Facebook Twitter

საქმე №ა-1767-შ-45-2017 27 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - რ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ხ-ი

განაჩენი (გადაწყვეტილება), რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – საფრანგეთის ქ.მეცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საფრანგეთის, ქ.მეცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განაჩენით საქართველოში, ქ.თბილისში 2003 წლის 1 აგვისტოს რ. ა-სა და ე. ხ--ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა განქორწინებით, ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა შვილებთან ურთიერთობისა და მათზე მატერიალური ზრუნვის პირობები.

2. რ. ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა განქორწინების ნაწილში საფრანგეთის, ქ.მეცის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული განაჩენის, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობას იღებდნენ საქმის განხილვაში;

ბ) წარმოდგენილი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში 2012 წლის 6 იანვარს;

გ) მხარეები საქართველოს მოქალაქეები არიან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე. შუამდგომლობა თანდართული მასალებით, ასევე, საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე წერილობითი პრეტენზია ან მოსაზრება საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ რ. ა-ის შუამდგომლობა მეუღლეთა განქორწინების ნაწილში საფრანგეთის, ქ.მეცის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საფრანგეთის ქ.მეცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განაჩენით საქართველოში, ქ.თბილისში, 2003 წლის 1 აგვისტოს რ. ა-სა და ე. ხ--ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა განქორწინებით, ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა შვილებთან ურთიერთობისა და მათზე მატერიალური ზრუნვის პირობები.

2. რ. ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა განქორწინების ნაწილში საფრანგეთის, ქ.მეცის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული განაჩენის, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

ა) მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობას იღებდნენ საქმის განხილვაში;

ბ) წარმოდგენილი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში 2012 წლის 6 იანვარს;

გ) მხარეები საქართველოს მოქალაქეები არიან.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, მეუღლეთა განქორწინების ნაწილში საფრანგეთის, ქ.მეცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ა-ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში საფრანგეთის ქ.მეცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის ქ.მეცის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოში, ქ.თბილისში 2003 წლის 1 აგვისტოს რ. ა-სა და ე. ხ--ს შორის შემდგარი ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი