საქმე №ას-55-55-2018 30 მარტი, 2018 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ქ. ც-ია, გ. ც-ია, გ., ს. და რ. ბ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. ჯ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ც-იას, გ. ც-იას, გ. ბ-ის, ს. ბ-ისა და რ. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან მფლობელები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ზ-ის #51-ში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი 114,75 კვ.მ სხვენის (ს/კ #01.10.12.005.072.01.5--, შემდგომში _ დავის საგანი ან უძრავი ქონება) გამოთხოვა და გამოთავისუფლებული ქონების მესაკუთრისათვის გადაცემა, ასევე, მიყენებული ზიანის _ 1 542,76 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება, მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულელბად გადაცემის თაობაზეც.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა. ქონებას მოპასუხეები ფლობენ და არ ათავისუფლებენ მას, რითაც ხელს უშლიან მოსარჩელეს, ისარგებლოს საკუთრებით. სხვენში მოწყობილი სველი წერტილებიდან ჩამონადენმა წყალმა მოსარჩელეს დაუზიანა საკუთრებაში არსებული ქონების მე-2 სართულის ჭერი. მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1 542.76 ლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და გნმარტეს, რომ სადავო ფართი ეკუთვნოდა გ. ბ-ის მამას, რომელიც მოსარჩელის მეუღლეა. მოსარჩელემ ისარგებლა მეუღლის ხანდაზმულობით, მოტყუებით გადაიფორმა საკუთრებაში უძრავი ქონება და უკანონოდ ახორციელებს საკუთარი მეუღლის შვილის, რძალის და შვილიშვილების გამოსახლებას. რაც შეეხება წყლის ჩამოდინებით გამოწვეულ ზიანს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სველი წერტილები მოწყობილია სამშენებლო ნორმების დარღვევით, შესაბამისად, პასუხისმგებელი შეიძლება იყოს მხოლოდ მშენებელი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა, და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება, მათვე დაეკისრათ მიყენებული ზანის _ 1 542,76 ლარის ანაზღაურება და განაწილდა პროცესის ხარჯები, რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, იგი უარყოფილ იქნა სასამართლოს მიერ.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მისი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დავის საგანი;
1.2.2. სადავო უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები;
1.2.3. მოპასუხეთა მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება;
1.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 21 სექტემბრის #5004781015 დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ზ-ის #51-ში მდებარე უძრავი ქონების - 114.75 კვ.მ სხვენში განთავსებული სველი წერტილი დაზიანებულია, რაც იწვევს წყლის და საკანალიზაციო მასების ჩადინებას ქვედა სართულის საცხოვრებელ ფართში. ქ.თბილისში, ზ-ის №51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მიყენებული დაზიანებების გამოსასწორებლად ჩატარებული სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 1 542.76 ლარს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორთა შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 992-ე მუხლები, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, შესაბამისად, არ არსებობს კასატორების გამოსახლების საფუძველი, გარდა ამისა, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც, რადგანაც მფლობელებმა არაერთხელ გაწიეს ხარჯები, როგორც დაზიანების, ისე _ სარემონტო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, ზიანი აღმოფხვრილია და არ არსებობს მისი ანაზღაურების წინაპირობა.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და ორივე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხებმა ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურეს მართლზომიერი ფლობის ფაქტი, უფრო მეტიც, საკასაციო საჩივარში აღნიშნეს მხოლოდ ის, რომ სამართლის ნორმა არასწორად განიმარტა. რაც შეეხება მოსარჩელის საკუთრების უფლებას, იგი საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული, მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელეს არ აქვს ნამდვილი უფლება, თუმცა რაში გამოიხატება ეს საკითხი და რა მტკიცებულებით დასტურდება, საკასაციო საჩვარში არ არის მითთებული, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორთა უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად, გარდა ამისა, დადგენილია, რომ მესაკუთრემ მფლობელებს წარუდგინა პრეტენზია, რის გამოც მათი მფლობელობა (თუნდაც არამართლზომიერი) შეწყდა (სკ-ის 168-ე მუხლი);
1.5.2. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, ამ შემთხვევაში პალატა იზიარებს კასატორთა პოზიციას სამართლის ნორმის არასწორი გამოყენების თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია. პალატა განმარტავს, რომ ნაგებობაში წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალური სახეა და იგი არა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითთებული, არამედ _ მე-1000 მუხლით რეგულირდება. ამ ნორმით ნაგებობაში წყალი მომეტებულ საფრთხედაა მიჩნეული და მფლობელს, მიუხედავად ბრალისა, ავალდებულებს ზიანის ანაზღაურებას. აქვე ნიშანდობლივია, რომ ნორმის სუბიექტს ნაგებობის იურიდიული მფლობელი წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ კასატორები ფლობდნენ სადავო ქონებას, შესაბამისად, მათ ეკისრებათ მფლობელობის განმავლობაში წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხება ზიანის ფაქტს, ასევე, საკომპენსაციო თანხას, იგი დადასტურებულია მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტზის დასკვნით, რომელიც მართებულად იქნა შეფასებული ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან (სსსკ-ის 105-ე მუხლი), კასატორებს ამ მტკიცებულების საპირწონედ რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ. რაც შეეხება მათ მითითებას, რომ ზიანი აღმოფხვრილია მფლობელთა ხარჯით, ეს საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება, თავის მხრივ, ამ მტკიცების განხორციელება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდათ ნაგებობის მფლობელებს. შესაბამისად, პალატა უარყოფს კასატორთა ამ არგუმენტსაც.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ასევე, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ნ. ნ-ის მიერ 29.01.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ც-იას, გ. ც-იას, გ. ბ-ის, ს. ბ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: ქ. ც-იას (პ/#...), გ. ც-იას (პ/#...), გ. ბ-ს (პ/#...), ს. ბ-სა (პ/#...) და რ. ბ-ს (პ/#...), კანონოერი წარმომადგენლები: გ.ც-ია და გ.ბ-ი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ნ. ნ-ის მიერ 29.01.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე