Facebook Twitter

№ა-30-შ-1-2018 13 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.კ.

მოწინააღმდეგე მხარე – რ.მ.

განხილვის საგანი – ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისთაუს ოლქის ქ.აქთაუს #2 სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (დადგენილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისთაუს ოლქის ქ.აქთაუს #2 სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (დადგენილებით) ნ.კ–ს (შემდეგში: მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა, რ.მ–ს (შემდეგში მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 412 970 თენგეს ოდენობით.

2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების (დადგენილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისთაუს ოლქის ქ.აქთაუს #2 სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (დადგენილების) სათანადო წესით დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა დედანთან მისი იდენტურობა (მაგალითად, თავად გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ დამოწმებული ასლი), შუამდგომლობის ავტორს ასევე დაევალა წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისთაუს ოლქის ქ.აქთაუს #2 სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და მის შესავსებად განესაზღვრა 15 დღის ვადა (განჩინების მე-3 პუნქტი). ამავე განჩინებით მხარეს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი – შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.

6. საქმის მასალების თანახმად, უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2018 წლის 29 იანვარს.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 15-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2018 წლის 30 იანვარს და დასრულდა 2018 წლის 14 თებერვალს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის მიმართაც.

10. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ს შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისთაუს ოლქის ქ.აქთაუს #2 სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (დადგენილების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე