საქმე №ას-234-234-2018 4 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ტ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „თ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებისა და სიმძლავრის გაზრდის მომსახურების საფასურის _ 3 500 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 3 500 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ ;
3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტს არ ჩაბარებია, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს, რადგანაც, როგორც სააპელაციო საჩივარშიც იყო აღნიშნული, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს არარეალურად დიდი თანხა დააკისრა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს ეზღუდება უფლებები. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნავს, რომ მხარეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია, თუმცა იგი მიიჩნია ჩაბარებულად, მაშინ, როდესაც ჩაბარების მიზნით საჯარო შეტყობინებაც არ გაგზავნილა, რაც არღვევს მხარის უფლებებს. საგულისხმოა, რომ მოსარჩელესთან არსებული დავის გაჭიანურება მხარის მიზანს არ წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის უფლებები დაირღვა როგორც პირველი, ისე _ ზემდგომი სასამართლოს მხრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ტ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტიელბის ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ;
1.2.2. სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვვეპუნქტების მოთხოვნებს, ასევე, მასზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც, სააპელაციო საჩივარს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივარის სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 10 (ათი) დღით და აპელანტს განემარტა საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შედეგების შესახებ;
1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა ფოსტით სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა კომპანიის დირექტორს 2017 წლის 10 ივლისს (შპს-ის ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების თაობაზე იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი);
1.2.4. სააპელაციო პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით, კომპანიის დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე, აპელანტს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა გაუგრძელდა 14 (თოთხმეტი) დღით და კვლავ განემარტა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები;
1.2.5. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კვლავ ფოსტით გაეგზავნა ადრესატს და საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, 2017 წლის 4 აგვისტოს პირადად ჩაბარდა კვლავ კომპანიის დირექტორს;
1.2.6. უდავოა, რომ მხარეს სასამართლოსათვის არც ხარვეზის გამოსწორების მიზნით და არც რაიმე შუამდგომლობით აღარ მიუმართავს.
1.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაუბარებლობისა და მის თაობაზე მხარის არაინფორმირებულობის შესახებ, რადგანაც ამგვარი პრეტენზია სინამდვილეს არ შეესაბამება, რამდენადაც საქმეში არსებული დოკუმენტებით განსხვავებული გარემოებები დასტურდება. რაც შეეხება უფლებების დარღვევას, საკასაციო პალატა, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის, ისე _ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტში განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება გარკვეულ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს. შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს სადავო უფლების დაცვის პროპორციული. ამგვარი ლეგიტიმური საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, ხოლო, პროპორცია _ ამავე კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული მხარეთა თანასწორობის პრინციპია.
1.4. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტმა დაარღვია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, რის გამოც არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე (5) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი