№ ას-18-18-2018 10 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ღ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს-მ“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ღ-ს (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ს-ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს, 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დანიშნული იყო ა. ღ-ს სააპელაციო საჩივრის განხილვა, რის თაობაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო აპელანტის წარმომადგენელი (რომლის საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილების ვადა და ფარგლები სათანადო წესით იყო დადასტურებული), თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი.
6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოითხოვა სხდომის სხვა დროისათვის გადადება, თუმცა მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-216-ე, 387-ე, 229-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან არ დგინდებოდა მისი სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, ასევე არ დასტურდებოდა თავად აპელანტის გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო გარემოება. შესაბამისად, არსებობდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტის წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მან სასამართლო პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო, რის თაობაზეც წარადგინა კიდეც განცხადება სასამართლოში, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ განცხადებას არ ერთვოდა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. საჩივრის ავტორის განცხადებით, მან შუამდგომლობაზე აღნიშნული ცნობის დართვა ვერ შეძლო, რადგან ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებდა სახლიდან გასვლას, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მისი მდგომარეობა უნდა გაეთვალისწინებინა და სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა მიეჩნია საპატიოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.
13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 18 დეკემბერს 14:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
16. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
17. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი - აპელანტის წარმომადგენელი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 18 დეკემბერს 14:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეუძლებელი იყო დასწრებოდა პროცესს, რის თაობაზეც, განცხადების მეშვეობით, სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე აცნობა სასამართლოს.
18. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორი - აპელანტის წარმომადგენელი საჩივარში მიუთითებს მის მიერ სასამართლო სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოცხადების შეუძლებლობაზე და არაფერს ამბობს თავად აპელანტის მიერ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. ამდენად, წარდგენილი პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აფასებს აპელანტის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას.
19. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, 2017 წლის 18 დეკემბერს, 11:13 საათზე აპელანტის წარმომადგენელმა ხ. ხ–მა სასამართლოში წარადგინა განცხადება სხდომის გადადების თაობაზე, რომლითაც იგი პროცესის გადადებას მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. აქვე განმცხადებელი აღნიშნავს, რომ განცხადებაში მითითებული გარემოების დამადასტურებელ ცნობას წარადგენს მომდევნო სასამართლო სხდომაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 26-27).
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
22. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი, მართალია, სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობაში მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე (რაც მისი მოსაზრებით შეუძლებელს ხდის პროცესზე მის გამოცხადებას), თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. არც კერძო საჩვარს ერთვის საჩივრის ავტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი რაიმე დოკუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს შეეფასებინა მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. საჩივრის ავტორის მხოლოდ მითითება, რომ ძლიერი ტკივილის გამო მან ვერ მოახერხა სხდომაზე გამოცხადება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად.
23. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გარდა აპელანტის წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობისა, დადგენილია, ასევე, თავად აპელანის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტიც, რაც არც კერძო საჩივრით არის სადავოდ გამხდარი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, აპელანტი ა. ღ. ვალდებული იყო და გონივრული დროც ჰქონდა იმისათვის, რომ საქმის განხილვაში პირადად მიეღო მონაწილეობა, თუმცა დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში არც თავად აპელანტი გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მისი და მისი მარწმუნებლის საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ღ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე