საქმე №ას-704-704-2018 5 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.ქ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა.დ., გ.ქ. (მოპასუხეები)
მესამე პირი - კ.ს.ბ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება
ა ღ წ ერ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დ.ქ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ა.დ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე) და გ.ქ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, პირველი და მეორე მოპასუხე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სასარგებლოდ დაყადაღებული კუთვნილი მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებას, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებით, პირველი მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387.1, 229.2, 70-ე-78-ე და 216-ე მუხლებით იხელმძღვანელა და განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა არ დასტურდებოდა, შესაბამისად, პირველი მოპასუხის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
4.1. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, იგი, როგორც მეორე მოპასუხის (გ.ქ–ს) მინდობილი პირი, 2018 წლის 17 აპრილს 16:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე. აღნიშნულის შესახებ მან სააპელაციო პალატას 2018 წლის 11 აპრილს აცნობა და სსსკ-ის 216-ე მუხლის საფუძველზე, 2018 წლის 17 აპრილს დანიშნული სხდომის გადადების თაობაზე იშუამდგომლა. მიუხედავად იმისა, რომ მან შუამდგომლობას დაურთო მეორე მოპასუხის გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დაბარების უწყება და ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული მინდობილობა, სააპელაციო სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობა არ ყოფილა განპირობებული საპატიო მიზეზით;
4.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტებით (მეორე მოპასუხის სხდომაზე დაბარების უწყება, მინდობილობა) არ დასტურდებოდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელის, როგორც მინდობილი პირის გამოცხადებისა და ამ დავაში მონაწილეობის აუცილებლობის ფაქტი;
4.3. ის გარემოება, რომ პირველ მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოდან უფრო ადრე გაეგზავნა დანიშნული სხდომის შესახებ უწყება, ვიდრე გურჯაანის რაიონული სასამართლოდან, არ უნდა გამხდარიყო სხდომის გადადების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებელია. მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სსსკ-ის 393.3 და ამავე კოდექსის 216-ე და 215.3 მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, ამასთან, მოსარჩელის მიერ სხდომის გადადების თაობაზე წარდგენილ შუამდგომლობას არ ერთვოდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
8. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
9. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
10. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება, ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
12. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო, შეემოწმებინა არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. მართალია, მოცემული კატეგორიის დავაზე იურიდიული წარმომადგენლობა არ იყო სავალდებულო, მაგრამ როდესაც მხარე ითხოვდა სასამართლო პროცესის გადადებას იმ საფუძვლით, რომ მისი წარმომადგენელი ობიექტური მიზეზით ვერ დაესწრებოდა სხდომას და ეს უზღუდავდა მას დაცვის უფლებას, სასამართლოს უნდა განეხილა აღნიშნული მოთხოვნა და ეპასუხა შუამდგომლობის ავტორისათვის. „საკითხი, თუ რამდენად აუცილებელია სამართლიანი სამართალწარმოებისთვის ადვოკატის დახმარება, განხილულ უნდა იქნეს თითოეული საქმის კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე, როგორიცაა, თუ რა სამართლებრივი სიკეთე დგას სამართალწარმოებაში მომჩივნისთვის საფრთხის ქვეშ, აგრეთვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი კანონმდებლობისა და სამართალწარმოებიც კომპლექსურობა, მომჩივნის შესაძლებლობა, ეფექტურად წარადგინოს საკუთარი პოზიცია (იხ., mutatis mutandis, სტილი და მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ციტირებულია ზემოთ, §61, და ნ.ჯ.დ.ბ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (N.J.D.B. v. the United Kingdom), №76760/12, § 73, 27 ოქტომბერი 2015). ამ კონტექსტში უნდა დადგინდეს, ადვოკატის გარეშე ეფექტურად წარდგებოდა თუ არა მომჩივანი სასამართლოების წინაშე, კერძოდ, შეძლებდა თუ არა ის საქმის სათანადოდ და დამაკმაყოფილებლად წარმოდგენას (იხ., mutatis mutandis, აირი ირლანდიის წინააღმდეგ (Airey v. Ireland), 9 ოქტომბერი 1979, § 24, სერია ა №32).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველ რიგში, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მიწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ. მოწვეულად მიიჩნევა მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლომ გამოცხადებული მხარის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დატოვოს, თუ დაადგენს, რომ, აპელანტისთვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
13. სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, რომელზედაც იგი გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 აპრილს, 15:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე, აპელანტი არ გამოცხადდა. ასევე, დადგენილია, რომ იმავე წლის 11 აპრილს მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხემ განცხადებით მიმართეს სააპელაციო პალატას და საქმის გადადების თაობაზე იმ მოტივით იშუამდგომლეს, რომ 2018 წლის 17 აპრილს, 16:00 საათზე, მოსარჩელე, როგორც პირველი მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმის განხილვაში. განცხადებას შუამდგომლობის ავტორებმა დაურთეს სასამართლო უწყება მოპასუხის 2018 წლის 17 აპრილს დანიშნულ სხდომაზე მიწვევის შესახებ და ამ უკანასკნელის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული მინდობილობა.
15. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროული გამოცხადებისათვის, კერძოდ, აპელანტი სადავო პერიოდში (2018 წლის 17 აპრილს) მონაწილეობას იღებდა სხვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმის განხილვაში, შესაბამისად, ის მოკლებული იყო შესაძლებლობას იმავდროულად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულიყო, ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტმა სასამართლოს წინასწარ შეატყობინა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. ამდენად, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-853-797-2017, 28.07.2017; №ას-955-917-2014, 24.07.2015; №ას-187-179-2016, 06.05.2016).
16. ამრიგად, სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ქ–ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი