საქმე №ას-359-359-2018 30 აპრილი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „V-A“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „V-A-სათვის“ 5 093,22 ლარის დაკისრება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „V-A-ს“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ პირგასამტეხლოს _ 5 093,22 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ამყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2013 წლის 24 დეკემბრის #4/3-295 ხელშეკრულების (შემდგომში _ ხელშეკრულება) საფუძველზე 2014 წლის 22 იანვრის ჩათვლით მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა მოეწოდებინა 34 500 ლარად ღირებული ბაგირები. შეთანხმებული ვადის დარღვევით, კერძოდ, 2014 წლის 3 აპრილს, 71 დღის დაგვიანებით მოწოდებულ იქნა 27 030 ლარად ღირებული ბაგირი; 2014 წლის 16 აპრილს, 13 დღის დაგვიანებით მოწოდებულ იქნა 7 470 ლარის ღირებულების ბაგირი. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5 ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების გამო მოპასუხეს დაეკისრა საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, რამაც ჯამში 5 093,22 ლარი შეადგინა. მიუხედავად წერილობითი ინფორმირებისა და შესაბამისი ვადის განსაზღვრისა, მოპასუხეს დაკისრებული თანხა არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები, სრულად აქვს შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები. გარდა ამისა, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე ზიანის გათვალისწინებით და არ უნდა აღემატოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,04%-ს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოვალეს დაეკისრა 1000 ლარის ანაზღაურება კრედიტორის სასარგებლოდ.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს „V-A-სათვის“ 5 093,22 ლარის დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2013 წლის 24 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #4/3-295 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამყიდველი (მოპასუხე) ვალდებული იყო 2014 წლის 22 იანვრის ჩათვლით მყიდველისათვის (მოსარჩელე) მიეწოდებინა 34 500 ლარის ღირებულების ბაგირები ეტაპობრივად. მხარეებმა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით, გაითვალისწინეს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2%-ის გადახდა;
1.2.2. მოვალემ გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას, კერძოდ, მან 2014 წლის 3 აპრილს, 71 დღის დაგვიანებით მიაწოდა 27 030 ლარის, ხოლო, 2014 წლის 16 აპრილს, 13 დღის დაგვიანებით 7 470 ლარის ღირებულების ბაგირი;
1.2.3. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პირგასამტეხლოს სახით გადაიხდიდა 1 000 ლარს, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი 5 093.22 ლარი შეუსაბამოდ მაღალი იყო.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ საქმე მნიშვნელოვანი კანონდარღვევით განიხილა. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. ხელშეკრულების შეფასებისას სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მოთხოვნა, რაც მხარეებს აძლევს უფლებას, თავად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამავე ნორმით შეზღუდულია სახელმწიფოს უფლება, საკანონმდებლო მიზნების გათვალისწინებით ჩაერიოს მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლებაში. კანონი განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო არ მცირდება. სააპელაციო სასამართლო რატომღაც მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა აღიარებს, რომ ნასყიდობის საგნის მიწოდება ვადაგადაცილებულია 83 დღით. ფაქტია, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით მხარეებმა ხელშეკრულებაში განსაზღვრეს პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება. როგორც პირველი ინსტანციის, ისე _ სააპელაციო სასამართლო ციტირებს ე.წ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლოს შესახებ, ეს უკანასკნელი ოდნავ განსხვავებულად განმარტავს მას, თუმცა არც ეს განმარტებაა სწორი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ვადაგადაცილებული პერიოდი, რაც გახდა მიზეზი პირგასამტეხლოს დაკისრებისა, რაზეც საერთოდ არ მსჯელობს სასამართლო. გაუგებარია, რატომ მიუთითებს იმას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით სახეზე არაა მიყენებული ზიანი. მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა არა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს მხარის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურება დამოუკიდებლად არ მოუთხოვია. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა სამართლებრივ ჭრილში განიხილავს ზიანის ანაზღაურებასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან (სკ-ის 477-ე მუხლი) გამომდინარე გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებით გამოწვეული პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, გამყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადაგადაცილების გამო მას (ჯამში 83 დღე) მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1 000 ლარის გადახდა. მითითებული თანხა უზრუნველყოფს თავად პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და გონივრულ თანაფარდობაშია, როგორც ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებასთან, ისე _ მხარეთა ინტერესებთან.
1.6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი.
1.7. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა, საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე