Facebook Twitter

№ას-830-830-2018 25 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – გ.ტ–ძე, ი.ტ–ძე, ხ.ტ–ძე და ლ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ჯ.ჯ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით:

- ჯ.ჯ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- გ.ტ–ძის, ი.ტ–ძის, ხ.ტ–ძის და ლ.გ–ძის (შემდეგში მოპასუხეების) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ბორჯომი, სოფელი ..., დაზუსტებული ფართობი 436.00 კვ.მ. ს/კ .... და დადგინდა თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.

- დადგინდა მოპასუხეების მიერ, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე ბორჯომის რაიონი, სოფელი ...., დაზუსტებული ფართობი 436.00 კვ.მ. ს/კ ..... თავისუფლად სარგებლობის და ფლობის უფლების უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. საკასაციო პალატას განცხადებით მომართეს კასატორებმა და ითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

7. საკასაციო პალარის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განუხილველი დარჩებოდა საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი).

11. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება, 2018 წლის 5 ივლისს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორების წარმომადგენელ ს.კ–ას (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 131-132).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 6 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 11 ივლისს, ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2018 წლის 11 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორების წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის გაგრძელება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მათ ერთხელ უკვე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და აღნუშნულ ვადაში მათ ხარვეზი არ შეუვსიათ.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ტ–ძის, ი.ტ–ძის, ხ.ტ–ძის და ლ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე