საქმე №ა-3529-შ-91-2017 15 ნოემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი. ქ-ი
დაინტერესებული პირი – ა. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ქ.ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის, ქ.ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქალბატონმა ა. ა-მა შვილად აიყვანა ი. ქ-ი, შვილად აყვანილმა მიიღო გვარი ფ-ი, რომელსაც დაემატა მისი წინანდელი გვარი და განისაზღვრა „ფ-ქ-ით“.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ქ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით (ქ.დრეზდენის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ოფიციალურად ნებადართული და ნაფიცი თარჯიმანის მიერ დამოწმებული) დასტურდება, რომ:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;
ბ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;
გ) შვილება ეყრდნობა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს სრულწლოვანი პირის შვილად აყვანის თაობაზე;
დ) საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შვილად აყვანილი პირი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და იგი საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა დაინტერესებულ პირს, რომელსაც რაიმე განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი. ქ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გერმანიის, ქ.ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქალბატონმა ა. ა-მა შვილად აიყვანა ბატონი ი. ქ-ი, შვილად აყვანილმა მიიღო გვარი ფ-ი, რომელსაც დაემატა მისი წინანდელი გვარი და განისაზღვრა „ფ-ქ-ით“.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. ქ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით (ქ.დრეზდენის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ოფიციალურად ნებადართული და ნაფიცი თარჯიმანის მიერ დამოწმებული) დასტურდება, რომ:
ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;
ბ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;
გ) შვილება ეყრდნობა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს სრულწლოვანი პირის შვილად აყვანის თაობაზე;
დ) საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შვილად აყვანილი პირი საქართველოს მოქალაქეა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (მშვილებელი და შვილად ასაყვანი 2010 წლიდან ცხოვრობენ ერთად; მათ შორის დამყარებულია ძლიერი სულიერი ურთიერთკავშირი, როგორც ეს წესისამებრ არსებობს მშობლებსა და შვილებს შორის, მშვილებელი ხელს უწყობს შვილად ასაყვანს სწავლაში, გარდაცვლილი ჰყავს ბიოლოგიური შვილი და ი.ქ-ს მიიჩნევს „ვაჟიშვილის მაგიერ“ შვილად, ამ უკანასკნელს აქვს მჭიდრო ურთიერთობა შვილად ამყვანთან, როგორც ბიოლოგიურ დედასთან, მან ჰპოვა მასში პიროვნება, რომელიც უსმენს, პასუხობს და გაგებით ეკიდება მას), სრულად შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია) განსაზღვრულ სრულწლოვანი პირის შვილად აყვანის წინაპირობებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ.ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გადაწყდა, რომ ქალბატონმა ა. ა-იმ შვილად აიყვანა ბატონი ი. ქ-ი, შვილად აყვანილმა მიიღო გვარი ფ-ი, რომელსაც დაემატა მისი წინანდელი გვარი და განისაზღვრა „ფ-ქ-ით“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ქ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ქ.ესენის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ ქალბატონმა ა. ა-იმ შვილად აიყვანა ბატონი ი. ქ-ი, შვილად აყვანილმა მიიღო გვარი ფ-ი, რომელსაც დაემატა მისი წინანდელი გვარი და განისაზღვრა „ფ-ქ-ით“.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი