Facebook Twitter

საქმე №ას-687-687-2018 20 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ა-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ა (განმცხადებელი)

მოპასუხე – სსიპ „დ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ბ-ამ (შემდგომში - „განმცხადებელი’’) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №2ბ/4403-16) სარეზოლუციო ნაწილის 3.3.1 და 3.3.2 პუნქტების ბათილად ცნობა.

2. განცხადება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.3.1 პუნქტით გადაწყდა თ. ა-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) აღდგენა სსიპ ,,დ-ში’’ (შემდგომში -,,მოპასუხე’’ ან „ცენტრი’’) ტოლფას-გ-ის მენეჯერის თანამდებობაზე. ხოლო 3.3.2 პუნქტით ცენტრს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, 2014 წლის 11 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის-1500 ლარის გათვალისწინებით.

2.2. განმცხადებელი, 2017 წლის 9 იანვრიდან, ცენტრის დირექტორის 2017 წლის 5 იანვრის №10/კ ბრძანების საფუძველზე, მუშაობს ცენტრის გ-ის სამმართველოს გ-ის პროგრამის მენეჯერის თანამდებობაზე.

2.3. 2018 წლის 12 მარტს, ცენტრის დირექტორის №-- წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ მოსალოდნელი იყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, რადგან იმავე თანამდებობაზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, აღდგენილ იქნა მოსარჩელე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება. აღნიშნულ წერილს განმცხადებელი გაეცნო 13 მარტს.

2.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა მოსარჩელის იმ თანამდებობაზე აღდგენა, რომელსაც იკავებს განმცხადებელი. ასეთი თანამდებობა არის მხოლოდ ერთი, შეუძლებელია პროგრამას ორი ხელმძღვანელი ჰყავდეს და შესაბამისად, ერთადერთი გზა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისათვის არის განმცხადებლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუკი ის გულისხმობს თანამდებობიდან განმცხადებლის გათავისუფლებას, ახდენს უშუალო გავლენას განმცხადებლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებზე. თუმცა იმ საქმის წარმოების ფარგლებში, რომელიც დასრულებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, განმცხადებლის რაიმე ფორმით მონაწილეობა არ ყოფილა უზრუნველყოფილი, რაც დაუშვებელი იყო. განმცხადებლისთვის ცნობილი არ არის, თუ რამდენად ინფორმირებული იყო სასამართლო იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული თანამდებობა არ იყო ვაკანტური, მაგრამ პროცესში განმცხადებლის მონაწილეობის შემთხვევაში, იგი შეძლებდა დაესაბუთებინა, რომ ამ თანამდებობაზე, როგორც ტოლფასზე (რომც იყოს ეს თანამდებობა ასეთი, თუმცა ეს გარემოებაც არ არის დაზუსტებით ცნობილი), მოსარჩელის აღდგენა იყო გაუმართლებელი და არსებითად არასწორი.

2.5. ცენტრს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა მოსარჩელისათვის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის-1500 ლარის ოდენობით მაშინ, როდესაც ცენტრის დირექტორის 2017 წლის №10/კ ბრძანების მიხედვით, იმ თანამდებობისთვის, რომელსაც განმცხადებელი იკავებს, თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1200 ლარის ოდენობით.

2.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ №ა-2032-ბ-9-2015 განჩინებაში გაკეთებული განმარტებიდან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების, განმცხადებლის მიერ გასაჩივრებულ ნაწილებში, ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლებისათვის.

3. განცხადებაზე მოსაზრება წარმოადგინა მოსარჩელემ, რომელიც არ დაეთანხმა განმცხადებლის მოთხოვნას და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. არასწორია განმცხადებლის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცენტრის დირექტორმა გაუგზავნა შეტყობინება 2018 წლის 12 მარტს. აღნიშნული ვერ იქნება სიმართლე, რადგან სადავო სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში შევიდა კანონიერ ძალაში და მას შემდგომ არაერთმა მედია საშუალებამ მოამზადა სიუჟეტი/სტატია/ნიუსი. შესაბამისად, ისეთი რეზონანსული საქმის შესახებ ინფორმაციის არარსებობა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლისთვის, როგორიც არის წინამდებარე საქმე, მითუმეტეს ცენტრის წინააღმდეგ, არის სრულიად წარმოუდგენელი ფაქტი. მოსარჩელის ინფორმაციით, განმცხადებელმა დაწინაურებამდე იცოდა, რომ ეს პოზიცია იყო სადავო, შესაბამისად მას უნდა ჰქონოდა საქმის ამგვარად განვითარების მოლოდინი და ბუნებრივია, რომ მიადევნებდა თვალს ამ პროცესს.

3.2. 2014 წლიდან 2017 წლის 5 იანვრამდე იმ პოზიციაზე, რომელზეც მოსარჩელე ითხოვდა სამსახურში აღდგენას, როგორც გათავისუფლებამდე არსებული პოზიციის ტოლფას პოზიციაზე, არავინ ყოფილა დანიშნული. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას ცენტრის წარმომადგენელს სასამართლომ არაერთხელ დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, გამოცხადებული იყო თუ არა კონკურსი და იყო თუ არა ვინმე დასაქმებული ამ პოზიციაზე. სწორედ ამ საკითხის დასაზუსტებლად გადაიდო ერთ-ერთი ზეპირი სხდომა. შემდგომ პროცესზე წარმომადგენელს არ წარმოუდგენია ამასთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტობრივი გარემოება და არც სათანადო მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებები გამოიკვლია სწორედ 2017 წლის 21 თებერვლის სხდომაზე, როდესაც, როგორც ახლა გაირკვა, განმცხადებელი თვენახევრის დაწინაურებული იყო სადავო პოზიციაზე. განმცხადებელი არ დანიშნულა კონკურსის საფუძველზე, არამედ დაინიშნა დაწინაურების საფუძვლით. ცენტრის მხრიდან აღნიშნული მოქმედების განხორციელება კი აშკარად მიმართულია იმისკენ, რომ სასამართლო დავის მოსარჩელის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ხელი შეშლოდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

3.3. სასამართლო გადაწყვეტილება, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში, თანხვედრაშია უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მყარად დადგენილ პრაქტიკასთან. არც ერთ საქმეში, რომელშიც განიხილებოდა პირის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას პოზიციაზე, არ მოუწვევიათ და არც მიმდინარე საქმეებში იწვევენ აღსადგენ პოზიციაზე დავის პროცესში დასაქმებულ პირებს, რადგან უშუალოდ განსახილველი მოთხოვნებისა და დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ვარგისი არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობას აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან. ამასთან, აღდგენის თვალსაზრისით, სასამართლოსთვის არ არის მნიშვნელოვანი იმ გარემოების დადგენა, დავის მიმდინარეობისას დანიშნულია თუ არა სხვა პირი სადავო პოზიციაზე, მითუმეტეს კერძო შრომით ურთიერთობებში (გ-ის მენეჯერი არ განიხილება საჯარო მოხელედ და მასზე მოქმედებს შრომის კოდექსი).

3.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. განმცხადებელს შეუძლებელია არ ჰქონოდა წინამდებარე საქმის შესახებ ინფორმაცია და იგი დაინტერესების შემთხვევაში ვალდებული იყო საქმის დასრულებამდე დაეყენებინა შუამდგომლობა, საქმეში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით. თუმცა, სამართლებრივად, შრომითი კატეგორიის დავებში არ არის გათვალისწინებული მსგავსი საფუძვლით მესამე პირის ჩართვა, მით უფრო იმ ფონზე, რომ მისი ჩართვის შემთხვევაშიც არ იქნებოდა მიღებული განსხვავებული შედეგი.

3.5. მნიშვნელოვანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებასა (საქმე №2ბ/4328-13) და იმავე სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე №2ბ/1100-15) სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები. 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით (საქმე №ას-940-890-2015) და სრულად არის გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პირი თანამდებობაზე უნდა აღდგეს იმისგან დამოუკიდებლად, დავის მიმდინარეობისას სადავო პოზიცია დაკავებული აქვს თუ არა სხვა პირს.

3.6. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა, საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით კონკურსის დროებით შეჩერების შესახებ, იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ დაწესებულებაში რომც დაინიშნოს პირი, ეს არ შეუშლის ხელს მოსარჩელის სამსახურში აღდგენას იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნება მოსარჩელის უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლება, სხვა პირის მიერ პოზიციის დაკავება ვერ იქნება ამ მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებაში (საქმე №3/3525-17) სასამართლომ სწორედ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან მიმართებით განმარტა, რომ პირი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღდგეს სამსახურში, იმის მიუხედავად არის თუ არა პოზიცია კვლავ ვაკანტური.

3.7. ცენტრი უკანონოდ არიდებს თავს გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო მისი თანამშრომლის მხრიდან განცხადების შეტანა, ემსახურება ცენტრის (და არა ამ თანამშრომლის პირადი ინტერესების დაცვას) ერთადერთ მიზანს, გაჭიანურდეს აღსრულება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქმის განახლების შემთხვევაშიც, არ შეიცვლება შედეგი, მხოლოდ გაჭიანურდება გადაწყვეტილების აღსრულება.

3.8. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ აწარმოა მოლაპარაკება და მორიგების თაობაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ცენტრის შემოთავაზება მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას გულისხმობდა.

3.9. განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებამ და გადაწყვეტილების შეცვლამ შეიძლება შექმნას სახიფათო პრეცედენტი, რომელიც გაამარტივებს სამსახურიდან არასასურველი კადრების გათავისუფლებას და კანონდარღვევით გათავისუფლებულ დასაქმებულს არ დაუტოვებს საშუალებას აღადგინოს სამართლიანობა, რადგან დავის მოგების შემთხვევაშიც კი, ახლადდანიშნული პირის გათავისუფლებაზე უარის თქმის არგუმენტით იგი შეიძლება ვერ აღდგეს პოზიციაზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.3; 3.3.1 და 3.3.2 პუნქტები და დადგინდა, რომ ამ ნაწილში საქმე განხილულიყო თავიდან საერთო წესის დაცვით.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების 3.3; 3.3.1 და 3.3.2 პუნქტების თანახმად, თ. ა-ის სარჩელი ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და გათავისუფლებიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოსარჩელე აღდგენილ იქნა ცენტრში ტოლფას - გ-ის მენეჯერის, თანამდებობაზე და ცენტრს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 11 მარტიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის - 1500 ლარის, გათვალისწინებით.

5.2. 2018 წლის 15 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მ. ბ-ამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.3.1 და 3.3.2 პუნქტების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი, როგორც დაინტერესებული პირი, მიწვეული არ ყოფილა ამ დავის განხილვისას.

5.3. სააპელაციო ინსტანციაში საქმის (№2ბ/4403) არსებითი განხილვისას, კერძოდ 2017 წლის 5 იანვრიდან, განმცხადებელი შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დასაქმებული იყო ცენტრში იმ თანამდებობაზე, რომელზეც მოსარჩელე, მისი უკანონო გათავისუფლების გამო, აღდგენილი იქნა, როგორც ტოლფას თანამდებობაზე (ვინაიდან სტრუქტურული ცვლილებების გამო ცენტრში აღარ არსებობდა ის პირვანდელი თანამდებობა - პროექტების მენეჯერის თანამდებობა, საიდანაც გათავისუფლდა მოსარჩელე).

5.4. განმცხადებელი დავის განხილვისას მოწვეული არ ყოფილა და ასევე უდავოა, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უშუალო გავლენას ახდენს მის უფლებებზე, რამდენადაც მოსარჩელის ამ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა განაპირობებს ამ თანამდებობიდან განმცხადებლის გათავისუფლებას.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებით, საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

7. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ აღდგენილა პირვანდელ თანამდებობაზე (პროექტების მენეჯერის თანამდებობა), არამედ იგი აღდგა ტოლფას თანამდებობაზე (რომელიც დავის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის მომენტიდან შესაბამისი საფუძვლით დაკავებული ჰქონდა განმცხადებელს), განმცხადებელი მიჩნეულ უნდა იქნეს სსსკ-ის 422-ე მულის პირველი ნაწილის "გ" პუნქტით გათვალისწინებული მიზნებიდან გამომდინარე დაინტერესებულ პირად, რომელიც მოწვეული უნდა ყოფილიყო დავის განხილვისას და უნდა მიცემოდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, ვინაიდან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, უშუალოდ შეეხო მის უფლებებს.

8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიციის საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტი მასზედ, რომ განმცხადებლისათვის არათუ 2018 წლის 12 მარტისთვის, არამედ გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო ცნობილი ამ დავის მიმდინარეობის და მასზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან არაერთი მედია საშუალების მიერ მომზადდა არაერთი სიუჟეტი/სტატია/ნიუსი ამ დავასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მტკიცებით, განმცხადებლისათვის ჯერ კიდევ 2017 წლის 5 იანვრამდე, ესე იგი განმცხადებლის ამ თანამდებობაზე დაწინაურებამდე, მისთვის ცნობილი იყო, რომ ეს თანამდებობა დავის საგანს წარმოადგენს და, რომ განმცხადებელს ამ თანამდებობაზე დაწინაურების შემდეგ უნდა ჰქონოდა მოვლენათა ამგვარი განვითარების მოლოდინი.

9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, მითითებული არგუმენტი, არც განცხადების ერთთვიან ვადაში წარდგენის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნის (სსსკ-ის 426-ე მუხ-ის 1-ლი და მე-2 ნაწ.) დაუცველობის თვალსაზრისით და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესის თვალსაზრისით, არ წარმოშობს გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ განმცხადებლის განცხადების დაკმაყოფილებისთვის დაბრკოლებას, ვინაიდან განცხადებაზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დადასტურებულია, რომ განმცხადებელს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა 2018 წლის 12 მარტის წერილით. შესაბამისად ის არგუმენტი, რომ განმცხადებელს შეეძლო დავის მიმდინარეობის მომენტშივე განეცხადებინა თავისი პრეტენზიის შესახებ, არადამაჯერებელია.

10. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 09 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ის ნაწილი (სარეზოლუციო ნაწილის 3.3.1.), რომლითაც დადგინდა მოსარჩელის აღდგენა ცენტრში ტოლფას - გ-ის მენეჯერის თანამდებობაზე. ამასთან სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ ვინაიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მოსარჩელის ამ ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარეობდა მეორე მოთხოვნაც, გათავისუფლებიდან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაც, ამდენად, როგორც პირველი მოთხოვნის შემადგენელი, ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებაც (სარეზოლუციო ნაწილის 3.3.2) ექვემდებარებოდა გაბათილებას.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებაზე მოსარჩელემ წარმოადგინა კერძო საჩივარი და ითხოვა ხსენებული განჩინების გაუქმება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი განჩინების მიღება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

12. კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

12.1. მოცემული საქმის ფარგლებში სასამართლომ ორ საკვანძო კითხვას უნდა გასცეს პასუხი: 1. რა სტატუსით შეიძლებოდა განმცხადებელი სააპელაციო წესით საქმის განხილვისას ყოფილიყო მოწვეული; 2. კონკრეტული სტატუსით განმცხადებლის საქმეში ჩართვის შემთხვევაში რამდენად ექნებოდა მას შესაძლებლობა წარმოედგინა სასამართლოსათვის ვარგისი არგუმენტაცია მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით და ექნებოდა თუ არა მას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება.

12.2. განმცხადებელი საქმეში ჩართული ვერ იქნებოდა, როგორც მოპასუხე, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელეს მის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ ჰქონია, მითუმეტეს, რომ განმცხადებელი პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას არც იყო დანიშნული მოსარჩელის პოზიციაზე. რადგან განმცხადებელს რაიმე დამატებითი მოთხოვნები ვერ ექნებოდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცენტრი დროულად წარმოადგენდა მის შესახებ ინფორმაციას, განმცხადებელი შესაძლოა მოწვეულიყო მხოლოდ, როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

12.3. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით (საქმე №ბს-924-920(კს-17)), დადგენილია, რომ ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აუცილებელი არაა სავალდებულოდ მოსაწვევი მესამე პირის ჩაბმა და მას ვერც გასაჩივრების უფლება ექნება. განსხვავებულია სიტუაცია, როდესაც პირი მონაწილეობას იღებდა კონკურსში და სწორედ კონკურსიდან გამომდინარე დაინიშნა. იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება კონკურსის შედეგების გასაჩივრებას, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკურსის შედეგად დანიშნული პირი სასამართლოს მიერ საქმეში სავალდებულო მესამე პირად უნდა იქნეს ჩაბმული, რაც განპირობებულია იმით, რომ ის, როგორც კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს წარმოადგენს, რომელზეც სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამასთან, მას მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ აქტთან პირდაპირი, უშუალო შემხებლობა აქვს.

12.4. სასამართლო გადაწყვეტილება მისი სამსახურში აღდგენის ნაწილში თანხვედრაშია უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მყარად დადგენილ პრაქტიკასთან. არც ერთ საქმეში, რომელშიც განიხილებოდა პირის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას პოზიციაზე, არ მოუწვევიათ და არც მიმდინარე საქმეებში იწვევენ აღსადგენ პოზიციაზე დავის პროცესში დასაქმებულ პირებს, რადგან უშუალოდ განსახილველი მოთხოვნებისა და დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ვარგისი არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობას აღნიშნული პირები მოკლებულნი არიან. ამასთან, აღდგენის თვალსაზრისით, სასამართლოსთვის არ არის მნიშვნელოვანი იმ გარემოების დადგენა დავის მიმდინარეობისას დანიშნულია თუ არა სხვა პირი სადავო პოზიციაზე, მითუმეტეს კერძო შრომით ურთიერთობებში (გ-ის მენეჯერი არ განიხილება საჯარო მოხელედ და მასზე მოქმედებს შრომის კოდექსი).

12.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. განმცხადებელს შეუძლებელია არ ჰქონოდა წინამდებარე საქმის შესახებ ინფორმაცია და იგი დაინტერესების შემთხვევაში ვალდებული იყო საქმის დასრულებამდე დაეყენებინა შუამდგომლობა, საქმეში მესამე პირად ჩართვასთან დაკავშირებით. თუმცა, სამართლებრივად, შრომითი კატეგორიის დავებში არ არის გათვალისწინებული მსგავსი საფუძვლით მესამე პირის ჩართვა, მით უფრო იმ ფონზე, რომ მისი ჩართვის შემთხვევაშიც არ იქნებოდა მიღებული განსხვავებული შედეგი.

12.6. ამ საქმესთან დაკავშირებით, ყურადსაღებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებასა (საქმე №2ბ/4328-13) და იმავე სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე №2ბ/1100-15) სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებები. 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის განჩინებით (საქმე №ას-940-890-2015) და სრულად არის გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ პირი თანამდებობაზე უნდა აღდგეს იმისგან დამოუკიდებლად, დავის მიმდინარეობისას სადავო პოზიცია დაკავებული აქვს თუ არა სხვა პირს.

12.7. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით კონკურსის დროებით შეჩერების შესახებ იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ დაწესებულებაში რომც დაინიშნოს პირი, ეს არ შეუშლის ხელს მოსარჩელის სამსახურში აღდგენას იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნება მოსარჩელის უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლება, სხვა პირის მიერ პოზიციის დაკავება ვერ იქნება ამ მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებაში (საქმე №3/3525-17) სასამართლომ სწორედ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან მიმართებით განმარტა, რომ პირი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღდგეს სამსახურში, იმის მიუხედავად არის თუ არა პოზიცია კვლავ ვაკანტური.

12.8. ცენტრი უკანონოდ არიდებს თავს გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო მისი თანამშრომლის მხრიდან განცხადების შეტანა, ემსახურება ცენტრის (და არა ამ თანამშრომლის პირადი ინტერესების დაცვას) ერთადერთ მიზანს, გაჭიანურდეს აღსრულება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქმის განახლების შემთხვევაშიც, არ შეიცვლება შედეგი, მხოლოდ გაჭიანურდება გადაწყვეტილების აღსრულება.

12.9. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში კერძო საჩივრის ავტორმა აწარმოა მოლაპარაკება და მორიგების თაობაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ცენტრის შემოთავაზება მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას გულისხმობდა.

12.10. განმცხადებლის განცხადების დაკმაყოფილებამ და გადაწყვეტილების შეცვლამ შეიძლება შექმნას სახიფათო პრეცედენტი, რომელიც გაამარტივებს სამსახურიდან არასასურველი კადრების გათავისუფლებას და კანონდარღვევით გათავისუფლებულ დასაქმებულს არ დაუტოვებს საშუალებას აღადგინოს სამართლიანობა, რადგან დავის მოგების შემთხვევაშიც კი, ახლადდანიშნული პირის გათავისუფლებაზე უარის თქმის არგუმენტით იგი შეიძლება ვერ აღდგეს პოზიციაზე.

13. კერძო საჩივარზე მოსაზრება წარმოადგინა განმცხადებელმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:

13.1. სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 91-ე მუხლი, მესამე პირებს, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, ანიჭებს მხარეთა გარკვეულ საპროცესო უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, დავის მიმდინარეობის პროცესში განმცხადებელს ექნებოდა სრული უფლება, სასამართლოში წარედგინა მტკიცებულებები, დაეყენებინა შუამდგომლობები, გაესაჩივრებინა სასამართლოს განჩინებები და ამგვარად დაეცვა თავისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, რის გამოც განმცხადებელი ვარაუდობს, რომ საქმისწარმოების პროცესში მისი ჩართულობის შემთხვევაში, შესაძლოა დავა სხვაგვარი შედეგით დასრულებულიყო.

13.2. დავის განხილვაში განმცხადებლის ჩართულობის შემთხვევაში, იგი სადავოს გახდის მოსარჩელის ყოფილი თანამდებობის, ,,პროექტების მენეჯერისა’’, და ,,გ-ის პროგრამის მენეჯერის’’ თანამდებობების ტოლფასობის საკითხს. ასევე იდავებს იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს მოსარჩელე გ-ის პროგრამის მენეჯერისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილდებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონით მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლო მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ 432-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

18. აღნიშნული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

19. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

20. განმცხადებელმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

21. განმცხადებელმა მიუთითა და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, რომ წინამდებარე შრომით დავაში მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება სამსახურიდან მის გათავისუფლებას იწვევს. შესაბამისად, ის მოწვეული უნდა ყოფილიყო საქმის განხილვაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების შესახებ დაუსაბუთებელია და იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ განმცხადებელი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს.

23. სსსკ 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძლიანობის შესამოწმებლად მნიშვნელოვანია განიმარტოს ვინ არის ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლების მქონე სუბიექტი, სხვაგვარად, ვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს „ეხება უშუალოდ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, და შესაბამისად, ვისი მოწვევა იყო აუცილებელი საქმის განხილვაზე.

24. ტერმინი „უშუალოდ ეხება“ მოცემულ ნორმაში მიუთითებს მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც ახასიათებს პროცესუალურ ტერმინს „მხარე“, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება „უშუალოდ ეხება“ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის თანახმად გააჩნიათ მოთხოვნის უფლება (მოსარჩელე), ეკისრებათ პასუხისმგებლობა (მოპასუხე) ან აქვთ დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

25. შესაბამისად, სსსკ 422.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომლიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. ასეთი პირები არიან პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი.

26. აღნიშნული დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს ხანგძლივი პრაქტიკით, რომლის ანალიზითაც ცალსახად ჩანს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობით დაინტერესებული პირი, როგორც წესი, ან პოტენციური მოპასუხეა ან აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე (იხ. სუსგ #ას-409-409-2018, 2018 წლის 18 მაისი; #ას-269-269-2018, 2018 წლის 20 მარტი; # ას-88-88-2018, 2018 წლის 27 თებერვალი; #ას-1450-1370-2017, 2018 წლის 6 თებერვალი; #ა-3937-ბ-15-2013, 2016 წლის 13 მაისი; #ას-1098-1034-2015, 2015 წლის 22 დეკემბერი; #ას-756-716-2015, 2015 წლის 11 სექტემბერი; # ას-808-759-2015, 2015 წლის 8 სექტემბერი; #ას-1073-1024-2013, 2015 წლის 10 მარტი; #ას-1237-1385-2014, 2015 წლის 2 მარტი; სუსგ #ას-187-180-2012, 2012 წლის 29 მარტი; #ას-1371-1293-2012, 2012 წლის 24 დეკემბერი). თვით განმცხადებლის მიერ ციტირებულ საქმეშიც (საქმე #ა-2032-ბ-9-2015) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის მქონე პირი დავაში, რომელიც მემკვიდრეობის უფლებას ეხებოდა, დამოუკიდებელ პრეტენზიას აცხადებდა სამკვიდროზე, ანუ საქმის განახლების შემთხვევაში უნდა ჩართული ყოფილიყო, როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით (იხ. სუსგ #ა-2032-ბ-9-2015, 2015 წლის 26 ნოემბერი).

27. რაც შეეხება მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მათ დავის საგანთან მიმართებაში დამოუკიდებელი მოთხოვნა არ გააჩნიათ და არც პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ამიტომ ასეთ პირებს სასამართლოს გადაწყვეტილება „უშუალოდ“ ვერ შეეხება. ესენი არიან პირები, რომელთა უფლებებსა და მოვალეობებზეც ერთ-ერთი მხარის მიმართ, შესაძლებელია შემდგომში გავლენა მოახდონის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. თუმცა ის სავარაუდო გავლენა, რომელიც მათ უფლებებსა და მოვალეობებზე შეიძლება გადაწყვეტილებამ მოახდინოს, თავისი სამართლებრივი შინაარსით არ უთანაბრდება გავლენას, რომელიც იგულისხმება სსსკ 422.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტერმინში „უშუალოდ ეხება“. სწორედ ამიტომ, მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეზღუდულად სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით. მათ არ შეუძლიათ გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი ან მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (იხ. სსსკ 91-ე მუხლი) და, რაც მთავარია, მათ არ შეუძლიათ სააპელაციო ან საკასაციო წესით გაასაჩივრონ სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები (იხ. სსსკ 364-ე და 391-ე მუხლები). მათ უფლება აქვთ, საკუთარი ან რომელიმე მხარის ინიციატივით ჩაერთონ საქმეში, მაგრამ არ წარმოადგენენ პროცესის სავალდებულო მონაწილეს. საქმეში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეს მესამე პირად მათი დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო, თუმცა აღნიშნული პირების საქმეში ჩართვა სასამართლოს საკუთარი ინიციატივით არ შეუძლია (იხ. სსსკ 89-ე და 90-ე მუხლები).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ 422.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტში იგულისხმება არა ის პირი, რომელიც შესაძლებელია საქმეში ჩაბმული ყოფილიყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩლო მოთხოვნის გარეშე, არამედ პირი, რომელიც არის პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით (იხ. კვლავ სუსგ #ა-2032-ბ-9-2015, 2015 წლის 26 ნოემბერი; #ას-187-180-2012, 2012 წლის 29 მარტი; #ას-1371-1293-2012, 2012 წლის 24 დეკემბერი).

29. აღნიშნული ნორმის ასეთ განმარტებას მნიშვნელობა აქვს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველყოფად, რადგან თუკი დავუშვებთ, რომ პირი, რომელსაც დამოუკიდებელი მოთხოვნა არ გააჩნია და სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება არა აქვს, უფლებამოსილია მოითხოვოს აღნიშნული გადაწყვტილებების ბათილად ცნობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ პირთა უფლება, ვისაც უშუალოდ ეხება ეს გადაწყვეტილება. ამით საფრთხე შეექმნება გადაწყვეტილების საიმედოობას, რადგან ასეთი მესამე პირები აღიჭურვებიან მხარის ყველა საპროცესო უფლებით. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია სამართლის თეორიაში აღიარებული სამართლის ნორმის განმარტების „მით უფრო მეტის“ ლოგიკური პრინციპი, რომლის თანახმად, თუ მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ შეუძლია გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება, მაშინ მას მით უმეტეს არ შეუძლია მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა.

30. ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, აღნიშნავს, რომ „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ისე რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნეს დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი #18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 58).

31. მოცემულ შემთხვევაში განსახილველი ურთიერთობის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ განმცხადებელი წარმოადგენს იმ პირს, რომელსაც დამქირავებელი თანამდებობიდან ათავისუფლებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ამ თანამდებობაზე სხვა პირის აღდგენის გამო.

32. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დადგინდეს უნდა მიეღო თუ არა მას მოცემულ დავაში მონაწილეობა და რა პროცესუალური სტატუსით.

33. შრომითი სამართლებრივი დავა, რომელიც სამსახურიდან პირის უკანონო გათავისუფლებას ეხება (გარდა, ზოგიერთი გამონაკლისისა) არის ორ მხარეს - დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დავა. შესაბამისად, გამცხადებელი აღნიშნული დავაში, მონაწილეობას ვერ მიიღებდა თანამოპასუხის სტატუსით. აღნიშნული ტიპის დავებში არის მხოლოდ ერთი მოპასუხე - დამსაქმებელი.

34. განმცხადებელს არ გააჩნია არც დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე. თავად განმცხადებელი მიუთითებს, რომ იგი საქმის განხილვაში მოწვეული უნდა ყოფილიყო, როგორც მესამე პირი, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი სასარჩლო მოთხოვნა. შესაბამისად, თუკი მივიჩნევთ, რომ მას ჰქონდა საქმეში მონაწილეობის უფლება, ის შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რომელიც საქმეში ერთვება მხოლოდ საკუთარი ან რომელიმე მხარის ინიციატივით და არ გააჩნია გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის პროცესუალური უფლება. [ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, აგრეთვე, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის პრაქტიკა, რომელიც შრომით-სამართლებრივ დავებში მარტივი და სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირების საპროცესო უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობას შორის განსხვავებას ეხება, და ამ განსხვავებას აფუძნებს სწორედ გავლენის სხვადასხვა სამართლებრივ შინაარსე, რაც მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებამ მოახდინოს (იხ. სუსგ ბს-924-920 (კს-17), 2017 წლის 18 დეკემბერი) ].

35. აღნიშნული უკვე წარმოადგენს საფუძველს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თვით განცხადების და სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება მოცემულ საქმეში დამოუკიდებელი სასარჩლო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სტატუსით განმცხადებლის შესაძლო მონაწილეობას ეფუძნება, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტება გააკეთოს წინამდებარე დავაში თუნდაც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სტატუსით განმცხადებლის დაშვების მართებულობის საკითხზე.

36. შრომით-სამართლებრივ დავაში, რომელიც სამსახურიდან პირის უკანონო გათავისუფლებას ეხება, როგორც წესი, მონაწილეობს ორი მხარე - დასაქმებული და დამსაქმებელი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ პირი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, იგი, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარება პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენას. ხოლო, თუ აღნიშნული შეუძლებელია, დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს იგი ტოლფასი სამუშაოთი ან გადაუხადოს კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

37. პირვანდელ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობისას სასამართლო იკვლევს შეუძლია თუ არა დამსაქმებელს უზრუნველყოს დასაქმებული ტოლფასი სამუშაოთი, რისთვისაც იკვლევს არსებობს თუ არა შესაბამის დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა.

38. აღნიშნული გარემოების - ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის - მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხის ვალდებულებაა გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები (იხ. სსსკ 102-ე მუხლი). დამსაქმებლის ვალდებულებაა მიუთითოს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ არის, ან თუ ტოლფასია, არ არის ვაკანტური. ამ გარემოების დასადგენად საქმის განხილვაში ტოლფას თანამდებობაზე დასაქმებული პირის ჩაბმის საჭიროება არ არსებობს, რადგან საკმარისია, დამსაქმებლის მიერ მტკიცებულების წარდგენა, რომ ადგილი ვაკანტური არ არის (ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთზე და სასამართლოს მიერ ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევის სტანდატზე იხ. სუსგ #ას-902-864-2014, 2015 წლის 30 მარტი; #ას-475-456-2016, 2016 წლის 24 ივნისი; #ას-761-712-2017, 2017 წლის 10 ივლისი).

39. მოცემულ შემთხვევაში, განმხადებლის მითითებით საქმეში მესამე პირად ჩაბმის შემთხვევაში იგი შეძლებდა დაესაბუთებინა, რომ ამ თანამდებობაზე, როგორც ტოლფასზე მოსარჩელის აღდგენა იყო გაუმართლებელი და არსებითად არასწორი. იგი სადავოს გახდიდა მოსარჩელის ყოფილი თანამდებობის, ,,პროექტების მენეჯერისა’’, და ,,გ-ის პროგრამის მენეჯერის’’ თანამდებობების ტოლფასოვნების საკითხს. ასევე იდავებდა იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს მოსარჩელე გ-ის პროგრამის მენეჯერისათვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

40. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, დასახელებული გარემოებების (თანამდებობა არ არის ტოლფასი, არ არის ვაკანტური, ან მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მთხოვნებს) მითითება და, საჭიროებისამებრ, მტკიცებულებებით დადასტურება მოპასუხის/დამსაქმებელის პროცესუალური ვალდებულებაა და არა მესამე პირის.

41. საქმის მასალების შესწავლით ჩანს, რომ მოცემული საქმის არსებითი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია შესაბამის დაწესებულებაში კონკრეტული ტოლფასი თანამდებობის არსებობის საკითხი, რის თაობაზეც საკუთარი პოზიცია წარადგინა დამსაქმებელმა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც განმცხადებელი უთითებს, იგი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას (2017 წლის 5 იანვარს) დაწინაურდა სადავო თანამდებობაზე, დამსაქმებელს სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გარემოებების კვლევისას არ მიუთითებია, რომ თანამდებობას, რომელიც სასამართლომ ტოლფასად მიიჩნია, უკვე იკავებდა სხვა პირი და ის ვაკანტური არ იყო. დამსაქმებელს არც საკასაციო საჩივარში მიუთითებია იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ გამოიკვლია.

42. ამრიგად, სასამართლომ ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნული თანამდებობის ტოლფას თანამდებობად მიჩნევისა და მისი ვაკანტურობის ფაქტის სათანადო კვლევით. თუ დამსაქმებელმა რაიმე მიზეზის გამო საქმის განხილვისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებაზე არ მიუთითა, ეს წარმოადგენს დამსაქმებლის რისკს, რადგან სამოქალაქო პროცესში არსებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს [ან შესაგებელს] და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (იხ. სსსკ მე-4 მუხლი). მათ საშუალება აქვთ მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმატებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წარმოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები და ისარგებლონ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მათთვის მინიჭებული ყველა უფლებით (იხ. სსსკ 83-ე მუხლი).

43. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი #18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53).

44. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას გაამართლებდა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტოლფას თანამდებობაზე პირის აღდგენის შესახებ, რომელიც ეფუძნება სასამართლო კვლევის შედეგად დადგენილ ფაქტს, რომ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია, არ წარმოადგენს ამ თანამდებობიდან სხვა პირის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველს, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია იმ დაშვებით, რომ აღსადგენ თანამდებობაზე არავინ იყო დასაქმებული. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს დამსაქმებლის მიმართ ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმებული პირის უფლებებსა და მოვალეობებზე.

45. მესამე პირად საქმეში მონაწილეობის უფლება არ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვისაც სუბიექტური ინტერესი აქვს ჩაებას საქმეში, უნდა ჩამბულ იქნას მესამე პირად (იხ. გაბელაია ქ., თ. ლილუაშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ. 2003, გვ. 256), არამედ ისეთი, რომლის კანონით განსაზღვრულ უფლება - ვალდებულებებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლო გადაწყვეტილება (იხ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბ. 2014, გვ. 157).

46. შესაბამისად, არ არსებობს განმცხადებლის საქმეში მესამე პირად დაშვების საფუძველი.

47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ განჩინება სამართლებრივად არსებითად დაუსაბუთებელია. ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს, ხოლო განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ;

3. მ. ბ-ას განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე