საქმე №ას-783-732-2017 28 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ე. გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ. წ-ი, ე. ბ-ე, გ. ა-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები _ ი. და დ.ა-ეები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ჯ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ა-ის, ნ. წ-ის, ე. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მფლობელები), ი. და დ.ა-ეების (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხეები ან თანამფლობელები) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.რუსთავში, გ-ის ქ#2-ში, მე-3 სართულზე მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი #13 ბინის (ს/კ #02...) გამოთხოვის მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მარტივი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი ქ.რუსთავში, გ-ის ქ#2-ში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი #13 ბინა (ს/კ #02...) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეს.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი, რომლის პასუხადაც აპელანტებმა 2017 წლის 20 მარტის განცხადებით მოითხოვეს საპროცესო ვადის გაგრძელება. 2017 წლის 31 მარტის განჩინებით კი, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით დატოვა განუხილველად, თითქოს მხარეს განცხადება საერთოდ არ წარუდგენია სასამართლოში, რაც არასწორია, რადგანაც განცხადების წარდგენის ფაქტს ადასტურებს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. წ-ის, ე. ბ-ისა და გ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. პალატის შეფასების საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს, ამ საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე:
1.2.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კერძო საჩივრის ავტორებმა და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. შუამდგომლობა არც ფორმალურად არის დასაბუთებული და არც ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ერთვის, თავად სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილია ნანა ქ-ის მიერ;
1.2.2. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, დაუსაბუთებლობის გამო არ გაიზიარა აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და რადგანაც სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, დაადგინა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტებს, განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადის დაცვით დაავალა:
- იმის მითითება, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდნენ აპელანტები;
- მითითებას გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს;
- სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
- აპელანტების: გ.ა-ისა და ე.ბ-ის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის ან მათ მიერ ნ.ქ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულების წარდგენა (ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა მსგავსი დოკუმენტი);
1.2.3. 2017 წლის 18 იანვრისა და 17 თებერვლის განჩინებებით სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტთა შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და იგი გაგრძელდა ორჯერ, პირველად _ 10 დღით, ხოლო მეორედ _ 5 დღით;
1.2.4. 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა ე. ბ-ეს (საკუთარი და ნ.წ-ის გზავნილი ჩაბარდა 2017 წლის 13 მარტს, ხოლო გ.ა-ის კორესპოდენცია _ 2017 წლის 17 მარტს).
1.2.5. 2017 წლის 21 მარტს სააპელაციო სასამართლოს გადაეცა ნ. წ-ისა და ე. ბ-ის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მათი ოჯახური მდგომარეობა კიდევ შეიცვალა და გ.ა-ესაც მიუვიდა ანალოგიური განჩინება, რის გამოც განმცხადებლებმა მოითხოვეს ხარვეზის გამოსწორების ვადის კვლავ გაგრძელება. გ.ა-ეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს;
1.2.6. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 31 მარტის განჩინებით, იმ საფუძვლით, რომ აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
1.3. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მათ უკანასკნელ განცხადებაზე საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, კერძოდ:
1.3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილებიდან გამომდინარე, სასამართლო შეტყობინება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუკი მის მიერ მითითებულ მისამართზე იგი ჩაბარდება პირადად ან მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2017 წლის 17 თებერვლის განჩინება, რომლითაც საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეებს 5 (ხუთი) დღით განესაზღვრათ, როგორც საკუთარი, ისე _ ნ.წ-ის სახელით ჩაიბარა ე. ბ-ემ 2017 წლის 13 მარტს. სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად ერთხელ ჩაბარებისა, გ. ა-ეს გაუგზავნა 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება (ხარვეზის დადგენის შესახებ), რომელიც ასევე ჩაიბარა ე. ბ-ემ 2017 წლის 17 მარტს. სადავო არაა, რომ კერძო საჩივრის ავტორები ცხოვრობენ ერთსა და იმავე მისამართზე და არიან ოჯახის წევრები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო ვალდებულებათა შესრულების ვადა დაიწყო უწყების ჩაბარების მომდევნო დღეს (ე.ბ-ისა და ნ.წ-ის შემთხვევაში _ 2017 წლის 14 მარტს, ხოლო გ.ა-ის შემთხვევაში _ 2017 წლის 18 მარტს, თუმცა ამ უკანასკნელს საერთოდ აღარ მიუმართავს სასამართლოსთვის, შესაბამისად, მისი პრეტენზიის მიმართ საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს) და ვინაიდან 5-დღიანი ვადის უკენასკნელი დღე _ 18 მარტი იყო შაბათი, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს _ 20 მარტს, 24:00 საათზე. საქმეში წარმოდგენილია განცხადება ნ.წ-ისა და ე.ბ-ის სახელით, რომელსაც არ ერთვის საფოსტო კონვერტი და ამ განცხადებით მოთხოვნილია საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება, თუმცა, იგი წარდგენილია 2017 წლის 21 მარტს, საპროცესო ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოსათვის მიმართვის საპროცესო ვადის გაშვების გამო გასაჩივრებული განჩინების მიმართ გავლენას ვერ იქონიებდა ის გარემოება, სააპელაციო სასამართლო შეაფასებდა თუ არა განცხადებას გასაჩივრებული განჩინებით.
1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებას საპროცესო ვადის დაცვის თაობაზე და ამ მიზნით წარმოდგენილ მტკიცებულებებს: კერძო საჩივარს ერთვის შპს „სკს“ ფოსტის ორი ბილი: #002578095 და #002655499. მათგან პირველზე არ ირკვევა კორესპოდენციის გამგზავნის ვინაობა და დანიშნულების ადგილი, ირკვევა მხოლოდ ის, რომ გაურკვეველმა პირმა გაურკვეველ მისამართზე გზავნილის ჩაბარების მიზნით ფოსტას მიმართა 2017 წლის 20 მარტს. საფოსტო ბილზე არ არის ადრესატის მიერ გზავნილის მიღების თარიღიც აღნიშნული, უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლომ ვებგვერდის მონაცემებზე დაყრდნობით (www.tnt.ge) ამ დოკუმენტის ნამდვილობა ვერ დაადგინა, რადგანაც ამგვარი გზავნილი არ არის რეგისტრირებული (#002578095), რაც შეეხება #002655499 ქვითარს, იგი შეეხება მ.ლ-ის გზავნილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მ.ლ-ე წინამდებარე საქმის სუბიექტი არ არის, ამასთანავე, დოკუმენტით ირკვევა, რომ კორესპოდენცია ფოსტას ჩაბარდა 2017 წლის 29 მაისს და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 30 მაისს (ანალოგიური მონაცემებია ასახული ვებგვერდზეც www.tnt.ge), ხოლო, საქმეში წარმოდგენილი განცხადება სააპელაციო სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა 2017 წლის 21 მარტს. ამდენად, მხარის მცდელობა, დაარწმუნოს სასამართლო მისი მხრიდან საპროცესო ვადის დაცვაში დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ.
1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368-ე (5) მუხლებით და მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. წ-ის, ე. ბ-ისა და გ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე