Facebook Twitter

საქმე №ას-585-544-2017 14 ივლისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ-ას“ უფლებამონაცვლე სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „ბ-ამ“ (უფლებამონაცვლე სს „თ-ი“, იხ. საკასაციო სასამართლოს 16.06.2017წ. განჩინება, შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ ქ.თბილისში, დ-ის დასახლების მე-3 მ/რ-ის მე-15 კორპუსში მდებარე #150 ბინის (ს/კ #01...) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, დ-ის დასახლების მე-3 მ/რ-ის მე-15 კორპუსში მდებარე #150 ბინა (ს/კ #01...) და გამოთავისუფლებული ქონება გადაეცა მესაკუთრეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგანაც მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2017 წლის 21 მარტს, ამ თარიღიდან მე-14 დღე არის 3 აპრილი და სააპელაციო საჩივარიც ამ ვადის დაცვითაა წარდგენილი. ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყებოდა 14 მარტს და ამოიწურებოდა 27 მარტს, მოპასუხისათვის არ განუმარტავთ, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ლახავს მხარის უფლებებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა კანონებს, რადგანაც მხარეს წაერთვა სასამართლოში დავის გაგრძელების შესაძლებლობა და შეილახა მისი საკუთრების უფლება, მაშინ, როდესაც საქმის განხილვის შემთხვევაში არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები, ამასთანავე, ეს არც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს დაარღვევს, რადგანაც დაცული იქნება მისი რეალური ინტერესი (იგულისხმება მხარის პოზიცია დავის მორიგებით დასრულების თაობაზე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს აპელანტის მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2017 წლის 10 თებერვალს, 17:20 საათზე. 2017 წლის 25 იანვრის სხდომას პირადად ესწრებოდა მოპასუხე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე იგი, გარდა საოქმო განჩინებისა, გაფრთხილდა ხელწერილით, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილისა;

1.2.2. 2017 წლის 10 თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა მოპასუხე;

1.2.3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2017 წლის 2 მარტი, ხუთშაბათი, 30-ე დღე _ 12 მარტი, კვირა, ხოლო გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 27 მარტი, ორშაბათი (მე-14 დღე არის 2017 წლის 26 მარტი, კვირა, შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ორშაბათს, თანახმად სსსკ-ის 61.2 მუხლისა);

1.2.4. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მფლობელმა საქალაქო სასამართლოს წერილობით მიმართა 2017 წლის 21 მარტს და იმავე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილება;

1.2.5. სააპელაციო საჩივარი მხარემ სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 3 აპრილს.

1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. უდავოა ის ფაქტიც, რომ კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტი არ არის.

1.5. შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი - იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).

1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში მას შემდეგ, რაც ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონი თავად განსაზღვრავს გასაჩივრების ვადის დენის დასაწყისს, ამასთანავე მხარე ჯეროვნად იყო ინფორმირებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე, შესაბამისად, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე უარყოფს საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და იმის თაობაზე, რომ მას წაერთვა გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა და დაირღვა მხარის საკუთრების უფლება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სამართალწარმოებაზე უარის თქმა წარმოადგენს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, ისე _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებაში ჩარევას, თუმცა, მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, ეს უფლებაც არ არის აბსოლუტური და ჩარევა გამართლებულია (უფლების დარღვევა გამორიცხულია), თუ იგი ლეგიტიმურ მიზანს ემყარება. ამ შემთხვევაში ლეგიტიმურ მიზნად გვევლინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე (1) მუხლის იმპერატიული დანაწესი, რომელიც თავად აპელანტის მხრიდანაა დარღვეული, შესაბამისად, მისი პრეტენზიები უსაფუძვლოა და გაზიარებას არ ექვემდებარება.

1.7. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 61-ე, 63-ე და 369-ე მუხლებით და სწორად უთხრა უარი მფლობელს სააპელაციო საჩივრის მიღებაზე. კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს ამ განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლებზე მითითებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე