№ას-258-258-2018 3 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – თ.ვ., ზ.მ.
მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ტ., ჯ.ტ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- ქ.შ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
- მ.ტ–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 2 აპრილს, ერთი მხრივ, მ.ტ–სა და, მეორე მხრივ, თ.ვ–სა და ზ.მ–ს შორის დადებული მ.ტ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, ..... ს/კ №......) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით;
- ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 22 აპრილს ზ.მ–სა და თ.ვ–ს შორის უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ..... ს/კ №..... დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
- დადგენილ იქნა, ერთი მხრივ, მ.ტ–სა და, მეორე მხრივ, თ.ვ–ს და ზ.მ–ს შორის 2016 წლის 2 აპრილს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლითაც მ.ტ–მ თ.ვ–სა და ზ.მ–გან ისესხა ფულადი თანხა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მ.ტ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ........ ს/კ №......;
- გადაწყვეტილება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენის ნაწილში დაექვემდებარა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას;
- შეგებებულ სარჩელზე სარჩელის აღძვრამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინებით (საქმე #337 უზრ/2016) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ.შ–ძის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ...... ს/კ №..... - დარჩა უცვლელად.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ქ.შ–ძემ, თ.ვ–მ და ზ.მ–მ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით:
- ქ.შ–ძის, თ.ვ–სა და ზ.მ–ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკამყოფილდა;
- უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ.ვ–მ და ზ.მ–მ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 960 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. 2018 წლის 30 მარტისა და 27 აპრილის განჩინებებით გაუგრძელდა კასატორს ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადით. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განუხილველი დარჩებოდა საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).
10. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, 2018 წლის 19 ივნისს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორების წარმომადგენელ ს.შ–ძეს (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 208-209).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 20 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 25 ივნისს, ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ვ–ს და ზ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე