საქმე №ას-247-247-2018 30 აპრილი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ ჩ-ა, დირექტორი ბ. ა-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ლ-აია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. ლ-აიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ჩ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან ცენტრი) მიმართ დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენისა და გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დამსაქმებლის 2007 წლის 2 ივლისს #1 ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა ცენტრის საფინანსო-საბუღალტრო საკითხების მთავარ სპეციალისტად, აქვს ბუღალტრად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება. ცენტრის დირექტორის 2017 წლის 1 მარტის #7 ბრძანებით კი, გათავისუფლდა მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია სამუშაო ძალის (შტატის) შემცირება, თუმცა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად, დასაქმებულის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა არსებობს, თუმცა, მას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ფინანსური მენეჯერი. გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონის უხეში დარღვევით, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დასაქმებულის გათავისუფლება მართლზომიერად განხორციელდა, კერძოდ, ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი უდევს საფუძვლად, ხოლო ფაქტობრივი წინაპირობა, განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებია, რომელსაც შტატების შემცირება მოჰყვა. რაც შეეხება ფინანსური მენეჯერის თანამდებობას, ის სხვა ფუნქციების მატარებელია და არ მოიცავს მოსარჩელისათვის გათავისუფლებამდე დაკისრებულ მოვალებებს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა და მას მიეცა 3000 ლარის ფულადი კომპენსაცია. მოსარჩელის მოთხოვნა წინანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი, ასევე, მტკიცებულების საქმისათვის დართვის შესახებ 2017 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ (სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2007 წლის 2 ივლისს მოსარჩელე დაინიშნა ჩ-ის საფინანსო-საბუღალტრო საკითხების მთავარ სპეციალისტად. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 400 ლარს (მისაღები თანხა კუთვნილი გადასახადების გამოკლებით);
1.2.2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობითა და გამგებლის გადაწყვეტილებით (ბრძანებით) გაერთიანდა ა(ა)იპ „ჩ-ი“ და ა(ა)იპ „ჩ-ი“, რის შედეგადაც დაფუძნდა ა(ა)იპ „ჩ-ა“;
1.2.3. ახალდაფუძნებული გაერთანების საშტატო ნუსხაში თანამდებობა მთავარი ბუღალტერი ან მთავარი სპეციალისტი საფინანსო-საბუღალტრო საკითხებში არ არის გათვალისწინებული. საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იქნა ფინანსური მენეჯერი და ბუღალტერი. მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქციები მითითებულ საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირებზე გადანაწილდა. მხარეთა განმარტებით, ორივე ვაკანსია შევსებულია. ფინანსურ მენეჯერად დასაქმებულია ახალი თანამშრომელი, რომელიც გაერთიანებამდე ცალ-ცალკე არსებულ არცერთ ორგანიზაციაში არ მუშაობდა;
1.2.4. 2017 წლის 1 მარტს დამსაქმებელმა მოსარჩელე გაათავისუფლა სამსახურიდან სამუშაო ძალის (შტატების) შემცირებასთან დაკავშირებით;
1.2.5. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მოსარჩელე ვერ მუშაობს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, თუმცა, ვერ დაამტკიცა, რომ დასაქმებულს ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობისთვის საჭირო კვალიფიკაცია, გამოცდილება ან უნარ-ჩვევები არ გააჩნია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე და 219-ე მუხლები და გაუგებარ საფუძვლებზე დაყრდნობით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც არსებობდა მტკიცებულების _ სერტიფიკატის საქმისათვის დართვის წინაპირობა. ნიშანდობლივია, რომ კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არცერთი წინაპირობა არ არსებობდა. პირველი სხდომა მოცემულ საქმეზე გაიმართა 2017 წლის 1 ივლისს, რომელიც მოსარჩელის თხოვნით, იმ საფუიძვლით, რომ პროცესს არ ესწრებოდა მისი წარმომადგენელი, გადაიდო 6 ივლისს. არც 6 ივლისს გამართულ სხდომაზე ყოფილა წარმოდგენილი მხარის ადვოკატი, თუმცა, თავად იშუამდგომლა ახალი მტკიცებულების წარმოდგენის თაობაზე. საპატიო მიზეზად დაასახელა ის, რომ არ იცოდა წესები და არ ჰყავდა ადვოკატი. ამ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა მოპასუხემ, თუმცა, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მტკიცებულება დაურთო საქმეს. სააპელაციო პალატის დასკვნის წინააღმდეგ, რომ მოპასუხემ ასევე მთავარ სხდომაზე გამოთქვა პრეტენზია დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაციის თაობაზე, უნდა აღინიშნოს ის, რომ რაიონული სასამართლოსათვის მოსარჩელის შუამდგომლობის განხილვისას უცნობი იყო, მოპასუხე მიუთითებდა თუ არა მის კვალიფიკაციაზე. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ დასაქმებულს ჰყავდა ადვოკატი და შეეძლო მიეღო შესაბამისი კონსულტაცია.
1.4.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე დასაქმებული პირი დასაქმებული იყო თუ არა გაერთანებამდე არსებულ ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში. გარდა ამისა, არ შეფასებულა სააპელაცო საჩივრის ის საფუძველი, მოსარჩელე იყო თუ არა გაფრთხილებული შესაძლო გათავისუფლების თაობაზე. სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა ასევე აპელანტის ის შუამდგომლობა, რომელიც უკავშირდებოდა მოსარჩელის მუშაობას ელექტრონულ სისტემაში;
1.4.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. მოწინააღმდეგე მხარის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა რეორგანიზაციით გამოწვეული შტატების შემცირება. შტატის შემცირება, კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმობს ახალ ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც ელექტონულ სისტემაში მუშაობს. დამსაქმებელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში განაცხადა, რომ მოსარჩელე არ ფლობდა აღნიშნულ ცოდნას, ხოლო მოსარჩელემ დაადასტურა, ამ სისტემების შემსწავლელი კურსების გაუვლელობის ფაქტი.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება და ამ კუთხით მხარის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიები გაზიარებას არ ექვემდებარება. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს, როგორც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ცალმხრივი ნების კანონიერება, ისე _ კომპენსაციის დაკისრების წინაპირობების არსებობა. ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს შემდეგი:
1.5.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შტატების შემცირება არ განხორციელებულა, არამედ, მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციას მთავარი ბუღალტრის ნაცვლად ეწოდა ფინანსური მენეჯერი. ამ მხრივ დასაბუთებული პრეტენზია არ ყოფილა წარმოდგენილი კასატორის მხრიდან, შესაბამისად, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული. აღნიშნული კი, მიანიშნებს იმაზე, რომ დამსაქმებლის ცალმხრივი ნება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს (შკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნტს) და უცილოდ ბათილია, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა. ამ მხრივ პალატა უარყოფს კასატორის პოზიციას, რომელიც დასაქმებულის კვალიფიკაციას შეეხება, რადგანაც უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან) სამათლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა არ განხორციელებულა, ხოლო შეცვლილი ფაქტობრივი საფუძველი სასამართლოს კვლევის საგანი ვერ გახდება. ნიშანდობლივია, რომ კასატორის პოზიცია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე არ არის გამართლებული. კასატორი ვერ ამტკიცებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობების არსებობას, რადგანაც, რომც გავიზიაროთ ის ფაქტი, რომ მტკიცებულება საქმეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით დაერთო, უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების მატერიალური შედეგის განმაპირობებელი ეს მტკიცებულება არ ყოფილა (როგორც აღინიშნა არასაკმარისი კვალიფიკაცია არ არის სასამარლოს შეფასების საგანი), გარდა ამისა, უდავოა, რომ არ დარღვეულა მხარეთა თანასწორობის პრინციპი (სსსკ-ის მე-5 მუხლი), თუმცა, პალატა შენიშნავს, რომ როგორც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სერტიფიკატი, ისე _ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ გამოთქმული პრეტენზია დასაქმებულის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილების არარსებობის თაობაზე უარყოფას ექვემდებარება და მხედველობაში არ იღებს საკასაციო სასამართლო.
1.5.2. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებული სადავოდ არ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მისი აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე შეუძლებელია, შესაბამისად, ამ საკითხს საკასაციო პალატა შეფასების გარეშე ტოვებს, ამგვარ შეუდავებელ ვითარებაში კი, იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არსებობდა კომპენსაციის დამსაქმებლისათვის დაკისრების წინაპირობები, მით უფრო, რომ კომპენსაციის ოდენობა საკასაციო საჩივრის საგანს არ წარმოადგენს.
1.5.3. რაც შეეხება კასატორის პოზიციას სასამართლოს მხრიდან სააპელაციო საჩივრის საფუძვლების ამომწურავად შეუსწავლელობის თაობაზე, გაურკვეველია, ამ დარღვევას რა საპროცესო შედეგს უკავშირებს კასატორი. გარდა ამისა, ნიშანდობლივია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ: ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30), შესაბამისად, კასატორის არც აღნიშნული მსჯელობა არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
1.6. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ნების კანონიერებაზე, ასევე, ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. კასატორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში წამყვანი სპეციალისტის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტების საქმისათვის დართვის თაობაზე.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული საგადახდო მოთხოვნის ასლები 9 (ცხრა) ფურცლად.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 31.01.2018წ. #00138 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა(ა)იპ ჩ-ას (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 31.01.2018წ. #00138 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. კასატორს დაუბრუდეს საკასაციო საჩივარზე დართული საგადახდო მოთხოვნის ასლები 9 (ცხრა) ფურცლად (ს.ფ. 205-213).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე