საქმე №ას-257-257-2018 27 აპრილი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ. და თ. ა-ეები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. ს-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელის აღძრა სასამართლოში ნ. და თ.. ა-ეების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან მფლობელები) მიმართ ქ.ქუთაისში, ფ-ის (ყოფილი პ-ის) ქ#6-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #03.03.26.062.01.5--, შემდგომში _ დავის საგანი ან სადავო უძრავი ქონება) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 23 თებერვალს ჩატარებულ აუქციონზე მოსარჩელე გახდა დავის საგნის მესაკუთრე, რომლსაც ფლობენ ძველი მესაკუთრეები და არ ათავისუფლებენ ნივთს. მოპასუხეთა უკანონო მფლობელობით მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა მათ კრედიტორს, რომელსაც მიღებული აქვს შესრულება, შესაბამისად, სადავო ქონების აუქციონზე გატანა მისი მხრიდან მოხდა უკანონოდ, რაც არ აძლევს უფლებას, მოითხოვოს მოპასუხეთა გამოსახლება. გარდა ამისა, ნ. ა-ე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია, მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და მისი გამოსახლებისათვის საჭიროა სპეციალური ნებართვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს დავის საგანი.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება, ასევე, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება სადავო უძრავი ქონება. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 23 თებერვლის #15078029-013/001 განკარგულება;
1.2.2. მოპასუხეები ფლობენ დავის საგანს;
1.2.3. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მფლობელები ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ უძრავ ნივთს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორთა შედავება იმის თაობაზე, რომ სადავო მისამართზე რეგისტრირებულია ი. ა-ე, რომელსაც სხვა საცხოვრებელი არ აქვს, ხოლო, სასამართლოს მსჯელობა, რომ რადგანაც ის მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა, მასზე ვეღარ იმსჯელებს სასამართლო არასწორია. ცნობილია, რომ კასატორები ფაქტობრივად ფლობენ 200 კვ.მ ფართს და რომელი ფართიდან უნდა გამოსახლდნენ ისინი, არ დაუზუსტებია მოსარჩელეს. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ რეესტრში არსებული მონაცემებით, თუმცა, მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია, რომ არსებობს სხვა ფართებიც, რომლებსაც ფლობენ კასატორები. მისი განმარტებით, ეს საკითხი აღსრულების ეტაპზე გადაწყდება, რაც არასწორია.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით დადგენილია გადაწყვეტილების ობიექტური ფარგლები და მისი სამართლებრივი ძალა, შესაბამისად, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიც მიმართული იქნება იმ პირებისკენ, რომლებიც ამ გადაწყვეტილების სუბიექტებს წარმოადგენენ. თუკი დავის საგანს ფლობს მესამე პირიც, მის მიმართ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ მოხდება, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულებადი ნაწილით _ სარეზოლუციო ნაწილით ეს პირი მოვალედ არ არის მიჩნეული, ამდენად, არც მისი უფლების დარღვევა და არც მისი მონაწილეობის გარეშე დავის გადაწყვეტის ფაქტი დგინდება. რაც შეეხება დავის ფარგლებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების ფარგლები და მონაცემები საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (სკ-ის 312-ე მუხლი). კასატორები რეესტრის ჩანაწერს საკუთრების საზღვრებთან დაკავშირებით სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, ამ ჩანაწერით განსაზღვრული სასაზღვრო მიჯნის მიღმა არსებული ქონების ფლობის მიმართ მოსარჩელეს არც შეიძლება გააჩნდეს პრეტენზია, ვინაიდან იგი არ მიუთითებს, რომ სხვა ფართიც მის საკუთრებას ან მართლზომიერ მფლობელობას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ კუთხითაც გაუმართლებელია კასატორთა პოზიცია.
1.5.2. პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხებმა ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი, უფრო მეტიც, ქონების აუქციონზე განკარგვის შედეგად საკუთრება შეიძინა მოსარჩელემ, ხოლო მისი დასაბუთებული შედავების საფუძველზე მფლობელობა (არამართლზომიერი) შეუწყდათ კასატორებს (სკ-ის 168-ე მუხლი).
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ა. ბ-ის მიერ ნ. ა-ის სახელით 19.03.2018წ. #4000 საგადახდო დავალებით სახლმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. და თ.. ა-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: ნ. ა-ესა (პ/#...) და თ.. ა-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ა. ბ-ის მიერ ნ. ა-ის სახელით 19.03.2018წ. #4000 საგადახდო დავალებით სახლმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე