საქმე №ა-2458-შ-66-2017 30 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ შპს „Cg“
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ვ-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს _ ჩინეთის სავაჭრო არბიტრაჟის 2016 წლის 17 ოქტომბრის #1216 გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ნასყიდობის საფასურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჩინეთის სავაჭრო არბიტრაჟის 2016 წლის 17 ოქტომბრის #1216 გადაწყვეტილებით შპს „Cg-ის“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ვ-ს“ შპს „Cg-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საქონლის დარჩენილი ღირებულების, გაგზავნისა და დაზღვევის ხარჯის _ 112 880 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი გადასახადის _ RMB 38 717 იუანის გადახდა, იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „Cg-მა“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) 2013 წლის 8 ნოემბერს დადებული იმპორტ-ექსპორტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის მეგობრული მოლაპარაკებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სადავო საქმე გადაეცემოდა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს საზღვარგარეთის სავაჭრო საარბიტრაჟო კომისიას, წარმოების პირობების წესების შესაბამისად. ამ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება საბოლოოდ და სავალდებულო ძალის მქონედ ორივე მხარისათვის;
ბ) თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე (საქართველოში რეგიტრირებული იურიდიული პირი) ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, მას ჩაბარდა საარბიტრაჟო პრეტენზია და საქმის მასალები, თუმცა, არც საარბიტრაჟო განხილვას დასწრებია და არც შეპასუხება წარუდგენია;
გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა;
დ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „ვ-ი“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. ხსენებული განჩინება, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და ჩაბარდა კომპანიის დირექტორს, რომელსაც არც განსაზღვრულ ვადაში და არც მოგვიანებით სასამართლოსათვის რაიმე წერილობითი განცხადებით არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „Cg-ის“ შუამდგომლობა ჩინეთის სავაჭრო არბიტრაჟის 2016 წლის 17 ოქტომბრის #1216 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეებს. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება საქართველოს უზენაესი სასამართლო (სასამართლოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ანალოგიურ დანაწესს ადგენს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 711 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35622 მუხლი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტი ადგენს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ (იხ. ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35620 და 35621 (1) მუხლები).
1.2. საკასაციო სასაკართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობა აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
ა) 2013 წლის 8 ნოემბერს დადებული იმპორტ-ექსპორტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის მეგობრული მოლაპარაკებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სადავო საქმე გადაეცემოდა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს საზღვარგარეთის სავაჭრო საარბიტრაჟო კომისიას, წარმოების პირობების წესების შესაბამისად. ამ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება საბოლოოდ და სავალდებულო ძალის მქონედ ორივე მხარისათვის;
ბ) თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე (საქართველოში რეგიტრირებული იურიდიული პირი) ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, მას ჩაბარდა საარბიტრაჟო პრეტენზია და საქმის მასალები, თუმცა, არც საარბიტრაჟო განხილვას დასწრებია და არც შეპასუხება წარუდგენია;
გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა;
დ) სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, შპს „ვ-ი“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
1.3. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება, უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
1.3.1. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილ ქონებრივ დავაზე უცხო ქვეყნის არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და არ იკვეთება შუამდგომლობის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა, გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარეს, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირსაც ჩაბარდა საქმის მასალები (იხ. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი), არ მოუმართავს სასამართლოსათვის და არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზი პალატას მიიყვანდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობები, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ შპს „Cg“ შუამდგომლობა ჩინეთის სავაჭრო არბიტრაჟის 2016 წლის 17 ოქტომბრის #1216 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ აკმაყოფილებს, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე _ „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-4, მე-5 მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
1.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35622 მუხლისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის ანალიზის შედეგად პალატა ადგენს, რომ წინამდებარე განჩინების აღსრულების მიზნით უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
2. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაკმაყოფილდა შპს „Cg“ შუამდგომლობა ჩინეთის სავაჭრო არბიტრაჟის 2016 წლის 17 ოქტომბრის #1216 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შპს „ვ-ს“ შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ბაჟის _ 150 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 35612, 35613, 35620, 35622 მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლით, „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-4, მე-5 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „Cg“ შუამდგომლობა ჩინეთის სავაჭრო არბიტრაჟის 2016 წლის 17 ოქტომბრის #1216 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექვეს აღსასრულებლად ჩინეთის სავაჭრო არბიტრაჟის 2016 წლის 17 ოქტომბრის #1216 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „Cg-ს“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ვ-ს“ შპს „Cunan Qiandaohu Xunlog-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საქონლის დარჩენილი ღირებულების, გაგზავნისა და დაზღვევის ხარჯის _ 112 880 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი გადასახადის _ RMB 38 717 იუანის გადახდა.
3. შპს „ვ-ს“ შპს „Cg-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ჩინეთის სავაჭრო არბიტრაჟის 2016 წლის 17 ოქტომბრის #1216 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შუამდგომლობის გამო გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება.
4. წინამდებარე განჩინებაზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი