საქმე №ას-1045-965-2017 16 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზ. ძლიერიშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი – მ. ბ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ გ. ღ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ს-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ მ. მ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, სასაზღვრო მიჯნის დემონტაჟი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ზ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, კანონმდებლობის ფარგლებში მოახდინოს სასაზღვრო მიჯნაზე მის მიერ აღმართული კედლის დემონტაჟი 2.2 მეტრის ფარგლებში, რათა აღიკვეთოს ზ. ს-ის ოჯახის მიმართ უკანონო ხელშეშლა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები არიან მეზობლები. მ. ბ-ემ 2015 წლის ნოემბრის დასაწყისში ზ. ს-ის სახლის მიჯნის საზღვარზე უნებართვოდ ააშენა ბეტონის კედელი. მშენებლობა არც მოსარჩელსთან ყოფილა შეთანხმებული. კედლის დაშორება მოსარჩელის სახლის კედლიდან შეადგენს მხოლოდ 30 სანტიმეტრს, სიგრძით არის 15 მეტრი და გასდევს სახლს, ხოლო სიმაღლით არის 7 მეტრი. კედლის არსებობა ხელს უშლის მოსარჩელის ოჯახს ნორმალურ ყოფა-ცხოვრებაში, სახლის პირველ და მეორე სართულის ფანჯრებში სინათლე ფაქტობრივად არ შედის, ჰაერი ვერ მოძრაობს სახლსა და უნებართოდ აშენებულ კედელს შორის. 2015 წლის 19 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა აღნიშნული კედლის დემონტაჟი, შესაბამისმა სამსახურმა შეამოწმა მ.ბ-ის მიერ აშენებული კედელი და უნებართვო მშენებლობისათვის დააჯარიმა იგი 200 ლარით. ზ.ს-ის მეუღლის განცხადებაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 18 დეკემბერს გაგზავნილ მიმართვაში აღნიშნა, რომ კანონით განსაზღვრულ ორთვიან ვადაში თუ მ.ბ-ე ვერ წარადგენდა ნებართვას, მოხდებოდა აღნიშნული კედელის 2,20 სმ-ზე დაწევა ან მისი მთლიანი დემონტაჟი. მიუხედავად ამისა მოპასუხის მხრიდან არანაირი რეაგირება არ განხორციელებულა. 2016 წლის 10 მარტს მოსარჩელე მხარემ კვლავ მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტა. 2016 წლის 15 მარტს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებულ იქნა #06/1399 წერილი, რომლის თანახმადაც მ. ბ-ემ განახორციელა საკადასტრო საზღვარს გაცელილი გზის მხარეს ღობის სრული დემონტაჟი და მის საკუთრებაში არსებული ღობის 3,80 სმ-ის დაწევა 2,2 სმ-მდე. წერილთან ერთად გაგზავნილი იქნა 2 ფოტოსურათი, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ კედლის დაწევა მოხდა მხოლოდ ნაწილობრივ. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მ. ბ-ე აღნიშნულ კედელზე აპირებდა შენობის დაშენებას, რისთვისაც საკუთარი ინიციატივით დანიშნა ექსპერტიზა. 2016 წლის 13 აპრილს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასაზღვრო ღობის კედელის არსებობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს არ შეესაბამება, ასევე დაუშვებელია ნებისმიერი მშენებლობა არსებულ კედელზე. როგორც მოსარჩელისთვის გახდა ცნობილი, მოპასუხეს აქვს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და პროექტი, სადაც მშენებლობის ობიექტად მინიშნებულია „დამხმარე შენობის რეკონსტრუქცია“. პროექტის თანახმად, გაირკვა რომ დაშენების ობიექტი არის სადავო კედელი. ექსპერტიზის 2016 წლის 6 ივნისის დაკსვნის თანახმად, ნებართვა და პროექტი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის # 57 დადგენილებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ნაწარმოები მშენებლობა სამშენებლო კანონმდებლობის შესაბამისია. 2015 წლის 25 დეკემბერს გაცემულია მშენებლობის სანებართვო მოწმობა, ხაშურის მუნიციპალიტეტის #399 ბრძანება და შენობის რეკონსტრუქცია-დაშენების პროექტი, რაც გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. მ. ბ-ემ პროექტს შეუსაბამა ზ. ს-ის სასაზღვრო მიჯნის ზონაში აშენებული კედელი, კერძოდ, კედლის სიმაღლე დაიყვანა 3,80 მეტრამდე, ხოლო ღობის სიმაღლე _ 2,20 მეტრამდე. აღნიშნული მშენებლობის ნებართვა და პროექტი ძალაშია, არ გასაჩივრებულა და გაცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლის მე-14 პუნქტი. სასაზღვრო მიჯნის ზონაში აშენებული კედლის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ღობეს, არის 2,20 მეტრი სიმაღლის, ხოლო, მიჯნის ზონაში აშენებული კედელი, პროექტის შესაბამისად, შეესაბამება 3,80 მეტრს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ბ-ეს დაევალა მის მიერ ზ. ს-ის კუთვნილ უძრავ ქონებასთან სასაზღვრო მიჯნაზე აშენებული კედლის დემონტაჟი 2.2 მეტრის სიმაღლის ფარგლებში.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება დავის მორიგებით დასრულების თაობაზე, შესაბამისად, მათ იშუამდგომლეს მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და დასაკმაყოფილებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მ. ბ-ის საკასაციო საჩვარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა გადაშვებად, ხოლო, ამავე პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით საქმეზე დაინიშნა ზეპირი მოსმენა 2018 წლის 16 მაისს. სასამართლოს სხდომაზე სასამართლომ განკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები და საბოლოოდ მიღეწულ იქნა შეთანხმება დავის მორიგებით დასრულების თაობაზე. მხარეებმა საბოლოოდ დააზუსტეს მორიგების პირობები და მხარი დაუჭირეს მის შემდგომი სახით დამტკიცებას:
1. კასატორი მ. ბ-ე იღებს ვალდებულებას, ხიდზე დაშენებული კედლის ძირიდან 2,20 მ-ის სიმაღლეზე დემონტაჟის შესახებ;
2. დემონტაჟის სამუშაოებს შეასრულებს 2018 წლის 31 ოქტომბრიდან;
3. მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ს-ე კისრულობს ვალდებულებას, რომ არ მოხდეს თავისი სახლის ფანჯრებიდან სიგარეტის ნამწვისა და სხვა ნარჩენების გადმოყრა მ. ბ-ის ეზოში. მ. ბ-ე იტოვებს უფლებას, დემონტაჟზე ჩატარებულ 2 მეტრისა და 20 სანტიმეტრის კედელზე მოაწყოს 3 მეტრი სიმაღლის მავთულბადე. მ. ბ-ე მავთულბადეს დაამონტაჟებს კედლის მთელ პერიმეტრზე საკუთარი ხარჯით;
4. კასატორი მ. ბ-ე იღებს ვალდებულებას, დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ 2 მეტრი და 20 სანტიმეტრის კედელზე აღარ მოახდენს რაიმე სახის მშენებლობას, კერძოდ, დაშენებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდება, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმება დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ მიღწეულ იქნა საქმის არსებითად განხილვამდე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, კასატორ მ. ბ-ეს (პ/#...), მის წარმომადგენელ გ. ღ-სა (პ/#...) და მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე ზ. ს-ის წარმომადგენელ მ. მ-ეს შორის შემდეგი პირობებით:
2.1. კასატორი მ. ბ-ე იღებს ვალდებულებას, ხიდზე დაშენებული კედლის ძირიდან 2,20 მ-ის სიმაღლეზე დემონტაჟის შესახებ;
2.2. დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებს 2018 წლის 31 ოქტომბრიდან;
2.3. მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ს-ე კისრულობს ვალდებულებას, რომ არ მოხდეს მისი სახლის ფანჯრებიდან სიგარეტის ნამწვისა და სხვა ნარჩენების გადმოყრა მ. ბ-ის ეზოში. მ. ბ-ე იტოვებს უფლებას, დემონტაჟზე ჩატარებულ 2 მეტრისა და 20 სანტიმეტრის კედელზე მოაწყოს 3 მეტრი სიმაღლის მავთულბადე. მ. ბ-ე მავთულბადეს დაამონტაჟებს კედლის მთელ პერიმეტრზე საკუთარი ხარჯით;
2.4. კასატორი მ. ბ-ე იღებს ვალდებულებას, დემონტაჟის შემდეგ დარჩენილ 2 მეტრი და 20 სანტიმეტრის კედელზე აღარ მოახდენს რაიმე სახის მშენებლობას, კერძოდ, დაშენებას.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე ზ. ს-ის სარჩელის გამო მ. ბ-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და სასაზღვრო მიჯნის დემონტაჟის თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. კასატორ მ. ბ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 02.10.2017წ. #14314595 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი