საქმე №ას-222-222-2018 30 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. რ. ს-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ #161213035ნ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანისა და პირგასამტეხლოს 500 აშშ დოლარამდე შემცირების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 28 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 5 000 აშშ დოლარი, 4%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, ერთი თვის ვადით, 2013 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 0,3% _ 15 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის სრულად დაფარვამდე. პირველი თვის პროცენტი _ 200 აშშ დოლარი გადახდილია სესხის თანხასთან ერთად. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, გ-ის ქ#10-ში (ყოფილი 48), დაზუსტებული ფართობი 19.00 კვ.მ (ს/კ 01.16.01.008.007.01.5--, შემდგომში _ იპოთეკის საგანი). ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო (იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში), მსესხებელმა ვერ შეძლო ვალდებულების დროულად შესრულება, მან გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი _ 200 აშშ დოლარი. გამსესხებლის განცხადების საფუძველზე ნოტარიუსმა 2016 წლის 20 ოქტომბერს გასცა #161213035 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: სესხის ძირი თანხა _ 5 000 აშშ დოლარით, 2013 წლის 29 ნოემბრიდან მის აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო _ 15 აშშ დოლარით, რაც სარჩელის შეტანის დროისათვის შეადგენდა 17 010 აშშ დოლარს, სააღსრულებო ფურცლის ამოწერისათვის გადახდილი საზღაური _ 100 ლარით, დღგ _ 18 ლარით და რეესტრში რეგისტრაციის საფასური _ 2 ლარით. ამასთან, კრედიტორმა მოითხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროში აუქციონზე გატანის გზით. დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრულია და იგი უნდა შემცირდეს 500 აშშ დოლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მისთვის უცნობია მოვალე როდის გახდა სოციალურად დაუცველი, თუმცა ეს საკითხი აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ვალდებულების შესრულებას არ გამორიცხავს, მიუხედავად კრედიტორის არაერთი მოთხოვნისა, მოვალე ვალდებულებას არ ასრულებდა, რის გამოც, მოპასუხე იძულებული გახდა მიემართა ნოტარიუსისათვის. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სააღსრულებო ფურცელი კრედიტორმა მოთხოვნის სამწლიანი ვადის ბოლოს ამოაწერინა, თუმცა, არ ითვალისწინებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გამსესხებელი ცდილობდა თანხის დაბრუნებას, თუმცა, უშედეგოდ, ამასთან, ვერ გაუშვებდა ხანდაზმულობის ვადას, რომლის გასვლასაც, სავარაუდოა, რომ მოსარჩელე ელოდა. მოსარჩელე თავად არის არაკეთილსინდისიერი, სამი წლის განმავლობაში კრედიტორი არ იყო წინააღმდეგი, რომ მსესხებელს ვალდებულება ნაწილ-ნაწილ მაინც შეესრულებინა, მისი ამგვარი მოქმედებით გამსესხებელს მიადგა ზიანი, რადგანაც თანხის საბანკო დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში, მიიღებდა გარკვეულ მოგებას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მხარეებს შორის 2013 წლის 28 ოქტომბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 5 000 აშშ დოლარი, 4%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, ერთი თვის ვადით, 2013 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის სრულად დაფარვამდე ძირი თანხის 0,3%-ით _ 15 აშშ დოლარით განისაზღვრა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსეხსხებლის უძრავი ქონება;
1.2.2. მსესხებელმა დაარღვია 2013 წლის 28 ოქტომბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
1.2.3. 2016 წლის 20 ოქტომბერს გამსესხებლის განცხადების საფუძველზე ნოტარიუსმა ქ. ბ-მა გასცა #161213035 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია მოპასუხე, ხოლო მოვალე - მსესხებელი. აღსასრულებელ ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა:
- სესხის ძირითადი თანხით _ 5000 აშშ დოლარით;
- პირგასამტეხლოთი _ 2013 წლის 29 ნოემბრიდან მის აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 15 აშშ დოლარით, რაც სარჩელის აღძვრის დროისათვის შეადგენდა 17 010 აშშ დოლარს;
- სააღსრულებო ფურცლის ამოწერისათვის გადახდილი საზღაურით _ 100 ლარით, დღგ-ით _ 18 ლარითა და რეესტრში რეგისტრაციის საფასურით _ 2 ლარით. ამასთან, კრედიტორმა მოითხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროში აუქციონზე გატანის გზით;
1.2.4. კრედიტორმა შეამცირა აღასრულებელი ვალდებულების მოცულობა 7 000 აშშ დოლარამდე, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 5 000 აშშ დოლარია, ხოლო პირგასამტეხლო _ 2 000 აშშ დოლარი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილები, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსესხებელმა, ფინანსური მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების გამო, ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ სააღსრულებო ფურცლის აღების მიზნით, ნოტარიუსს ვალდებულების შესრულების ვადის დადგომიდან დაახლოებით სამი წლის შემდგომ მიმართა, მაშინ, როდესაც მას ჯერ კიდევ 2013 წლის 29 ნოემბრიდან ჰქონდა სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის უფლება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, გარდა ამისა, ამგვარი ქმედებით დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნაც, რამდენადაც გამსესხებლის მიზანს პირგასამტეხლოს უკანონოდ გაზრდა წარმოადგენდა. მართალია, მან პირგასამტეხლო 2 000 აშშ დოლარამდე შემცირა, თუმცა, ეს არ არის კასატორისადმი კეთილი ნებით გამოწვეული, არამედ, მიზნად ისახავდა სასამართლოში ნაკლები ოდენობით ბაჟის გადახდას, გარდა ამისა, 2 000 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალია და სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ იგი 500 აშშ დოლარამდე უნდა შეამციროს. ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0,3%-ის _ 15 აშშ დოლარის მოვალისათვის დაკისრება ეწინააღმდეგება საკრედიტო ურთიერთობისათვის გათვალისიწნებულ გონივრულ სტანდარტებს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კასატორი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და იღებს დახმარებას, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლით მისთვის დაკისრებული ძირი თანხის გადახდაც ოჯახს გაურთულებს ცხოვრებას, ხოლო კრედიტორის ქმედება ორიენტირებულია მოვალისაგან თანხის უსაფუძვლოდ მიღებაზე.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 286-ე მუხლების შესაბამისად, მოვალემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას გამოავლინა ნება იმისა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულება მოხდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაციით, გარდა ამისა, იგი დათანხმდა მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრვი საშუალების გამოყენებას (სკ-ის 417-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ერთი თვის ვადით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არა თუ დათქმულ დროს, სამი წლის შემდეგაც არ შეუსრულებია და ამჟამადაც სადავოდ ხდის სააღსრულებო წარმოებას. ამ ფაქტების ურთიერთშედარებით, გამორიცხულია კრედიტორის ქმედება მიჩნეულ იქნას არამართლზომიერად. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, უფლების ბოროტად გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, თუ პირი მოქმედებს არამართლზომიერად, ამასთან, ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას და არ ემსახურება საკუთარი უფლების დაცვას ან აღდგენას. ის ფაქტი, რომ კრედიტორმა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევიდან დაუყოვნებლივ არ აიღო და არ წარადგინა სააღსრულებო ფურცელი, არ შეიძლება განვიხილოთ უფლების ბოროტად გამოყენებად, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა გამსესხებელმა საკუთარი უფლების რეალიზაცია მოახდინა კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში და მისი ქმედება კანონიერ მიზნებს ემსახურება.(იხ. სუსგ №ას-1385-1307-2012, 7 თებერვალი, 2013 წელი). მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია მოთხოვნის შემცირების შესახებ განცხადება, რომლითაც კრედიტორმა მიმართა აღმასრულებელს და მოითხოვა პირგასამტეხლოს მხოლოდ 2 000 აშშ დოლარამდე შემცირება, შესაბამისად, პალატა აღარ იმსჯელებს ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირგასამტეხლოს განაკვეთის გონივრულ ოდენობაზე, რადგანაც ჯამურად შემცირებულია იგი, ხოლო თავად თანხა _ 2 000 აშშ დოლარი სრულად შეესაბამება, როგორც პირგასამტეხლოს ფუნქციის შენარჩუნებას (მინიმალური ზიანის უზრუნველყოფა), ისე _ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნებს და ამ თანხის კიდევ შემცირებას საფუძვლად ვერ დაედება ის გარემოება, რომ მოვალე, რომელმაც ვალდებულების შესრულებას სამ წელზე მეტი ხნით გადააცილა, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩვრებული განჩინება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგაროვან პრაქტიკას (იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე