3გ-ად-93-კ-ს-02 12 თებერვალი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
კერძო საჩივრის თხოვნა:
1) გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება;
2) საქმის წარმოების განახლება
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 26 სექტემბერს ზ. ბ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «საქპატენტის» მიმართ.
სასარჩელო მოთხოვნები იყო:
1. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახურში («საქპატენტში») ზ. ბ.-ის მიერ 1992 და 1994 წლებში შეტანილ გამოგონების განაცხადზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე სასამართლოს დაევალებინა მოპასუხეებისათვის, გამოეცათ და გადაეცათ ზ. ბ.-ისათვის საქართველოს სახელმწიფოს სახელით საქართველოს პატენტები, რაც გატარებული იქნებოდა საქართველოს საპატენტო რეესტრში;
2. 1996წ. 12 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახურ «საქპატენტში» ზ. ბ.-ის მიერ შეტანილ გამოგონების განაცხადზე _ «ა.-ი» ზ. ბ.-ი» _ მოსარჩელისათვის საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სიგელისა და პატენტის გაცემა «საქართველოს საპატენტო კანონის» 76-ე მუხლის საფუძველზე.
3. «საქპატენტში» 1992წ. 10 თებერვალს მოსარჩელის მიერ შეტანილ გამოგონების განაცხადზე, «ბ.-ი» ზ. გ. ბ.-ი» _ მოსარჩელისათვის საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სიგელისა და პატენტის გაცემა «საქართველოს საპატენტო კანონის» 76-ე მუხლისა და «გამოგონების შესახებ» 1992წ. 16 მარტის დებულების საფუძველზე.
4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის ¹302 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. კონკრეტულად მოსარჩელე ითხოვდა მითითებული აქტის მე-3 და მე-4 მუხლების ტექსტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას და სასამართლოს სთავაზობდა აღნიშნული მუხლების ტექსტის ახალი რედაქციის პროექტს.
5. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 23 დეკემბრის ¹534 ბრძანებულების ბათილად ცნობა.
6. «საქართველოს საპატენტო კანონის» ბათილად ცნობა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1952წ. 16 მარტის ¹302 და ¹303 დადგენილებებით მიღებული «გამოგონების შესახებ» და «სამრეწველო ნიმუშის შესახებ» დებულებების სამოქმედოდ შემოღება.
7. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის ¹302 დადგენილებით მიღებულ «გამოგონების შესახებ» დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მომზადება. აგრეთვე, მოსარჩელე ითხოვდა, სასამართლოს დაევალებინა მოპასუხისათვის «სამრეწველო ინტელექტუალური საკუთრების შესახებ» კანონის შემუშავება და მიღება, რომლითაც დაცული იქნებოდა გამომგონებლის საავტორო უფლება გამოგონებაზე და პატენტმფლობელის უფლება გამოგონებაზე არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ _ «ისმო»-ს წევრ ქვეყნებშიც.
8. მოპასუხეს დაკისრებოდა ზ. ბ.-ისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის 500000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა ზ. ბ.-ის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და 2001წ. 1 ოქტომბერს გამოიტანა განჩინება, რომელშიც:
1. სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე ზ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა ცვლილებებისა და დამატებების შეტანას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის ¹302 დადგენილებაში და მითითებული აქტის მე-3 და მე-4 მუხლების ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას.
2. სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე ზ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ ნაწილში, რომელშიც მოსარჩელე ითხოვდა «საქართველოს საპატენტო კანონის» ბათილად ცნობას, ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის ¹302 და ¹303 დადგენილებებით მიღებული «გამოგონების შესახებ» და «სამრეწველო ნიმუშის შესახებ» დებულებების ამოქმედებას.
3. სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა» პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე ზ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა, სასამართლოს დაევალებინა მოპასუხისათვის «სამრეწველო ინტელექტუალური საკუთრების შესახებ» კანონის შემუშავება და მიღება.
4. სარჩელის სხვა ნაწილებში მოსარჩელეს მიეცა ვადა ხარვეზების შესავსებად. კერძოდ, სსკ-ს 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ე» პუნქტის თანახმად მოსარჩელეს უნდა დაეკონკრეტებინა მოპასუხეთა პასუხისმგებლობის ფარგლები. აგრეთვე, სსკ-ს 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ზ» პუნქტის თანახმად მოსარჩელეს სასამართლოში უნდა წარედგინა მტკიცებულებები.
აღნიშნულ განჩინებაზე ზ. ბ.-მ შეიტანა კერძო საჩივარი, რომელშიც ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001წ. 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის წარმოებაში მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ოქტომბრის განჩინებით ზ. ბ.-ს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლომ 2001წ. 25 დეკემბერს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. ბ.-ის კერძო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 1 ოქტომბრის განჩინება.
2002წ. 15 თებერვალს ზ. ბ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიიის საქმეთა პალატას და ითხოვა ამავე სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ბ.-ის განცხადება განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბერის განჩინებით განუხილველად დარჩა ზ. ბ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
აღნიშნული განჩინება ზ. ბ.-მ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელიც დაუსაბუთებლობის გამო, თბილისის საოლქო სასამართლომ 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის განჩინება უკანონოა, რასაც ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:
ზ. ბ.-ის განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.12.2001წ. განჩინება. მოსარჩელე ბ.-ი განცხადებით მოითხოვდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 25 დეკემბრისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 1 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებას, იმ მოტივით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 14 ნოემბრის განჩინებით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 27 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ბ.-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმედ.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და 424-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 2 აპრილისა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებები, ვინაიდან ამ განჩინებებით დაირღვა განსჯადობის წესი.
ზ. ბ.-ი მიუთითებს, რომ სსკ-ს მე-20 მუხლისა და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სასამართლოს ირჩევს მოსარჩელე, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია. აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრისა და 2002წ. 2 აპრილის განჩინებები უკანონოა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.12.2001 წლისა და 02.04.2002წ. განჩინებები აშკარა წინააღმდეგობაშია თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 14 ნოემბრის თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 21 თებერვლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 27 ივლისის განჩინებებთან, რაც წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 01.10.2001წ.ა და 15.11.2002წ. განჩინებები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.12.2001წ.ა და 02.04.2002წ. განჩინებები გამოტანილია სსკ-ს მე-14 მუხლის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასარჩელო განცხადების პირველი სამი მოთხოვნა ეხება გამოგონების განაცხადებს _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებს, რომელთა გამოცემაც, სკ-ს 532-534-ე მუხლების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.03.1992წ. ¹302 დადგენილების მე-3 მუხლისა და საპატენტო კანონის 76-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულების _ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გამოყოფილი საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე ორგანოს კომპეტენციაში შედის. ბ.-ი მიუთითებს, რომ მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული ადმინისტრაციული აქტების კანონიერების საკითხი, სსკ-ს მე-14 მუხლისა და 24.02.2002წ. ¹169 საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
კერძო საჩივარში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად მოსარჩელის სასარჩელო განცხადების ყველა მოპასუხე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხე მხარეს მთლიანად უნდა დაეკისროს სარჩელში მითითებული მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურება 500000 აშშ დოლარის ოდენობით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მოპასუხე, აგრეთვე, პასუხისმგებელია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის ¹302 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანაზე (სასარჩელო განცხადების მე-4 მოთხოვნა), საქართველოს პრეზიდენტის 23.12.2000წ. ¹534 ბრძანებულებაზე (სასარჩელო განცხადების მე-5 მოთხოვნა), საქართველოს საპატენტო კანონსა (სასარჩელო განცხადების მე-6 მოთხოვნა) და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.03.1992წ. ¹302 დადგენილებით მიღებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ბ.-ი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 ნოემბრისა და 2001წ. 1 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზ. ბ.-ი თავის განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად თვლის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 14 ნოემბრის განჩინებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ განმცხადებელმა ზ. ბ.-მ დაარღვია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის ვადა, კერძოდ, სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ბ.-ის განცხადება სასამართლოში შეტანილი უნდა ყოფილიყო ერთი თვის განმავლობაში და ვადის დენა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ 2001წ. 1 ოქტომბრის განჩინების გამოტანისას განმცხადებელ ზ. ბ.-ისთვის ცნობილი იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 14 ნოემბრის განჩინების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ზ. ბ.-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ სწორად ჩათვალა დაუშვებლად.
ამდენად, ზ. ბ.-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.Oუცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 ნოემბრისა და 25 ნოემბრის განჩინებები.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.