათი კომლის წევრებად მიღებაზე თანხმობა განეცხადებინა;

11.5. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ე.ქ–ს კომლის წევრობა უწყვეტი არ ყოფილა, კერძოდ, მისი მონაცემები არ ფიქსირდება 1978 წლიდან 1980 წლამდე საკომლო ჩანაწერებში. ე.ქ–ს კომლში ხელმეორედ ჩაწერა განხორციელდა 1980 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები და განმარტა, რომ არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, ვინაიდან, საკომლო წიგნის ჩანაწერების სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა.

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.ვ–ძემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 11).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

15. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვლინდებოდა საპროცესო სამართლის ნორმების არსებითი დარღვევა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე დატოვა ძალაში, რომ არ იმსჯელა, რამდენად დასაშვები იყო სარჩელი, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა ..... საკომლო წიგნში ფ.ქ–სა და ა.ვ–ძის კომლში, კომლის წევრად მოპასუხეებისა და ე.ქ–ს ჩანაწერის ბათილად ცნობა იყო მოთხოვნილი, რითაც დარღვეული იქნა სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები.

16. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

18. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კომლის ჩანაწერის ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო კომლის ჩანაწერის ბათილობის სამართლებრივი შედეგი - სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა მოეთხოვა. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

19. აქვე, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

22. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი).

23. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შესაბამისად, სსკ-ის 1991 მუხლის (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან) საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, რომლითაც ყადაღა დაედო ე.ო–ის, ასევე, ე., ლ. და ლ. ქ–ბის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე - ქ. ბათუმი, დაბა ....., ს/კ ....).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 257.1, 264.3, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

3. ქ.ვ–ძის სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ე.ო–ის (პ/ნ ....), ე.ქ–ს (პ/ნ .....), ლ.ქ.სა (პ/ნ .....) და ლ.ქ.ს (პ/ნ .....) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ბათუმი, დაბა ..... (ს/კ .....) გათავისუფლდეს ყადაღისაგან;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი