№ას-595-595-2018 5 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – ა.ტ., მ.მ., ე.ჩ., დ.პ., ლ.ა.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – მ.ე., ბმა „ყ.6“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, ქონების ბმა „ყ.6-ის“ საკუთრებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ძ–ის (შემდეგში პირველი მოსარჩელის) ა.ტ–ს, ა. ჩ–ას, მ.მ–ს, ე.ჩ–ძის, დ.პ–ს, ლ.ა–ს და ნ.ძ–ძის (შემდეგში მოსარჩელეების) სარჩელი მ.ე–ს (შემდეგში პირველი მოპასუხის) და ბმა „ყ.6-ის“ (შემდეგში მეორე მოპასუხის) მიმართ, ბმა „ყ. 6-ის“ 2012 წლის 4 ივლისის #7 კრების ოქმის ბათლად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით პირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, დანარჩენ მოსარჩელეებს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა; ასევე მ.რ–ნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულების სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით (ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული ცნობა), ან უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განუხილველი დარჩებოდა საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).
10. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილები ადრესატებს ჩაბარდათ 2018 წლის 20 ივნისს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 21 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 25 ივნისს, ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს მომართა მალხაზ რაშოიანმა და წარმოადგინა კვლავ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ არის უფლებამოსილი საკასაციო საჩივრის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ საკასაციო საჩივარს შეეხებოდა.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ტ–ს, მ.მ–ს, ე.ჩ–ძის, დ.პ–ს და ლ.ა–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე