Facebook Twitter

№ას-695-695-2018 5 ივლისი, 2018 წელი.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – გ.გ., მ.გ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ფ.ბ.ს.“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით:

- სს „ფ.ბ.ს–ს“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- გ.გ–ს (შემდეგში პირველ მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6295,11 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (საიდანაც 4595,99 აშშ დოლარი - ძირი თანხაა, 1599,12 აშშ დოლარი - საპროცენტო სარგებელი, 100 აშშ დოლარი - ჯარიმა) გადახდა.

- დადგინდა დავალიანების დაფარვა იპოთეკით დატვირთული, მ.გ–ს (შემდეგში მეორე მოპასუხის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ...., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...., რეალიზაციის გზით.

- იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დასაფარად, დადგინდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მსესხებლის სხვა უძრავ-მოძრავი ქონებიდან ამონაგები თანხით.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

9. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2018 წლის 12 ივნისს სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელ ლ.ა–ძეს (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 59-60).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 13 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 15 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ს და მ.გ–ს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე