Facebook Twitter

საქმე №ას-1248-1168-2017 11 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ჟ. ჰ-იან, თ. ჭ-იან (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ხ-იან (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა. ხ-იანმა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ჰ-იანისა და თ. ჭ-იანის (შემდგოში _ მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს შორის 2014 წლის 2 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ჟ. ჰ-იანმა თ. ჭ-იანს საკუთრებაში გადასცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 21.6 კვ.მ ფართი.

1.2. სარჩელი ემაყრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 4 მაისის #99 ბრძანების საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული #187 საკუთრების უფლების მოწმობით მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა იზოლირებული საცხოვრებელი ერთოთახიანი და ოროთახიანი #1 და #2 ბინები, რომლებიც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის ყოფილ 62-ე სამხედრო ბაზის ტერიტორიის #480 კორპუსში. საცხოვრებელი ბინის საერთო ფართი შეადგენდა 98,5 კვ.მ-ს. მოწმობას დაერთო საცხოვრებელი ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზიც, რომლითაც განისაზღვრა ბინის ზუსტი ფართი და ადგილმდებარეობა. აღნიშნული ნახაზი მოწმობის განუყოფელ ნაწილია. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები 2010 წელს დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში (63.18.36.013.01.5--). 2016 წლის 9 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი #3-13 საცხოვრებელი ბინის (63.18.36.013.01.5--) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების მეშვეობით, ცნობილი გახდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 23 ოქტომბრის #101 ბრძანების საფუძველზე ჟ. ჰ-იანს საკუთრებაში გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში გადაცემული რუსეთის ფედერაციის ყოფილ 62-ე სამხედრო ბაზის ტერიტორიის მრავალსართულიან #480 კორპუსში მდებარე #3-4 ბინა, საერთო ფართით 116 კვ.მ. აღნიშნულის საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 19 ნოემბერს გაიცა საკუთრების უფლების #75 მოწმობა, რომლითაც ჟ. ჰ-იანს საკუთრებაში გადაეცა 116 კვ.მ იზოლირებული საცხოვრებელი #3-13 ბინა. მოწმობას ერთვის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზიც, რაც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ნახაზი მოიცავს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინის იმ ორ ოთახს, რომელიც მოსარჩელისგან უკანონოდ მიითვისა ჟ. ჰ-იანმა. 2014 წლის 2 ივნისს მოპასუხეებს შორის დაიდო სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც მოჩვენებითია, იგი დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. გარიგების დადების შემდეგაც ბინით სარგებლობს კვლავ გამყიდველი და ვითომ მყიდველს უძრავი ქონება მფლობელობაში არასდროს გადასცემია. ჟ. ჰ-იანს გააზრებული ჰქონდა, რომ სადავო ბინაზე მისი საკუთრების უფლება შეიძლებოდა სადავო გამხდარიყო და სწორედ პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების მიზნით, მოსაჩვენებლად გადააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხევლი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2010 წლის 27 მაისს გაცემული #187 საკუთრების უფლების მოწმობით მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა #480 კორპუსში მდებარე #1 და #2 ბინები. ამ მოწმობის საფუძველზე ა. ხ-იანმა საჯარო რეესტრში საცხოვრებელი ბინები საკუთრების უფლებით დაარეგისტრირა თავის სახელზე. აღნიშნული ბინების საერთო ფართი არ შეადგენს 98,5 კვ.მ-ს, ვინაიდან #1 ბინა არის ოროთახიანი, #2 ბინა კი _ ერთოთახიანი. ამავე კორპუსის ამავე სადარბაზოში #1 და #2 ბინების თავზე მდებარე ზედა სართულებზე განლაგებული ყველა ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების საერთო ფართი შეადგენს არა 98,5 კვ.მ-ს, არამედ გაცილებით ნაკლებს. მოსარჩელეს არასოდეს უცხოვრია მისთვის მიცემულ ბინაში. ჟ. ჰ-იანისათვის გადაცემული ბინებში ის თავის ოჯახის წევრებთან ერთად 2007 წლიდან ცხოვრობდა. 2014 წლის 2 ივნისს ჟ. ჰ-იანმა თავის საკუთრებაში არსებული ბინა მიჰყიდა თ. ჭ-იანს, რომელიც ამჟამად მესაკუთრეა აღნიშნული ბინის. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩაიდო პირობა, რომ ბინაში 2016 წლის პირველ მარტამდე უნდა ეცხოვრა გამყიდველს ოჯახის წევრებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის პირველ მარტს ამოიწურა მისი იქ ცხოვრობის ვადა, თ. ჭ-იანთან შეთანხმებით, მას ნება დაერთო ნივთის ფლობა გააგრძელოს ერთი წლით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ჟ. ჰ-იანსა და თ. ჭ-იანს შორის 2014 წლის 2 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც უძრავი ქონება (ს/კ 63.18.36.013.01.5--) გასხვისებულ იქნა თ. ჭ-იანის სახელზე, სადავო 21.6 კვმ ფართის ნაწილში (ს/კოდით 63.18.36.013.01.5-- რეგისტრირებული ბინის (შენობის) გეგმის პირველი და მე-2 ოთახების ფართობის შესაბამისად).

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხოლო, ა. ხ-იანის სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:

1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, ხომ არ ვლინდება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.

1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ისე _ მისი უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და, დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:

ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;

ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;

გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

1.2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; იხ. სუსგ-ები # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

1.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ:

1.3.1. მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ფართზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში;

1.3.2. მოსარჩელის უფლების რეგისტრაციის შემდგომ წარმოეშვა ჟ.ჰ-იანს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება;

1.3.3. ქვემდგომმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელის საკუთრების ობიექტი მოქცეულია მოპასუხის საკუთრებაში, მას ფლობს მოპასუხე და მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში;

1.3.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განსახილველი სარჩელის საგანს ასევე წარმოადგენდა ჟ.ჰ-იანის საკუთრების უფლების დამდგენი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, რომელიც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და ადმისნისტრაციული სამართალწარმოების წესით იხილება;

1.3.5. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას მხარე უკავშირებს გარიგების მოჩვენებით ხასიათს და აღნიშნავს, რომ ქონების განკარგვა მოპასუხეებს შორის მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ მოსარჩელეს არ დაებრუნებინა სადავო ფართი.

1.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოსარჩელის უფლება ვინაიდან არ არის შედავებული, ამ რეგისტრაციის პირობებში იგი მიიჩნევა უტყუარად და მას, როგორც მესაკუთრეს, სრული უფლება გააჩნია განახორციელოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები, თუკი მას ხელი ეშლება მოპასუხეების მხრიდან ქონებით არამართლზომიერ სარგებლობაში, ეს არ ზღუდავს მესაკუთრეს, აღძრას ქონების მფლობელის მიმართ ვინდიკაციური სარჩელი და ამ დავის ფარგლებში ამტკიცოს მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობა (სკ-ის 56-ე მუხლი). რაც შეეხება სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ქონებაზე მფლობელობის აღდგენის მიზანი ამგვარი სარჩელით არ მიიღწევა, რადგანაც, როგორც აღინიშნა, ამ მოთხოვნის რეალიზაციის საშუალებას ვინდიკაციური სარჩელი წარმოადგენს, თავის მხრივ, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.

1.5. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).

1.6. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და, მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვლინდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ 02.11.2017წ. #14627824 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჟ. ჰ-იანისა და თ. ჭ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განჩინება, ასევე, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და ა. ხ-იანის სარჩელი ჟ. ჰ-იანისა და თ. ჭ-იანის მიმართ, მოპასუხეებს შორის 2014 წლის 2 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

3. ჟ. ჰ-იანსა (პ/#...) და თ. ჭ-იანს (პ/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ 02.11.2017წ. #14627824 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი (გადამხდელის დასახელება: ჟ. ჰ-იან, ინფორმაცია პირზე, რომლის მაგივრადაც სრულდება გადახდა: თ. ჭ-იან).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი