საქმე №ას-833-779-2017 30 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ თ. და ნ. ნ-ები (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოპასუხე)
კასატორები _ შპს „ბ-ი“, ი. ნ-ი, ნ. ს-ე, თ. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. და ნ. ნ-ები (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. და ნ. ნ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ბ-ის“, ი. ნ-ის, ნ. ს-ის, თ. ს-ისა და შპს „ა-ის“ მიმართ და მოითხოვეს საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #83.02.05.5-- და #83.02.05.5--) გასხვისების შესახებ შპს „ბ-ის“ პარტნიორთა 2014 წლის 20 სექტემბრის კრების გადაწყვეტილებისა და ასევე 2014 წლის 22 სექტემბერს შპს „ბ-სა“ და შპს „ა-ს“ შორის დადებული შპს „ბ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #83.02.05.5-- და #83.02.05.5--) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „ბ-ის“ პარტნიორთა კრების 2014 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით საზოგადოების 37%-იანი წილის მქონე პარტნიორები დარჩნენ მათი წილის შესაბამისი ქონების გარეშე, რადგანაც პარტნიორთა კრებამ, მოსარჩელეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოების სახელზე რიცხული მთლიანი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ და აღნიშნულის შედეგად, საზოგადოება, რომელიც რეალურად არის ბაზრობა, დარჩა საწესდებო კაპიტალისა და უძრავი ქონების _ ტერიტორიის გარეშე, თავის მხრივ, ახალი შემძენი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერს და მის უფლებებს არ იცავს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, რადგანაც ამ სამეწარმეო სუბიექტისათვის ცნობილი იყო პარტნიორთა შორის მიმდინარე დავის თაობაზე, კერძოდ, მან იცოდა, რომ პარტნიორთა 2014 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სასამართლოში, ხსენებული ფაქტები ადასტურებს იმას, რომ დომინანტმა პარტნიორებმა უფლებამოსილება გამოიყენეს ბოროტად და დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნები. საწარმო, მიღებული გადაწყვეტილებით, დარჩა არათუ უძრავი ქონების, არამედ _ საწესდებო კაპიტალის გარეშე. გარდა ამისა, არამიზნობრივად იქნა გახარჯული ფულადი სახსრები, რის გამოც საზოგადოების ანგარიშზე არც ამჟამად და არც სამომავლოდ ფულადი სახსრები აღარ დაირიცხება. საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ ტერიტორია გამოყენებულია სავაჭრო ადგილებად და წარმოადგენს შემოსავლის ლეგიტიმურ წყაროს. გარიგების ნამდვილობას გამორიცხავს ისიც, რომ საბოლოოდ ქონების გასხვისება მოხდა ფიქტიურ საწარმოზე _ საზოგადოების პარტნიორთა ახლობლების მიერ რამდენიმე დღით ადრე დაარსებულ სამეწარმეო სუბიექტზე, რომელიც რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 28 ივლისს და საქმიანობის სახედ მითითებული აქვს „საკოლმეურნეო ბაზარი“, მაშინ, როდესაც რეგისტრაციისას არც რაიმე ტერიტორია და არც სავაჭრო ობიექტი არ გააჩნდა, რეგისტრაციის ადგილად კი, მითითებულია სოფელი ფონიჭალა. ახალ დაარსებულ საწარმოს არც სამეწარმეო საქმიანობა უწარმოებია და არც ქონების შეძენის მატერიალური რესურსი გააჩნდა. შემძენს რეალურად არ გადაუხდია ნასყიდობის ღირებულება, რაც გარიგების ფიქტიურ ხასიათზე მიუთითებს. ამავე სქემით ხდება ახალი შემძენის დაფინანსება შპს „ბ-ის“ სალაროდან დირექტორის მიერ გატანილი ფულით, დაფინანსების მეორე ტრანშის განაღდება განხორციელდება საიჯარო შემოსავლებით, რადგანაც ახალშექმნილ საწარმოს ფინანსების მოძიების სხვა წყარო არ გააჩნია.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით შპს „ბ-მა“, ი. ნ-მა, ნ. ს-ემ და თ. ს-ემ არ ცნეს სარჩელი და აღნიშნეს, რომ კომპანიის წესდების საფუძველზე მათ უფლება ჰქონდათ, მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მიღებული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა კომპანიის ინტერესებიდან;
2.2. წარდგენილი მოთხოვნა ასევე არ ცნო შპს „ა-მა“, მისი მითითებით, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. და ნ. ნ-ების სარჩელი შპს „ბ-ის“ პარტნიორთა 2014 წლის 20 სექტემბრის კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 2014 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ბ-ის“ პარტნიორთა 2014 წლის 20 სექტემბრის კრების გადაწყვეტილება საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #83.02.05.5-- და #83.02.05.5--) გასხვისების შესახებ, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ბ-სა“ და შპს „ა-ს“ შორის 2014 წლის 22 სექტემბერს დადებული შპს „ბ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #83.02.05.5-- და #83.02.05.5--) ნასყიდობის ხელშეკრულება.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ბ-ის“, ი. ნ-ის, ნ. ს-ისა და თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება 2014 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: #83.02.05.5-- და #83.02.05.5--) ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. და ნ. ნ-ების სარჩელი 2014 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების (ს/კ #83.02.05.5-- და #83.02.05.5--) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორების მოთხოვნა:
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ნ. ნ-ებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ (ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
6.2. ამავე გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს შპს „ბ-მა“, ი. ნ-მა, ნ. ს-ემ და თ. ს-ემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში) გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ისინი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხოლო, თ. და ნ. ნ-ების სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:
1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.
1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული (როგორც სარჩელის დაკმაყოფილების, ისე _ მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებები იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; იხ. სუსგ-ები # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
1.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ:
1.3.1. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დავის მხარეები წარმოადგენენ შპს „ბ-ის“ პარტნიორებს და ფლობენ შესაბამის წილებს საზოგადოებაში (თ. ნ-ი _ 20%, ი. ნ-ი _ 20%, ნ. ნ-ი _ 17%, ნ. ს-ე _ 23%, თ. ს-ე _20%), შესაბამისად, მოსარჩელეები ფლობენ საზოგადოების წილის 37 %-ს. ამონაწერის თანახმად, შპს „ბ-ის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ამავე საზოგადოების დირექტორი - ი. ნ-ი;
1.3.2. შპს „ბ-ის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა;
1.3.3. შპს „ბ-ის“ პარტნიორთა 2013 წლის 17 ივლისის #4 კრების ოქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2012 წლის მოგებიდან მიღებული შემოსავლიდან 74 000 ლარის დივიდენდის სახით განაწილებისა და დარჩენილი თანხის საზოგადოებაში რეინვესტირების შესახებ;
1.3.4. საზოგადოების პარტნიორთა 2014 წლის 29 მარტის კრების ოქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2013 წლის მოგების სრულად რეინვესტირების შესახებ. კრების ოქმის მიხედვით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად ორგანიზებული ბაზრობებისათვის აუცილებელი გახდა სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მიღება, ხოლო სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად აუცილებელი იყო შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
1.3.5. 2013 წლის 17 ივლისის კრების ოქმზე თანდართული ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „ბ-ს“ არ შეუსრულებია, არ აუთვისებია 2012 წლის რეინვესტირებული მოგება, ისევე, როგორც არ დასტურდება პარტნიორთა 2014 წლის 29 მარტის კრებაზე დამტკიცებული რეინვესტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად, რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულ დასკვნას ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის შესახებ, სასამართლოში არ წარდგენილა. 2014 წლის აპრილში თ. და ნ. ნ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ბ-ის“, ი. ნ-ის, ნ. ს-ისა და თ. ს-ის მიმართ, 2012 და 2013 წლების წლიური ანგარიშების სისწორის შემოწმების უფლების განხორციელებისა და შპს „ბ-ის“ პარტნიორთა კრების 2014 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ-ს“ დაევალა მოსარჩელეებისათვის დოკუმენტაციის გაცნობა და შემოწმება. 2014 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი იმ ნაწილში, რომლითაც განისაზღვრა საზოგადოების მოგების რეინვესტირება. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით კი, თ. და ნ. ნ-ებისა და შპს „ბ-ის“, ი. ნ-ის, ნ. ს-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა;
1.3.6. 2014 წლის 20 სექტემბერს მოწვეულ იქნა შპს „ბ-ის“ პარტნიორთა კრება, შპს „ბ-ის“ პარტნიორებს შორის მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით მორიგების შესაძლებლობის განხილვისა და შპს „ბ-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ თანხმობის განცხადების მიზნით. საზოგადოების პარტნიორთა 2014 წლის 20 სექტემბრის კრების ოქმით, დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორთა შორის მორიგება ვერ შედგა. მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ მორიგების ერთ-ერთ პირობად დასახელებულ იქნა ქონების რეალიზაცია და ამონაგები თანხის განაწილება წილების მიხედვით. კრების ოქმის დღის წესრიგის მეორე საკითხის თაობაზე პარტნიორთა 63%-ის თანხმობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „ბ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი რეალიზაციის (გაყიდვა, რაც გულისხმობს უძრავი ქონების ნებისმიერ მყიდველზე გასხვისებას) თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მოტივი კანონმდებლობით სავალდებულო სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობისათვის საზოგადოების მიერ შესაბამისი სახსრების უქონლობაა. 2014 წლის 20 სექტემბერს გამართულ კრებაზე მოსარჩელეებმა თ. და ნ. ნ-ებმა მხარი არ დაუჭირეს ქონების თავისუფალ რეალიზაციას. 2014 წლის 20 სექტემბერს პარტნიორთა კრებაზე, მოგების შესასრულებელი სამუშაოების გაანგარიშება წარდგენილი არ ყოფილა;
1.3.7. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ქ.მარნეულში, შპს „ბ-ის“ ტერიტორიაზე სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიული მოწყობის საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება საქმის მასალების, მოქმედი ტექნიკური ნორმებისა და 2014 წლის მე-3 კვარტლის დონეზე არსებული სამშენებლო რესურსების ფასების გათვალისწინებით შეადგენს 6 865 637,50 ლარს დღგ-სა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით;
1.3.8. 2014 წლის 22 სექტემბერს თ. და ნ. ნ-ების წარმომადგენელმა წერილი გაუგზავნა შპს „ბ-ის“ დირექტორს ი. ნ-ს კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონების შეძენის სურვილისა და მისი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასების შესახებ;
1.3.9. 2014 წელს შპს „ბ-ის“ მიერ სრულად იქნა გასხვისებული მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის გაქირავება/იჯარით გაცემა წარმოადგენდა საწარმოს ძირითად საქმიანობას.
1.4. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე სარჩელი აღძრულია საზოგადოების მინორიტარი პარტნიორების მიერ და სადავოდ ხდიან საზოგადოების ქონების გასხვისების თაობაზე ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციას. სარჩელში იურიდიულ ინტერესად მითითებულია, რომ დომინანტ პარტნიორთა მიერ საკუთარი ძალაუფლების გამოყენება საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდაა განხორციელებული, მათ გაასხვისეს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში არსებული ქონება, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება ახორციელებდა საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობას. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სახეზეა მინორიტარ პარტნიორთა მიერ აღძრული დერივატიული სარჩელი („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი შპს-ის პარტნიორის სარჩელის უფლებას განსაზღვრავს 46.5. მუხლით, სადაც საუბარია საზოგადოების მიერ მესამე პირის მიმართ მოთხოვნის წარუდგენლობაზე, თუმცა, სამართლის დოქტრინაში ეს ნორმა ფართოდ განიმარტება და მას კორპორაციული სარჩელის უფლებად მოიხსენიებენ, ამ სარჩელის საგანი არის პარტნიორის მიერ საზოგადოების ინტერესების დასაცავად, მის ნაცვლად და მის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის შესაძლებობა და სახეზეა პარტნიორი, რომელიც არა საკუთარი, არამედ, საზოგადოების ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად, დერივატიულ სარჩელთა სახეობას მიეკუთვნება მათ შორის დომინანტი პარტნიორის მიერ საზოგადოების ინტერესების საწინააღმეგოდ საკუთარი დომინანტური მდგომარეობის გამოყენების წინააღმდეგ წარდგენილი მოთხოვნა), რომლის მიზანიც საზოგადოების ქონებრივი ინტერესების დაცვაა და მიმართულია სადავო გარიგებებით განკარგული საზოგადოების საწესდებო კაპიტალის დაბრუნებისკენ. ამ მიზნის მიღწევა კი, მხოლოდ აღიარებითი სარჩელის პირობებში შეუძლებელია, ამ მოთხოვნის რეალიზაციის საშუალებას მიკუთვნებითი სარჩელი წარმოადგენს, სასამართლო კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს (საზოგადოებას) იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.
1.5. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
1.6. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. 2018 წლის 8 თებერვალს საკასაციო სასამართლოს #ა-859-18 განცხადებით მომართა თ. და ნ. ნ-ების წარმომადგენელმა და იშუამდგომლა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე.
2.2. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ამ ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება არ ხდება, რამდენადაც საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს და ის გადაწყვეტილების კანონიერებას აფასებს სამართლებრივი თვალსაზრისით საქმეში უკვე არსებული დოკუმენტების საფუძელზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებათა წარმოდგენა კანონით არ არის დაშვებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თ. და ნ. ნ-ებს უბრუნებს მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს 19 (ცხრამეტი) ფურცლად.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადახდილი ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 187-ე, 372-ე, 399-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. და ნ. ნ-ების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ბ-ის“, ი. ნ-ის, ნ. ს-ისა და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინება და თ. და ნ. ნ-ების სარჩელი შპს „ბ-ის“, ი. ნ-ის, ნ. ს-ის, თ. ს-ისა და შპს „ა-ის“ მიმართ, შპს „ბ-ის პარტნიორთა კრების 2014 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
4. თ. და ნ. ნ-ებს დაუბრუნდეთ 08.02.2018წ. #ა-859-18 განცხადებაზე დართული მტკიცებუოლებები 19 (ცხრამეტი) ფურცლად.
5. თ. ნ-სა (პ/#...) და ნ. ნ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ გიორგი თითბერიძის მიერ 12.06.2017წ. #54 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6 000 ლარის 70% _ 4 200 ლარი.
6. შპს „ბ-ს“ (ს/კ #...), ი. ნ-ს (პ/#...), ნ. ს-ესა (პ/#...) და თ. ს-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ტ. ჩ-ის მიერ ი. ნ-ის სახელით 15.06.2017წ. #11 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარისა და ტ. ჩ-ის მიერვე შპს „ბ-ის“ სახელით 13.07.2017წ. #13690942 საგადახდო დავალებით გადახდილი 7 700 ლარის, სულ _ 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე