№010210015001150142
საქმე №ას-915-881-2016 12 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ- ბ- (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,დ - კომპანია” (მოპასუხე,აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქალაქ ბ-ში, აას ქუჩის №2-ში მდებარე კორპუსში №130 ბინა (შემდგომში: პირველი უძრავი ქონება) ეკუთვნის დ- ბ-ს (შემდეგში: მოსარჩელე). იმავე კორპუსში მდებარე №134 ბინა (შემდგომში: მეორე უძრავი ქონება) კი - შპს ,,დ- კომპანიას” (შემდეგში: მოპასუხე).
2. პირველი უძრავი ქონება დაზიანებულია ზემოთა სართულიდან ჩამომავალი წყლით.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 2435 ლარის გადახდის მოთხოვნით.
4. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 992-ე მუხლი.
5. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელემ 2014 წელს მოპასუხისაგან შეიძინა პირველი უძრავი ქონება, რომელიც 2015 წლის ოქტომბრიდან ზედა სართულიდან, კერძოდ, მეორე უძრავი ქონებიდან ჩამოდინებული წყალით დაზიანდა. დაზიანების აღმოფხვრას სჭირდება 2435 ლარის ღირებულების სამუშაოების ჩატარება.
6. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემწყვეტი შედავება, რომლითაც სადავო გახადა პირველ უძრავ ქონებაში წყლის კონკრეტულად მეორე უძრავი ქონებიდან ჩადინების ფაქტობრივი გარემოება. მოპასუხის შედავება იმ მიმართულებით განხორციელდა, რომ ზედა სართულზე მისი უძრავი ქონების გარდა მდებარეობს სხვა უძრავი ქონებაც, რომელთაც ჰყავთ სხვა მესაკუთრეები.
7. ბ--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 2435 ლარის გადახდა.
8. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარდგინა მოპასუხემ.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისს გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები პპ: 1-2. იმავდროულად, მიუთითა სსკ-ით განსაზღვრული დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობის - 992-ე მუხლის შემადგენლობის ნიშნებსა და მხარეთა შორის მტკიცების განაწილების ზოგად წესზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე მუხლი)) და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ პირველი უძრავი ქონების დაზიანება განპირობებულია კონკრეტულად მეორე უძრავი ქონებიდან ჩამოდინებული წყლით, ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.
11. ექსპერტიზის დასკვნა (იხ: ს.ფ.15-25), ასევე - ექსპერტის ახსნა-განმარტებითი წერილი (იხ: ს.ფ.26) კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ იქნა შეფასებული, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ დოკუმენტეში საუბარი იყო მხოლოდ ზიანის შეფასებაზე და არა მის გამომწვევ მიზეზებზე, ხოლო წერილით კი, დაზუსტებული იყო, რომ წყალი ჩამოსულია ,,ზემოთა მეზობლის გადახურვის ფილიდან”, ისე, რომ არ არის მითითებული ,,ზემოთა მეზობლის” ვინაობა.
12.. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
13. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ საქმის სააპელაციო ინსტანციით განმხილველი სასამართლოს შემადგენლობამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ პირველი უძრავი ქონების დაზიანებები არ იყო გამოწვეული კონკრეტულად მეორე უძრავი ქონებიდან ჩამოდინებული წყლით. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა შეიცავდა დასკვნას მხოლოდ ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯებზე, ხოლო ექსპერტის განმარტებით კი, არ ირკვეოდა თუ ვინ იყო პირველი უძრავი ქონების ზედა სართულზე განლაგებული უძრავი ქონების მესაკუთრე. შესაბამისად, არ დგინდებოდა წყლის ნამდვილად მეორე უძრავი ქონებიდან ჩამოსვლის ფაქტი და იყო თუ არა ვალდებული მოპასუხე აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ამგვარი დასაბუთება ყოველგვარ ლოგიკურ დასაბუთებასაა მოკლებული, იმ ვითარებაში, როდესაც სადავო არ არის, რომ პირველი უძრავი ქონების ზემოთ განლაგებულია მეორე უძრავი ქონება (მესაკუთრე მოპასუხე). ამ მიმართებით, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ მოპასუხის შედავებაზე მითითებით შემოიფარგლა და სარჩელის ფაქტობრივი გარემოება იმით გააქარწყლა, რომ პირველი უძრავი ქონების ზემოთა სართულზე მეორე უძრავი ქონების გარდა განლაგებულია სხვა უძრავი ქონებაც, რომელთაც ჰყავთ სხვა მესაკუთრეები.
14. კასატორი არ ეთანხმება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასაც და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მოპასუხის დელიქტური ვალდებულების არსებობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება (იხ: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 30 სექტემბრის №005829215 დასკვნა - ს.ფ.15-25; იმავე ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2015 წლის 12 ოქტომბრის №5005227715 წერილი - ს.ფ.26), რომლის საწინააღმდეგო გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა.
15. იმავდროულად, როდესაც უტყუარადაა დადგენილი ზიანის მიყენების ფაქტი, წარმოდგენილია მტკიცებულებები (იხ, წინამდებარე განჩინების პ: 14) იმის თაობაზე, რომ წყალი ზემოთა სართულიდან ჩამოდის და დაზიანება წყლის ჩამოდინების შედეგია, ხოლო სასამართლო იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ გარდა პირველი უძრავი ქონებისა,ზედა სართულზე განლაგებულია სხვა უძრავი ქონებაც, ხოლო ექსპერტის განმარტებაში არ არის დაკონკრეტებული მოპასუხის საკუთრებაშია თუ არა იგი, სასამართლომ უნდა გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული პროცესუალური უფლება ადგილზე დათვალიერების ან ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
17. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნა 2435 ლარის მოპასუხის მიერ ანაზღაურების შესახებ სარჩელის იმ ფაქტობრივ გარემოებას ეფუძნება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა დაზიანდა ზემოთა სართულზე განლაგებული, მოპასუხის კუთვნილი, უძრავი ქონებიდან ჩამოდინებული წყლის ზემოქმედების შედეგად.
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის წარმატებულობა უნდა შემოწმდეს სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ ყველა წანამძღვართან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნისა და მისივე ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერებით ირკვევა, რომ მხარეები დაობენ ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულების არსებობაზე. აღნიშნული კი, თავისი შინაარსით მიეკუთვნება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას, უფრო კონკრეტულად კი, დელიქტურ სამართალურთიერთობას (სსკ-ის 992-ე მუხლი).
20. სსკ-ის 992-ე მუხლის მიზნებისათვის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირი სწორედ მაშინაა, როდესაც იგი სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს. ამგვარი ვალდებულების არსებობის დადგენისათვის კი, უწინარესად, უნდა დასტურდებოდეს: ა) მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; ბ) დამდგარი ზიანი; გ) მიზეზშედეგობრივი კავშირი „ა)“ და „ბ)“ პუნქტებს შორის და დ) ბრალი.
21. მოცემულ საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაზიანებულია ზემოთა სართულიდან ჩამომავალი წყლით. იმავდროულად, დადგენილია, რომ პირველი უძრავი ქონების ზემოთა სართულზე განლაგებულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (წინამდებარე განჩინების პპ: 1-2). მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1. ს.ფ. 17), რა დროსაც, ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვა: „დაადგინეთ წყლის ჩამოსვლის მიზეზი (ადგილი) და წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანებული მოპირკეთებითი სამუშაოების აღდგენის ღირებულება“. დასკვნის თანახმად: „ ...ბინაში წყლის ჩამოსვლის გამო, ზიანის აღსადაგენად შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება დღგ-ს და სხვა დანახარჯების გათვალისწინებით შეადგენს 2435,8 ლარს“. ექსპერტმა გამოიკვლია მხოლოდ პირველი უძრავი ქონებაში არსებული ობიექტები იმგვარად, რომ ზემოთა სართულზე მდებარე უძრავი ქონება საიდანაც შესაძლოა ჩამოედინებოდეს წყალი ვერ იქნა შესწავლილი და დათვალიერებული, რადგან ამისათვის საჭირო იყო უზრუნველყოფილი დაშვება ზემოთა მეზობლის საცხოვრებელ სახლში და მომხდარიყო წყლის მილების გაშიშვლება და ზუსტი მიზეზების დადგენა (იხ. ს.ფ. 26). სარჩელის ფაქტობრივი გარემოების მიხედვითაც (ფაქტობრივი გარემოება N3) ირკვევა, რომ ექსპერტი ვერ შევიდა ზემოთა სართულზე განლაგებულ ბინაში იმ მიზეზით, რომ მეორე უძრავ ქონებაში მცხოვრებმა დამქირავებლებმა ექსპერტი ბინაში არ შეუშვეს.
22. მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემწყვეტი შედავება იმ კუთხით წარმოადგინა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის დაკონკრეტებული დაზიანება განპირობებულია მეორე უძრავი ქონებიდან ჩამოდინებული წყლის ზემოქმედების შედეგად თუ არა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთა სართულზე განლაგებულია სხვა მესაკუთრეთა უძრავი ქონებაც, მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს (იხ., მოპასუხის შესაგებელი).
23. ამ მოცემულობის პირობებში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, როგორც დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობა სახეზეა მაშინ, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. იმავდროულად, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის როგორც მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო სამართლებრივი შედეგი.
24. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლი) იმგვარად იქნა განაწილებული, რომ მოსარჩელეს დაეკისრა 992-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წანამძღვრების არსებობის დადასტურების ტვირთი, რაც მართებულიცაა, თუმცა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ მხარეთა პროცესუალური სტატუსის გათვალისწინებით მათთვის მტკიცების გადაულახავი სტანდარტის დაწესება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმატიული ნებით ნაკარნახევი არ არის.
25. იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დაზიანებულია ზემოთა სართულიდან ჩამოდინებული წყლის ნაკადის შედეგად (ექსპერტიზის დასკვნა), თუმცა პასუხს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა წყლის ნაკადი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებიდან ჩამოდინებული, ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს, რადგან, როგორც ექსპერტი აღნიშნავს ამისათვის საჭიროა უზრუნველყოფილი იქნეს დაშვება ზემოთა მეზობლის საცხოვრებელ სახლში (წინამდებარე განჩინების პ: 21), სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირისა და მაშასადამე, სკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი წანამძღვრის არსებობის მტკიცების ვალდებულება მოსარჩელემ ვერ შეასრულა, მიზანშეუწონელია.
26. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს სწორედ, ის შემთხვევაა, როდესაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია საექსპერტო კვლევის არსებობა და მხოლოდ ამის შემდეგ, სარჩელის წარმატებულობისა თუ, პირიქით, წარუმატებლობის შესახებ საკითხის გადაწყვეტა (სსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
27. აქვე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ექსპერტის ახსნა-განმარტებაში მითითებული პოზიცია მოპასუხის უძრავი ქონების დათვალიერების აუცილებლობის შესახებ, რომლის შესაძლო შედეგებს რეგულირება მოცემულია სსსკ-ის 169-ე მუხლის ნორმატიულ დანაწესში და რომელიც საბოლოოდ, აისახება მტკიცების ტვირთის ტრასფორმირებაში (სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილი).
28. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, თავის მხრივ, სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით კანონმდებელი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
29. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, მართლაც გამოწვეულია თუ არა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ურავი ქონებიდან ჩამოდინებული წყლის ნაკადის შედეგად და მხოლოდ ამის შემდეგ, იმსჯელოს მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 დ- ბ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2 გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე