Facebook Twitter

7 სექტემბერი, 2018 წელი

თბილისი

საქმე №ა-3772-შ-93-2018

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ტ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ი.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - თურქეთის რესპუბლიკის თურპალის სამოქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება №2009/590 ძირითადი №2009/311

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თურქეთის რესპუბლიკის თურპალის სამოქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის №2009/590 გადაწყვეტილებით მეუღლეთა ს.ტ–სა და დ.ი–ს შორის 2008 წლის 11 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. ს.ტ–ძემ 2018 წლის 3 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის თურპალის სამოქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის №2009/590 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ს.ტ–ძეს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა თურქეთის რესპუბლიკის თურპალის სამოქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის №2009/590 გადაწყვეტილების ამავე სასამართლოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ასლი და ამავე გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ს.ტ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის თურპალის სამოქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის №2009/590 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

5. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.ტ–ძემ და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის თურპალის სამოქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის №2009/590 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალა წარმოედგინა თურქეთის რესპუბლიკის თურპალის სამოქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის №2009/590 გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აგვისტოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ს.ტ–ძეს იმავე დღეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით.

8. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 4 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 13 აგვისტოს.

9. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.

11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

12. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს.ტ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის თურპალის სამოქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის №2009/590 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, სსსკ-ის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ტ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის თურპალის სამოქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 ივლისის №2009/590 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა