საქმე №ას-662-662-2018 5 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს "დ.ა.", შპს "ნ.კ." (მოპასუხეები)
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - შპს "მ."
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – განკარგულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,ნ.კ–მა’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, კრედიტის მიმცემი, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან იპოთეკარი), რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, მ.დ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კრედიტის ამღები ან მსესხებელი) 2011 წლის 22 ივნისს საკუთრებაში გადასცა 25 000 აშშ დოლარი 6 თვით, 48%-იანი წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდის პირობით. შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით კრედიტის ამღებს კრედიტი სარგებელთან ერთად 2011 წლის 22 დეკემბრამდე უნდა დაეფარა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).
2. კრედიტის დაბრუნებას უზრუნველყოფდა მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ...... მე-3 შესახვევის # 15-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს/კ ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან იპოთეკის საგანი) კრედიტორის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკა (სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლები).
3. საკრედიტო ხელშეკრულების 5.1.1 პუნქტის მიხედვით, მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დარღვეულად ჩაითვლებოდა, თუ ეს უკანასკნელი საკრედიტო ხელშეკრულებით (გადახდის გრაფიკით) განსაზღვრულ ვადაში ვერ გადაიხდიდა კრედიტის ძირითადი თანხის ნებისმიერ ნაწილს ან მასზე დარიცხულ პროცენტებს და თუ ასეთი გადაუხდელობა გაგრძელდებოდა სამ სამუშაო დღეზე მეტ ხანს (იხ. ტ.1.ს.ფ. 43).
4. იპოთეკის ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, იპოთეკარის უფლებად განისაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღსრულების იმ მეთოდის (საშუალების) არჩევა, რომელსაც ეს უკანასაკნელი მოთხოვნის უკეთ და სწრაფად დაკმაყოფილების საშუალებად მიიჩნევდა. ამავე პუნქტით იპოთეკარის უფლებად განისაზღვრა სსკ-ის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქციონისგან განსხვავებული რეალიზაციის ფორმის არჩევის უფლება. აუქციონისგან განსხვავებული ფორმა გულისხმობდა იპოთეკის საგნის სპეციალისტის მეშვეობით აუქციონზე რეალიზაციას. სპეციალისტის შერჩევაც იპოთეკარის უპირატესი უფლება იყო (იხ. ტ.1.ს.ფ. 33-40).
5. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. მან 2011 წლის 22 სექტემბრიდან შეწყვიტა სესხის გადახდა.
6. მოსარჩელეს წერილობით ეცნობა დავალიანების თაობაზე, თუმცა ამ წერილს მისი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
7. კრედიტორმა ისარგებლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით მის მიერ შერჩეულ სპეციალისტს შპს ,,დ.ა–ს’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე ან სპეციალისტი) მიმართა.
8. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით, 2011 წლის 13 და 26 დეკემბერს, ასევე, 2012 წლის 9 იანვარს საჯარო აუქციონი გაიმართა. შეტყობინება აუქციონის გამართვის თაობაზე გაეგზავნა მოსარჩელე მხარეს, ინფორმაცია ასევე გავრცელდა საჯარო შეტყობინების სახით. სპეციალისტის 2012 წლის 9 იანვრის განკარგულების შესაბამისად, საჯარო აუქციონზე გასაყიდად გატანილი უძრავი ქონება, გამარჯვებულს - კრედიტორს გადაეცა. განკარგულებაზე ასახული სპეციალისტის ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით.
9. კრედიტორმა (პირველმა მოპასუხემ) 2013 წლის 2 სექტემბერს უძრავი ქონება შპს „მ–ს“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი ან მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) მიჰყიდა.
10. 2014 წლის 10 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ, სპეციალისტის მიერ 2012 წლის 9 ივნისს ჩატარებული აუქციონის ოქმისა და განკარგულების ბათილად ცნობის, ასევე უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა. მან სესხის დასაფარად თანხა უკანასკნელად 2011 წლის 19 დეკემბერს შეიტანა, თუმცა ამ დროს კრედიტორს იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით უკვე მიმართული ჰქონდა სპეციალისტისთვის. მოპასუხეებმა იპოთეკის საგანი საჯარო აუქციონზე მიზერულ ფასად ისე გაასხვისეს, რომ აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელე ინფორმირებული არ ყოფილა.
11. პირველმა მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა განპირობებული იყო მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სისტემატური დარღვევით. ამასთან, აუქციონის ჩატარების უფლება მან სპეციალისტს კანონისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით მიანიჭა. სასარჩელო მოთხოვნა არც მეორე მოპასუხემ ცნო. მან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და აღნიშნა, რომ განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთებოდა, ვინაიდან, აუქციონი კანონის სრული დაცვით ჩატარდა. სასარჩელო მოთხოვნებს არც მესამე პირი დაეთანხმა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 286.1, 301-ე, 302-ე, 3066.1 მუხლები გამოიყენა.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
13.1. 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის საფუძველი არ იკვეთებოდა. ამასთან, აუქციონის გამართვის შესახებ შეტყობინება მოპასუხეებმა მას მიზანმიმართულად იმ მისამართზე გაუგზავნეს, რომელიც იპოთეკის ხელშეკრულებაში შეცდომით იყო მითითებული;
13.2. კრედიტორმა აუქციონზე შეძენილი ქონება მესამე პირზე გაასხვისა, რითაც კვლავ დაირღვა მოსარჩელის უფლება, ვინაიდან, ნივთის ახალმა მესაკუთრემ უძრავ ქონებაში არსებული ისეთი მოძრავი ნივთები მიითვისა, რომლებიც უზრუნველყოფის საგანი არ ყოფილა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის მოვალისთვის შეტყობინების კუთხით დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, მოსარჩელეს აუქციონის გამართვის თაობაზე შეტყობინებები გაეგზავნა ხელშეკრულებებში მითითებულ მისამართზე, ამასთან, ამ უკანასკნელს აღნიშნული საჯარო შეტყობინების გზითაც ეცნობა;
14.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალემ დაარღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი. ამასთან, პალატის დასკვნებით, მოსარჩელეს არ გააჩნდა განკარგულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი, ვინაიდან, ქონება გასხვისებული იყო მესამე პირზე და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, მას ვერ დაიბრუნებდა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნაწილში გარიგება სადავოდ არ იყო გამხდარი.
15. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 13.1).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო ხასიათის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესში კონკრეტული სამართლის ნორმების საფუძველზე ამ ურთიერთობის მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული სუბიექტური უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. სამართლის ნორმა (ნორმები) პირს უნდა ანიჭებდეს უფლებას, მოსთხოვოს ვალდებულ პირს შეასრულოს სამართლებრივად განპირობებული აუცილებელი მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან (სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო სამართალწარმოების ამოცანაა განიხილოს და გადაწყვიტოს დავა საქმე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით. მართალია, მოსარჩელე თვითონ განსაზღვრავს დავის საგანს და თვითონვე იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (დისპოზიციურობის პრინციპი, სსსკ-ის მე-3 მუხლი), მაგრამ იმ მომენტიდან, როცა საქმის წარმოების ინიცირებას მოახდენს, ის იბოჭება საპროცესო სამართლის ნორმებით დადგენილი წესებით. მან საქმის წარმოების დასაწყებად ზედმიწევნით მკაცრად უნდა დაიცვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესები (სსსკ-ის 177-ე და მომდევნო მუხლები). აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელის შინაარსი ყოველთვის უნდა აკმაყოფილებდეს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ის ვალდებულია მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მოთხოვნა ფაქტობრივი თვალსაზრისით, შესაბამისად, უნდა მიუთითოს და დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული იმ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანაძღვრები, რისი მიღწევაც მას სურს.
18.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია გასხვისებული უძრავი ნივთის, რომლის მესაკუთრეც მესამე პირია (შპს „მ.“), უკან დაბრუნება. 2012 წლის 09 ივნისის აუქციონის ოქმისა და განკარგულების ბათილობის შემთხვევაშიც კი ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, რადგანაც მოსარჩელეს მესამე პირი მოპასუხედ არ დაუსახელებია და აქედან გამომდინარე, ეს უკანასკნელი მოთხოვნაზე პასუხს ვერ აგებს. მოთხოვნის ადრესატებს (მოპასუხეებს) კი ნივთის უკან დაბრუნება არ შეუძლიათ. სსკ-ის 309-ე მუხლის დანაწესიდან (თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მონაწილეების წინაშე) გამომდინარე, აუქციონის არაჯეროვნად ჩატარების გამო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სპეციალისტს. რადგანაც მოსარჩელე მითითებული ნორმით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს არ ითხოვს (ზიანის ანაზღაურება), 2012 წლის 09 ივნისის აუქციონის ოქმისა და განკარგულების ნამდვილობის შემოწმება სამართლებრივად მნიშვნელოვანი ვერ იქნება. ამასთან, საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაშიც კი, სარჩელს არ ექნებოდა წარმატების არანაირი პერსპექტივა, სახელდობრ:
18.3.1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: გადახდის გრაფიკითა და დავალიანების დაფარვის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ კასატორმა 2011 წლის ოქტომბერში არ შეასრულა სესხის გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება. 2011 წლის 22 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების 5.1.1 პუნქტის მიხედვით კი, მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნეოდა გადახდის გრაფიკის განსაზღვრულ ვადაში კრედიტის სამ სამუშაო დღეზე მეტი ვადით გადაუხდელობა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოვალემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
18.3.2. ასევე დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მას კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შეტყობინების ბარათებზე, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ მოსარჩელეს სპეციალისტის მიერ ეგზავნებოდა აუქციონის გამართვის შესახებ ინფორმაცია, იმ მისამართზე, რომელიც მითითებული იყო, როგორც საკრედიტო ისე იპოთეკის ხელშეკრულებებში. ვინაიდან, ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა, კასატორს საჯარო შეტყობინებითაც ეცნობა თითოეული აუქციონის ჩატარების შესახებ, ერთ-ერთ გაზეთში პუბლიკაციის გზით. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია, რომ საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებში მოსარჩელის მისამართი შეცდომით მიეთითა, ვინაიდან, ზოგადად მსგავს ხელშეკრულებებში მოვალის მისამართის მითითება მოვალისვე მიწოდებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე ხდება, შესაბამისად, სწორედ კასატორი იყო ვალდებული საკრედიტო დაწესებულებისთვის სწორი მონაცემები მიეწოდებინა.
18.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა განკარგულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, უსაფუძვლო იყო და მართებულად იქნა უარყოფილი.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განამტკიცებენ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის უფლებას უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუწესოს დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. რაც განამტკიცებს ფაქტს, რომ მისთვის მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა შეუსრულებლობისათვის. ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ვალებულების შესასრულებლად ხელმეორე შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რათა ამით თავიდან იქნეს აცილებული ხელშეკრულების ანულირება. სწორედ ამიტომ, კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც ვალდებულების შესასრულებლად მოვალეს მიეცემა დამატებითი ვადა, ამ დროს კრედიტორი სარგებლობს შეზღუდული უფლებით გავიდეს ხელშეკრულებიდან, ხოლო მოვალის ინტერესები კი გარკვეულწილად დაცულია (ანალოგიურადაა საკითხი გადაწყვეტილი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 323-ე პარაგრაფით). ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრას გაუთანაბრდეს გაფრთხილება, რომლითაც კრედიტორი ავალდებულებს მოვალეს შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. გაფრთხილება ერთგვარი შეხსენებაა ვადამოსული ვალდებულების შესასრულებლად. სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არ არის საჭირო ვალდებული პირისათვის არც დამატებითი ვადის დაწესება და არც გაფრთხილება“ (შდრ. სუსგ # 1003-924-2017, 01.12.2017).
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი