საქმე №ას-1066-986-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. რ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. რ. რ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ს-ის ქ#34-ში მდებარე მოსარჩელისა და ნ. კ-ის თანასაკუთრებად რეგისტრირებული #01.01.14.028.078 უძრავი ქონებიდან მოსარჩელის კუთვნილი 1/8-ის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ქონების მესაკუთრისათვის გადაცემის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უმკვიდროდ იქნა ცნობილი ქ.თბილისში, ს-ის ქ#34-ში მდებარე, ნ. ბ-ოს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, საიდანაც 7/8 ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცა ი. ბ-ს, ხოლო 1/8 _ თ. ა-ს. საცხოვრებელი სახლის ორივე წილი ერთ მისამართზე მდებარეობს, თუმცა, გამიჯნულია ერთმანეთისაგან და წარმოადგენს დამოუკიდებელ საცხოვრებელ სადგომებს. მოსარჩელე მშობლებთან: თ. ა-თან, რ. რ-თან და დასთან _ ლ. რ-თან ერთად იზრდებოდა ხსენებულ სახლში, მათთან ერთად იზრდებოდა მოსარჩელის დეიდაშვილი _ მოპასუხეც, რომლის მშობლებიც ერთმანეთს დაშორდნენ ოცი წლის წინ და განმეორებით შექმნეს სხვა ოჯახები, შესაბამისად, მოპასუხე დარჩა მარტო და შეიფარა მოსარჩელის ოჯახმა. 2008 წელს თ. ა-მა მიიღო 95,30 კვ.მ ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ს.ც-ის #49-ში და მოსარჩელის ოჯახი 2009 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამ მისამართზე. თ. ა-ა გარდაიცვალა 2015 წლის 15 ნოემბერს და მისი სამკვიდრო მიიღეს შვილებმა: მოსარჩელემ და მისმა დამ. დღეისათვის მოპასუხის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. იმ საფუძვლით, რომ ც-ის ქუჩაზე მდებარე სახლში მოსარჩელის ოჯახი ვერ ეტევა, მოსთხოვა მოპასუხეს ბინის გათავისუფლება, თუმცა, მოპასუხე უარს აცხადებს ქონების ნებაყოფლობით გათავისუფლებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია (სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს პირადად ჩაბარდა 16.06.2016წ. სასამართლოს მიერ განსაზღვრული შესაგებლის წარდგენის 10-დღიანი ვადის დენა სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, დაიწყო 17.06.2016წ. და ამავე კოდექსის 61.2 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 27.06.2016წ. შესაგებელი მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა 30.06.2016წ. და სარჩელის წინააღმდეგ აღნიშნა მხოლოდ ის, რომ არ ეთანხმებოდა მოყვანილ ფაქტებს და მოსარჩელის საკუთრების უფლება არასწორადაა რეგისტრირებული, რის თაობაზეც სამომავლოდ უნდა აღძრას სარჩელი).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს გადაეცა სადავო უძრავი ქონება;
3.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერება (წინამდებარე საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობას სწორედ სსსკ-ის 391-ე (5) მუხლის „ე“ ქვეპუნქტი წარმოადგენს, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობაც მიმართული იქნება სამართლის ნორმის შესაძლო დარღვევის კვლევისა და დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე ამ დარღვევის გავლენის არსებითობის კუთხით). დასმული საკითხის შესწავლის მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის, როგორც პროცესუალურ, ისე _ მატერიალურ-სამართლებრივ საკითხებზე. ამავდროულად პალატა განმარტავს, რომ ქვემდგომ სასამართლოთა მსჯელობა შეფასებული იქნება საკასაციო პრეტენზიების ფარგლებში (სსსკ-ის 404-ე (1) მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).
1.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ:
1.2.1. რ. რ-მა სარჩელი აღძრა ი. გ-ის მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია შემდეგი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები:
ა) ქ.თბილისში, ს-ის ქ#34-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის 1/8 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე, რომელიც მან დედისაგან მემკვიდრეობით მიიღო. საცხოვრებელი სადგომი წარმოადგენს საზიარო საგანს, თუმცა, ფაქტობრივად გამიჯნულია, რადგანაც ერთ მისამართზე მდებარე ორი დამოუკიდებელი ნაგებობისაგან შედგება;
ბ) მოპასუხე სადავო ქონების იმდროინდელი მესაკუთრის ნებით იზრდებოდა სადავო სახლში;
გ) მესაკუთრემ მფლობელს წარუდგინა პრეტენზია მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა, მოპასუხე ნებოყოფლობით არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს.
1.2.2. უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად, 2016 წლის 16 ივნისს მოპასუხეს პირადად ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე, სასამართლოს მოხელის შესაბამისი აქტი, რომლითაც შესაგებლის წარდგენის ვადა განსაზღვრულია 10 (ათი) დღით, ასევე, განმარტებულია ამ ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში გამოსაყენებელი საპროცესო ღონისძიების თაობაზე;
1.2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 (2) და 61-ე (2) მუხლების თანახმად, შესაგებლის წარდგენის 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 17 ივნისს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, იგი ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, ორშაბათს _ 2016 წლის 27 ივნისს. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა 2016 წლის 30 ივნისს (სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება). საქმეში არ მოიპოვება რაიმე შუამდგომლობა და არც შესაგებელი შეიცავს მითითებას დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენის/საპატიოდ მიჩნევის თაობაზე.
1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ-პროცესუალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას (სასამართლო პრაქტიკით დადგენილია, რომ ქვეყანაში დამკვიდრებული მართლწესრიგის სტაბილურობიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით იმგვარი ფაქტების დადგენისათვის, როგორიცაა, მაგ: რეგისტრაციაუნარიანი უფლებები, ასევე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და სხვა, ყურადღება ექცევა მხოლოდ ამგვარი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების საქმეში არსებობას. ამ თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს უძრავ ნივთზე და საქმეში მოიპოვება საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც მისი საკუთრების უფლება დავის საგანზე რეგისტრირებულია და ამ ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, თანახმად სკ-ის 312-ე მუხლისა). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
1.4. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, რამეთუ განსახილველი სარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) წარმოადგენენ, რომელთა წინაპირობებს აკმაყოფილებს სარჩელში მითითებული გარემოებები (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.1. პუნქტი).
1.5. პალატა დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობებს ამომწურავად განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომელიც მითითებითი ნორმაა (სსსკ-ის 233-ე მუხლი) და თავად ადგენს მხოლოდ ერთ საფუძველს _ საპატიო მიზეზის არსებობას, რომელიც, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 215-ე (3) მუხლის დისპოზიციაშია გადმოცემული (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე), საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ შესაგებლის შეუტანლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ მოპასუხე დაასაბუთებს, რომ: ა) არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. უდავოა, რომ მოპასუხეს მითითებულთაგან არც ერთ გარემოებაზე არ მიუთითებია და არ წარუდგენია მტკიცებულებები, საჩივარში აღნიშნულია ის, რომ მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის საკუთრების უფლებას და ამ თვალსაზრისით მის დედას აქვს სარჩელი აღძრული, გარდა ამისა, მოპასუხე მიიჩნევს, რომ თუნდაც საპროცესო ვადის დარღვევით შესაგებლის წარდგენა ადასტურებს დავის მიმართ მოპასუხის ინტერესს და ამ საფუძვლით უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი დაგაწყვეტილება. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობების არსებობა და უარყოფს ამ კუთხით კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას, ისევე, როგორც მის მითითებას არასრულწლოვანი შვილისა და ფეხმძიმე მეუღლის უფლებებზე. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, კასატორი საკუთარი არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელია და მას, როგორც კანონიერ წარმომადგენელს, ევალებოდა შვილის ინტერესების ჯეროვანი დაცვა. გაურკვეველია კასატორის პრეტენზია სასამართლოს მხრიდან მოთხოვნის ტრანსფორმირების თაობაზეც, რადგანაც, განსახილველი დავის საგანს უძრავი ნივთის ვინდიცირება წარმოადგენს და სარჩელიც ამ ფარგლებშია დაკმაყოფილებული, სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა არ დასტურდება (სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა). რაც შეეხება კასატორის მესამე არგუმენტს მოთხოვნის იურიდიული გაუმართლებლობის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ პრეტენზიის შესწავლისას, იგი შებოჭილია კასატორის მოთითებით (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.1. პუნქტი), შესაბამისად, ამ პრეტენზიას აფასებს მხოლოდ იმ კონტექსტში, დადგენილად მიჩნეული გარემოებები ხომ არ შეიძლება, შეფასდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ კანონით განსაზღვრულ მართლზომიერი სარგებლობის უფლებად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული არცერთი ფაქტი ხსენებული კანონის არც მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და არც ადრე მოქმედი რედაქციის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წინაპირობებზე არ მიანიშნებს, სხვა მხრივ, კასატორი არ შედავებია სარჩელში გადმოცემულ იმ ფაქტს, რომ მოპასუხე ქონების თავდაპირველ მესაკუთრეთა თანხმობით ფლობდა ნივთს. მესაკუთრე განმარტავს, რომ მან პრეტენზია წაუყენა მფლობელს მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პრეტენზიის წარდგენის მომენტიდან კასატორი მიიჩნევა ნივთის უკანონო მფლობელად სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის (ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას) თანახმად.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. სასამართლო ხარჯები:
რადგანაც წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორის მოთხოვნა, ამასთან, იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, პროცესის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო (თანახმად სსსკ-ის 55-ე მუხლისა).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი