Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-94-კს-02 27 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. და ნ. ჯ-ებმა სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონის სასამართლოს და მოითხოვეს მ. ს-ის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, სოფ. ... საკრებულოს 1994წ. 17 ივნისის ¹122 გადაწყვეტილების გაუქმება და ზღვრულ ნორმამდე მიწის შევსება მ.ს-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთიდან იმ მოტივით, რომ ს-ის ცალკე კომლად გამოყოფა მოხდა მიწის შევსების რიგითობის დარღვევით და აღნიშნული მიწა ადრე მათი მამა-პაპისეული იყო.

ოზურგეთის რაიონის სასამართლოს 2000წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. და ნ. ჯ-ებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა სააპელაციო-საკასაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. და ნ. ჯ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი მ. ს-ის სახელზე 1998წ. 21 მაისს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების ¹64 აქტი; ოზურგეთის რაიონის სოფ. ...ს გამგეობასა და ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დაევალათ საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ლ. და ნ. ჯ-ებისათვის, ასევე მ.ს-ის უფლებამონაცვლე მა. ს-ისათვის მიწის ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე შევსების შესახებ; უარი ეთქვა ლ. და ნ. ჯ-ების სასარჩელო მოთხოვნას მ. ს-ის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ დვაბზუს საკრებულოს გამგეობის 1994წ. 17 ივნისის ¹122 დადგენილების გაუქმების თაობაზე, ხანდაზმულობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით მ.ს-ის კომლად გამოყოფის დადგენილების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ამდენად აპელანტის მოთხოვნა 1994წ. 17 ივნისის ¹122 დადგენილების გაუქმების შესახებ უსაფუძვლოა. ამასთან, საქმეში არსებული სადავო ტერიტორიის სქემიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ. ს-ზე გაცემული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ ესაზღვრება ლ. ჯ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რის გამოც მიმდებარეობის მოტივით მ. ს-ზე გაცემული ნაკვეთის ხარჯზე დანაკლისის შევსების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა.

2001წ. 5 დეკემბერს მა. ს-მა მემკვიდრეობის უფლებით მიიღო საკუთრებაში 2000წ. 29 ოქტომბერს გარდაცვლილი მ. ს-ის მთელი სამკვიდრო ქონება, მათ შორის 1925 მ2 მიწის ნაკვეთი, ამდენად სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დაცული უნდა ყოფილიყო მა. ს-ის, როგორც მესაკუთრის უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელეების ცალკე კომლად გამოყოფა მოხდა მ. ს-ზე ადრე, მათ პირველ რიგში უნდა შევსებოდათ საკარმიდამო ნაკვეთი დადგენილ ზღვრულ ნორმამდე და შემდეგ უნდა გაცემულიყო ნაკვეთი მ. ს-ზე. ამასთან, პალატამ გაითვალისწინა, რომ მ. ს-ს ნაკვეთი გამოეყო მისი ძმის სარგებლობაში არსებული ნაკვეთიდან, რომელიც არ ესაზღვრება ლ. ჯ-ის ნაკვეთს. ასევე მ.ს-საც უნდა შევსებოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, შესაბამისი კატეგორიის მიხედვით ზღვრულ ნორმამდე. იმის გამო, რომ არ იქნა დაცული მიწის შევსების რიგითობა, სრულყოფილად არ იქნა შევსებული ფართობი და დაირღვა მ. ს-ის უფლებები, სააპელაციო პალატამ ბათილად ცნო მ. ს-ის სახელზე 1998წ. 21 მაისს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ¹64.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს ლ. და ნ. ჯ-ებმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვეს განმარტება შემდეგ საკითხებზე:

1) მ. ს-ის სახელზე 1998წ. 21 მაისს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების ¹64 აქტის ბათილად ცნობის შედეგად უნდა გადასცემოდა თუ არა ჯ-ებს ის მიწის ფართობი, რომელზედაც გაუქმდა ს-ის უფლებები;

2) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოცემული დებულება იმის შესახებ, რომ “დაირღვა მიწის შევსების რიგითობა, სრულყოფილად არ იქნა შევსებული ფართობი, რითაც დაირღვა მ. ს-ის უფლებები, ბათილად უნდა ჩაითვალოს მ. ს-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი”, მექანიკური შეცდომის გამო გასწორდა და ნაცვლად მ.ს-ისა მიეთითა ლ.ჯ-ი. აღნიშნული შესწორება არ არის შეტანილი გამგეობისა და მხარეთათვის გაგზავნილ გადაწყვეტილების ასლებში;

3) მიწის რეფორმის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით მიწები გარკვეულ დრომდე გაიცემოდა მამა-პაპისეულობისა და მემკვიდრეობის უპირატესობით ან საერთო საფუძვლით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კი წამოწეულია მიმდებარეობის მოტივი;

4) მა. ს-ის უფლებამონაცვლეობა უკანონოა, რადგან შედგენილი დოკუმენტი არ უნდა დაემტკიცებინა ნოტარიუსს მიწაზე დავისა და მიწის საჯარო რეესტრში გაუტარებლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის განჩინებით განმცხადებლებს განემარტათ, რომ მ.ს-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაბრუნებას მისი მესაკუთრისათვის _ სახელმწიფოსათვის, რომელსაც უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი. სასამართლოს მითითებით სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დებულება გაგებული უნდა იქნეს პირდაპირი მნიშვნელობით და მ.ს-ის ნაცვლად ჯ-ის მითითება მექანიკური შეცდომაა, ხოლო რაც შეეხება საკითხს ეკუთვნოდა თუ არა მ.ს-ს საკუთრების თუ მიმდებარეობის პრინციპით მიწის ნაკვეთი, იყო თუ არა მა. ს-ის უფლებამონაცვლეობა კანონიერი, აღნიშნულზე სასამართლოს გადაწყვეტილებაში მსჯელობა არ ყოფილა, აღნიშნული არ იყო განხილვის საგანი და შესაბამისად სასამართლომ ამ საკითხებს განმარტებას არ მისცა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ლ. და ნ. ჯ-ებმა. მათი აზრით, მ.ს-ის უფლებების დარღვევაზე საუბარი აბსურდია. მიწის შევსების რიგითობის დარღვევით ზიანი მიადგათ მათ, ამასთან ს-ი ფლობდა ზღვრულ ნორმაზე მეტ მიწის ფართობს და სახელმწიფოსაგან ფულად დახმარებასაც იღებდა. ამდენად, 1998წ. 21 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ლ.ჯ-ის უფლების დარღვევის გამო. შესაბამისად, სამოტივაციო ნაწილში მ.ს-ის ნაცვლად უნდა ეწეროს ჯ-ი. მა. ს-ი ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული მ. ს-ის მემკვიდრედ, რაც აუცილებელია უძრავი ნივთის შესაძენად. სასამართლომ არ გაითვალისწინა ამ საკითხთან დაკავშირებული პროცესუალური შედეგები, რომ პროცესში უფლებამონაცვლის მოპასუხედ ჩაბმა დამოკიდებულია მოსარჩელის სურვილზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ნოემბრის განჩინება; ახალი განჩინებით ლ. და ნ. ჯ-ებს განემარტათ, რომ მ.ს-ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს ამ ადმინიტრაციული აქტის ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. სხვა საკითხების განმარტებაზე კერძო საჩივრის ავტორებს უარი ეთქვათ და ამ ნაწილში კერძო საჩივარი გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. და ნ. ჯ-ების კერძო საჩივარი, უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. და ნ. ჯ-ების კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებით და განემარტათ, რომ მ.ს-ის სახელზე 1998წ. 21 მაისს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების ¹64 აქტის ბათილად ცნობა ნიშნავს ადმინისტრაციული აქტის ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, ხოლო სხვა საკითხების განმარტებაზე კერძო საჩივრის ავტორებს უარი ეთქვათ და სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამიტომ საკასაციო პალატა პროცესუალურად უფლებამოსილია იმსჯელოს საოლქო სასამართლოს მიერ დაუკმაყოფილებელ კერძო საჩივრის დანარჩენ მოთხოვნებზე.

2. კერძო საჩივრის ავტორები განმარტებას ითხოვდნენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ შემდეგ წინადადებასთან დაკავშირებით: «იმის გამო, რომ დაირღვა მიწის შევსების რიგითობა, ასევე სრულყოფილად არ იქნა შევსილი ფართობი, რითაც დაირღვა მ.ს-ის უფლებები, ბათილად უნდა ჩაითვალოს მ.ს-ის სახელზე 1998წ. 21 მაისს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ¹64». კერძო საჩივრის ავტორთა აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის მექანიკური შეცდომა და მ.ს-ის გვარის ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო ჯ-ი, რადგან სწორედ მათი უფლებებია დარღვეული. კერძო საჩივრის ავტორები ასევე მიუთითებდნენ, რომ მიწის რეფორმის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში მიწების განაწილების დროს გათვალისწინებული იყო მამა-პაპისეულობისა და მემკვიდრეობის უპირატესობა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კი წამოწეულია მიწების «მიმდებარეობის» მოტივი, რაზეც კერძო საჩივრის ავტორები ასევე ითხოვდნენ განმარტების.

საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხებზე განმარტების მიცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და თვლის, რომ ამ ნაწილში კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სსკ-ს 262-ე მუხლი შინაარსის შეუცვლელად გადაწყვეტილების განმარტებაში გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას, რომელიც უნდა აღსრულდეს, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის განმარტება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამასთან თუ კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნდათ, რომ გადაწყვეტილების მითითებულ წინადადებაში დაშვებულია მექანიკური შეცდომა და მ.ს-ის ნაცვლად ჯ-ი უნდა ეწეროს, მაშინ სასამართლოსათვის მათ უნდა მიემართოთ არა გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, არამედ განცხადებით გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ, თანახმად სსკ-ს 260-ე მუხლისა;

3. კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან ასევე მოპასუხე მ. ს-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ მ. ს-ის ჩაბმის კანონიერებას, რაც, მათი აზრით, სააპელაციო პალატამ კანონის დარღვევით განახორციელა, რადგან სასამართლოს მათი თანხმობის გარეშე არ ჰქონდა საპროცესო უფლებამონაცვლის ჩაბმის უფლება, რასაც საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სსკ-ს 85-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის თანხმობა საჭიროა მხოლოდ არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ხოლო მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში, ამავე კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უშვებს გარდაცვლილი მხარის შეცვლას საპროცესო უფლებამონაცვლით. სასამართლოს აღნიშნული პროცესუალური უფლება შეუზღუდავია და სხვა მხარის თანხმობა საპროცესო უფლებამონაცვლის ჩაბმაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. და ნ. ჯ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 ნოემბრის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.