საქმე № ას-789-756-2016 12 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. წ. (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. გ. (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შეთანხმების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში), საავტორო და პატენტის მფლობელის უფლების გაუქმება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შ. გ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. წ–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 26 იანვარს ნოტარიუს ლ. კ-ის მიერ დამოწმებული შეთანხმება რ-ის ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის პატენტ P-ისა და პატენტ P-ის გამოყენებისა და გასხვისებისათვის 84 080 ლარისა და ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯის, 1 250 ლარის გადახდის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 26 იანვარს ნოტარიუს ლ. კ-ის მიერ დამოწმებული შეთანხმება (რეესტრში რეგისტრაციის №---) შ. გ-ს ნაწილში; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 80 589 ლარის გადახდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა №P-- პატენტზე/გამოგონებაზე ,,კაზმი სილიკომანგანუმის მისაღებად’’ შ. გ-ს პატენტმფლობელობა; შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. გ-ს განცხადება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი თანხის - 1 250 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შ. გ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ნ. წ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, ამავე კოლეგიის 2015 წლის 18 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 26 იანვარს ნოტარიუს ლ. კ-ის მიერ დამოწმებული შეთანხმება (რეესტრში რეგისტრაციის №---) შ. გ-ს ნაწილში; მოპასუხე ნ. წ–ს შ. გ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 84 080 ლარის გადახდა; ნ. წ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ნ. წ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ნ. წ–ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით მხარეთა მორიგების მიზნით დაინიშნა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა 2018 წლის 1 თებერვალს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის სხდომაზე მხარეებს მიეცათ ვადა მორიგებისთვის.
11. 2018 წლის 12 თებერვალს მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს აღნიშნული მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
12. 2018 წლის 12 თებერვლის შეთანხმება მორიგების შესახებ დადებულია შემდეგ მხარეებს შორის:
ა. ნ. წ. (პ/ნ: ---);
ბ. შ. გ. (პ/ნ: ---).
ზემოაღნიშნული შეთანხმებით:
1. მხარეები თანხმდებიან, რომ:
1.1. პატენტზე პ--- „კ-ად“ გაუქმდეს შ. გ-ს საავტორო უფლება და, შესაბამისად, პატენტმფლობელობა (უფლება, რომელიც საქართველოს საპატენტო კანონის მე-18 მუხლის მიხედვით გააჩნია როგორც გამომგონებელს, ასევე - თანაგამომგონებელს), წარმოშობის დღიდან (2003.12.09) და შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილება პატენტში პ---;
1.2. ნ. წ. დავის მორიგების დასრულების მიზნით, თანხმობას აცხადებს, შ. გ–ს გადაუხადოს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, რის შემდეგაც პატენტებიდან პ--- და პ--- გამომდინარე უფლებებზე მხარეთა შორის დავა არსებითად წყდება;
2. მხარეები ადასტურებენ, რომ:
2.1. ნ. წ–მა, მორიგების აქტზე ხელის მოწერამდე, პირადად გადასცა შ. გ-ს მორიგების აქტით განსაზღვრული თანხა 15 000 ლარი, ხოლო შ. გ–მა სრულად მიიღო მორიგების აქტით განსაზღვრული თანხა - 15 000 ლარი;
3. მხარეები გაეცნენ მორიგების აქტის შინაარსს, ეთანხმებიან მას და ადასტურებენ ხელმოწერით. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ №ას-789-756-2016 საქმეზე წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას მხარეებმა დააზუსტეს მათ მიერ წარდგენილი მორიგების აქტი, რომელსაც დაუმატეს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: მიმდინარე დავიდან გამომდინარე სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი, მათ მიერ დაზუსტებული პირობების შესაბამისად, უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
18. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე მომართეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ ნ. წ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1325 (ათას სამას ოცდახუთი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის ავტორის ნ. წ–ისა და მოწინააღმდეგე მხარის შ. გ-ს შუამდგომლობა და დამტკიცდეს, ერთის მხრივ, ნ. წ–სა (პ/ნ: ---) და, მეორეს მხრივ, შ. გ–ს (პ/ნ: ---) შორის 2018 წლის 12 თებერვალს დადებული შეთანხმება (მორიგების აქტი) შემდეგი პირობებით:
ა) პატენტზე პ--- „კ-ად“ გაუქმდეს შ. გ-ს საავტორო უფლება და, შესაბამისად, პატენტმფლობელობა (უფლება, რომელიც საქართველოს საპატენტო კანონის მე-18 მუხლის მიხედვით გააჩნია როგორც გამომგონებელს, ასევე - თანაგამომგონებელს), წარმოშობის დღიდან (2003.12.09) და შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილება პატენტში პ---;
ბ) ნ. წ. დავის მორიგების დასრულების მიზნით, თანხმობას აცხადებს, შ. გ–ს გადაუხადოს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, რის შემდეგაც პატენტებიდან პ--- და პ--- გამომდინარე უფლებებზე მხარეთა შორის დავა არსებითად წყდება;
გ) მხარეები მორიგების აქტზე ხელისმოწერით ადასტურებენ, რომ ნ. წ–მა, მორიგების აქტზე ხელისმოწერამდე, პირადად გადასცა შ. გ–ს მორიგების აქტით განსაზღვრული თანხა 15000 ლარი, ხოლო შ. გ–მა სრულად მიიღო მორიგების აქტით განსაზღვრული თანხა 15000 ლარი;
დ) მხარეები გაეცნენ მორიგების აქტის შინაარსს, ეთანხმებიან მას და ადასტურებენ ხელმოწერით. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ №ას-789-756-2016 საქმეზე წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცებას;
ე) მიმდინარე დავიდან გამომდინარე სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.
2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2015 წლის 18 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება.
3. მხარეთა მორიგების გამო წინამდებარე დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. საკასაციო საჩივრის ავტორს ნ. წ–ს (პ/ნ: ---) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს #-- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1325,75 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე