საქმე №ას-832-832-2018 25 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს.ფ.ს.შ.ს. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ტ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება), გ.ტ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ს.ფ.ს.შ.ს–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიერ დაყადაღებული მისი კუთვნილი ავტომანქანის (ოპელ ვექტრა, სახელმწიფო ნომრით ..., სატრანსპორტო საშუალების ფერი - ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი - 1996, საიდენტიფიკაციო ნომერი ....., რეგისტრირებული გ. ი–ლის სახელზე), ყადაღისაგან გათავისუფლებას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის საოქმო განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 231-ე, 70-ე-78-ე, 275-ე, 276-ე და 278-ე მუხლებით.
4. 2018 წლის 27 მარტს მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, გორის რაიონულ სასამართლოში კვლავ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით იხელმძღვანელა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. პალატის დასკვნებით, აპელანტს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ 12 - დღიან ვადაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინებაზე კერძო საჩივარი არ წარუდგენია, შესაბამისად, ხელმეორედ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის საოქმო განჩინებაზე იმ მიზეზით არ წარადგინა კერძო საჩივარი, რომ აღნიშნული დამატებით დროს საჭიროებდა, შესაბამისად, სსსკ-ის 278-ე მუხლის საფუძველზე, ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივრის ხელახლა წარდგენა არჩია;
6.2. კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის # ას-943-1147-08 გადაწყვეტილებაზე მიუთითა და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსსკ-ის 278-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის ხელმეორედ, კანონით დადგენილ ვადაში წარდგენა შესაძლებელი იყო, ვინაიდან აპელანტმა აღმოფხვრა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, მართებულად დატოვა მოპასუხის მიერ ხელმეორედ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
9.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (264-ე მუხლი) და მატერიალური (266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არამარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლით ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველს: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს (შდრ. სუსგ №ას-355-337-2015, 20.07.2015).
9.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება მოპასუხეს 2018 წლის 21 მარტს ჩაჰბარდა. დადგენილია, რომ აპელანტს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით კანონით დადგენილ 12 - დღიან ვადაში არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2018 წლის 3 აპრილიდან კანონიერ ძალაშია შესული. კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას კი, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
9.4. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრება შესაძლებელია კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ ვადაში, რომლის აღდგენა ან გაგრძელება დაუშვებელია, სახელდობრ:
სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
9.5. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების მოპასუხისთვის გადაცემის მომენტიდან გასულია 14 დღეზე მეტი ვადა, შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელმეორედ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლითაც დაუშვებელია.
10. ამრიგად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს, უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ №ას-355-337-2015, 20.07.2015).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 187-ე, 372-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ფ.ს.შ.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. ს.ფ.ს.შ.ს–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი