საქმე №ას-1556-1476-2017 21 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – სს „ჰ-ა“ (საარბიტრაჟო მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ო“ (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახით შეცვლა, გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. კერძო სააქციო საზოგადოებამ „უ-ო“ (შემდგომში - „განმცხადებელი“ ან „საარბიტრაჟო მოსარჩელე“) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით სს „ჰ-ის“ მიმართ (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“, „დამქირავებელი“, „საარბიტრაჟო მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“) და მოითხოვა განმცხადებლის მიერ საარბიტრაჟო მოპასუხის წინააღმდეგ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საზღვაო საარბიტრაჟო კომისიაში (შემდგომში - „საარბიტრაჟო კომისია“) წარდგენილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება საარბიტრაჟო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ქონებაზე:
1.1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობით: 615.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ---, მისამართი: ქ.თბილისი, მ-ი, ნაკვეთი №---);
1.2. სატრანსპორტო საშუალებები: ა) ---, სახელმწიფო ნომერი: ---, გამოშვების წელი - 2001, VIN/შასი - ---, ფერი - ყვითელი 3/8, ტექ.პასპორტის №---, გაფორმების თარიღი ---; ბ) ავტომანქანა ---, სახელმწიფო ნომერი: ---, გამოშვების წელი - 2014, VIN/შასი ---, ფერი - შავი, ტექ. პასპორტის №---, გაფორმების თარიღი: --;
1.3. საქართველოს ნებისმიერ ბანკში საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები, 70 984.2 აშშ დოლარის ფარგლებში.
2. განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2.1. მხარეთა შორის 2016 წლის 1 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამქირავებელს დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაეცა განმცხადებლის კუთვნილი, არათვითმავალი სატვირთო მცურავი პონტონი: ---, მასზე დამონტაჟებული თვითმავალი მუხლუხა ამწით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირსამაგრ სამუშაოებზე გამოყენების მიზნით. სანაცვლოდ, პონტონის ექსპლუატაციის სხვა ხარჯების დაფარვასთან ერთად, დამქირავებელს განმცხადებლისთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 5600 აშშ დოლარი. ამასთან, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, დამქირავებელს უნდა ჩაეყვანა პონტონი განმცხადებლისთვის უკრაინის პორტ იზმაილში. პონტონის დაბრუნების საგარანტიოდ, დამქირავებელს განმცხადებლისთვის უნდა წარედგინა საბანკო გარანტია პონტონის ბუქსირების ღირებულებაზე ფოთი - იზმაილის მარშრუტებზე - 45 000 აშშ დოლარის ოდენობით;
2.2. 2016 წლის 10 ნოემბერს მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაზე გაფორმდა №1 დამატება, რომლითაც გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ასევე პონტონის დაბრუნებაზე საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულება შეიცვალა საგარანტიო თანხის ანგარიშში განმცხადებლის სასარგებლოდ დამატებით ყოველთვიურად 2000 აშშ დოლარის გადახდის პირობით;
2.3. 2017 წლის 15 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა დამატება №2, რომლითაც ისევ გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და განხორციელდა დამქირავებლის წინა პერიოდის დავალიანებების რესტრუქტურიზაცია.
2.4. 2017 წლის 15 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა დავალიანების შედარების აქტი, რომელმაც მოიცვა სამართალურთიერთობის დაწყებიდან ხელშეკრულებაზე დანართი №2-ის გაფორმებამდე პერიოდი (01.06.2016-15.05.2017წ). აქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ დამქირავებლისთვის წარდგენილი მოთხოვნები შეადგენდა 72 000 აშშ დოლარს, საიდანაც ფაქტობრივად დაფარული იყო 26 400 აშშ დოლარი. დამქირავებლის დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 45 600 აშშ დოლარს;
2.5. დანართი №2-ის გაფორმების დროისათვის, 2017 წლის 15 მაისს განმცხადებელს უკვე აღძრული ჰქონდა სარჩელი საარბიტრაჟო კომისიაში. ხელშეკრულებაზე დამატებისა და შედარების აქტის გაფორმებით განმცხადებელი იმედოვნებდა, რომ დამქირავებელი ჯეროვნად შეასრულებდა საკუთარ აღიარებულ ვალდებულებებს და დავა არბიტრაჟში დასრულდებოდა მორიგებით. დამქირავებელმა გადაიხადა პირველი გადასახადი - 7600 აშშ დოლარი. მომდევნო გადასახადები არ გადაუხდია. შესაბამისად, მორიგება ვერ შედგა და საარბიტრაჟო წარმოება გაგრძელდა;
2.6. საარბიტრაჟო კომისიის კომპეტენცია დასტურდება საარბიტრაჟო შეთანხმებით, რომელიც გათვალისწინებულია მხარეთა შორის გაფორმებული, მსხვილგაბარიტიანი ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ 2016 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების 36-ე პუნქტით;
2.7. საარბიტრაჟო მოპასუხეს იურიდიულ მისამართზე ჩაბარდა არბიტრაჟში აღძრული სარჩელი და თანდართული მასალები. ასევე მას ჩაბარდა ყველა სხდომაზე მოწვევის შესახებ შეტყობინება. დავის განმხილველი არბიტრაჟი დაკომპლექტდა საარბიტრაჟო შეთანხმების თანახმად, ერთი არბიტრის - საზღვაო საარბიტრაჟო კომისიის თავმჯდომარის შემადგენლობით;
2.8. 2017 წლის აგვისტოს თვეში მოწინააღმდეგე მხარემ პონტონი შეიყვანა ფოთის პორტში მიღებული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით და მიატოვა იგი. განმცხადებელმა წერილობით აცნობა მოწინააღმდეგე მხარეს 2016 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების შეწყვეტისა და პონტონის დანიშნულებისამებრ დაბრუნების ვალდებულების შესახებ;
2.9. პონტონი ამჟამად იმყოფება ფოთის პორტში და ხორციელდება მისი ტექნიკური მომზადება განმცხადებლის სახსრებით მისი უკან ტრანსპორტირებისთვის, რადგან მოწინააღმდეგე მხარე არ რეაგირებს შეტყობინებებზე;
2.10. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მომენტისთვის საარბიტრაჟო მოპასუხის დავალიანება განმცხადებლის მიმართ შეადგენს 70 984.2 აშშ დოლარს;
2.11. ზემოაღნიშნულიდან დასტურდება, რომ მოვალე თავს არიდებს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებას. განმცხადებლის ვარაუდით, იგი შეეცდება თავიდან აიცილოს იძულებითი აღსრულება, რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგება საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება, ვინაიდან აღარ იქნება იძულებითი აღსრულების საგანი. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევით დამდგარი ზიანის რეალურად კომპენსირებისთვის ყადაღა უნდა დაედოს მოწინააღმდეგე მხარის იმ ქონებას, რომელიც შესაძლებელია მომავალში გამოყენებულ იქნეს იძულებითი აღსრულების ობიექტად;
2.12. განმცხადებლის მოსაზრებით, მისთვის უცნობია მოწინააღმდეგე მხარის ქონების ღირებულება, ასევე - იმ ვალდებულებების ღირებულებაც, რომლებიც უზრუნველყოფილია ამ ქონებით. უძრავ-მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებათა და შეზღუდვათა გათვალისწინებით, განმცხადებელს მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული უნდა იქნეს იმ ქონების მიმართ, რომელიც არ არის დატვირთული იპოთეკით ან არ არის დაგირავებული ანუ რომელიც არ წარმოადგენს კონკრეტული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას;
2.13. გამომდინარე იქედან, რომ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 70984,2 აშშ დოლარს, მიზანშეწონილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ გამოყენებულ იქნეს ერთდროულად რამდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლებიც ადეკვატური იქნება სასარჩელო მოთხოვნასთან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო საარბიტრაჟო მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დაზუსტებული ფართობით: 615.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი ---, მისამართი ქ. თბილისი, მ-ი, ნაკვეთი №---; საარბიტრაჟო მოპასუხის სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებს: 1) ---, სახელმწიფო ნომერი: ---, გამოშვების წელი - 2001, VIN/შასი - ---, ფერი ყვითელი 3/8, ტექ. პასპორტის №---, გაფორმების თარიღი ---; 2) ავტომანქანა ---, სახელმწიფო ნომერი: ---, გამოშვების წელი - 2014, VIN/შასი - ---, ფერი - შავი, ტექ. პასპორტის №---, გაფორმების თარიღი: ---.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას საქართველოს სასამართლო კომპეტენტურია.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საარბიტრაჟო კომისიაში წარდგენილია განმცხადებლის საარბიტრაჟო სარჩელი მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ თანხის - 50 417.80 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში საარბიტრაჟო კომისიის მიერ და შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა საარბიტრაჟო მოპასუხეს.
6. გამომდინარე იქედან, რომ ფულად სახსრებზე ყადაღის დადებით მოწინააღმდეგე მხარეს ეკრძალება ამ სახსრების გამოყენება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას და დააბრკოლოს სამეწარმეო საქმიანობა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საბანკო ანგარიშების დაყადაღება უნდა განხორციელდეს გამონაკლის და უკიდურეს შემთხვევებში, როდესაც იურიდიულ პირს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება და აშკარაა, რომ აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება, ამასთან, - მხოლოდ მოთხოვნის ფარგლებში და იმ ოდენობით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებამ არ მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი მოპასუხისა და სხვა პირთა უფლებებს.
7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს არ ჰქონდა წარმოდგენილი დასაყადაღებელ ქონებათა (მიწის ნაკვეთისა და მანქანების) შეფასების აქტი, რაც სასამართლოს მისცემდა იმის შესაძლებლობას, რომ შეეფასებინა რამდენად საკმარისი იყო ან რამდენად აღემატებოდა მოთხოვნილ უზრუნველყოფის საშუალებას - დავის საგნის ღირებულება. ამის გამო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება დაუსაბუთებელი იყო.
8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ და მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. განმცხადებელი არ მიუთითებდა იმაზე, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რა საფრთხეს შეუქმნიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. არც სასამართლოს მიუთითებია, თუ რის საფუძველზე წარმოიშვა დასაბუთებული ვარაუდი, რომ უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების გარეშე ვერ აღსრულდებოდა განმცხადებლის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც მოპასუხე არის მოქმედი საწარმო და სრული ფინანსური შესაძლებლობა აქვს გადაიხადოს სადავოდ გამხდარი თანხა (50 417 აშშ დოლარი). იმისათვის, რათა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფის მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. ასეთ დასაბუთებას კი გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს.
8.2. მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.
8.3. მოწინააღმდეგე მხარეს, როგორც მოქმედ საწარმოს, აქვს ფინანსური შესაძლებლობა შეასრულოს კონტრაჰენტის მიმართ არსებული ვალდებულებები. ამასთან, სარბიტრაჟო სარჩელზე მას წარდგენილი აქვს შესაგებელი და სათანადო მტკიცებულებები, რითაც მოსარჩელის პრეტენზია გაბათილდება. ამდენად, სასამართლოს არც სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ვარაუდის საფუძველი გააჩნდა, რასაც უნდა დამყარებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
8.4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
8.5. სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის პროპორციული იმ ზიანთან, რომელიც, სასამართლო დავის განხილვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, შესაძლებელია მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს და, საბოლოოდ, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში, უარყოფითად აისახება მის ქონებრივ მდგომარეობაზე.
8.6. №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო, სრულიად საკმარისია სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, რადგან სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს 50 417.80 აშშ დოლარს, ხოლო მიწის ნაკვეთის ღირებულება გაცილებით მეტია.
9. მოგვიანებით, საჩივრის ავტორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რიცხული უძრავი ქონების - ქ. თბილისში, მ-ზე, --- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (615 კვ.მ) - საბაზრო ღირებულება 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 46 125 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 121 235 ლარს. საჩივრის ავტორმა წარადგინა მეორე ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, 2014 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომანქანის ---, სახელმწიფო ნომრით: ---, საიდენტიფიკაციო ნომრით - ---, საბაზრო ღირებულება 2017 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ განისაზღვრა 72 000 ლარით.
10. ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა:
10.1. 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, კერძოდ, უძრავ ნივთსა (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ თბილისში, მ-ზე, საკადასტრო კოდით: ---) და მსუბუქ ავტომობილზე - ---, სახელმწიფო ნომრით: ---, ყადაღის გაუქმება და სანაცვლოდ გასხვისების აკრძალვის გამოყენება, რითაც სრულიად უზრუნველყოფილი იქნება განმცხადებლის მოთხოვნა;
10.2. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის გაუქმება სატრანსპორტო საშუალებაზე - ---, სახელმწიფო ნომერი: ---, გამოშვების წელი - 2001, VIN/შასი - ---, ფერი - ყვითელი 3/8, ტექ.პასპორტის №---, გაფორმების თარიღი ---, ვინაიდან საწარმოს ხელი ეშლება თავისუფლად განკარგოს ნივთი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას.
11. აღნიშნულ საჩივარზე საარბიტრაჟო მოსარჩელემ წარადგინა მოსაზრება, რომელშიც მან მიუთითა შემდეგი:
11.1. საჩივარში მოცემულია სადავო თანხის არასწორი ოდენობა - 50 417.8 აშშ დოლარი. ამ ოდენობის მოთხოვნა საარბიტრაჟო მოსარჩელეს გააჩნდა 2017 წლის 7 აპრილის მდგომარეობით. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტისათვის ჯამური სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს 70 984.2 აშშ დოლარს. ამჟამად სასარჩელო მოთხოვნა კვლავ გაზრდილია დანიშნულების პორტში პონტონის დაბრუნების ხარჯებით, რომელთა გაღებაც მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა, მაგრამ დაფარულ იქნა განმცხადებლის მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, მოცემული საქმისწარმოების მიზნებისათვის სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების წარდგენის თარიღისათვის შეადგენს 70 984,2 აშშ დოლარს, შესაბამისად, მოთხოვნასა და უზრუნველყოფას შორის პროპორციულობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს სწორედ მოთხოვნის ამ ოდენობისათვის;
11.2. განმცხადებლისათვის ცნობილია საარბიტრაჟო მოპასუხის ქონებაზე არსებული სხვადასხვა შინაარსის შეზღუდვების თაობაზე, კერძოდ, საგადასახადო მოთხოვნებზე, ასევე სასამართლოსა და აღმასრულებლის იმ ყადაღებზე, რომლებიც საზოგადოების ქონებაზე რეგისტრირებულია 2013 წლიდან სხვადასხვა მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად ან საზოგადოების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების გამო. უფრო მეტიც, მოპოვებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე მხარე 2017 წლის 2 ივნისიდან ირიცხება მოვალეთა რეესტრში მის წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო საქმე №----სთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ მოწინააღმდეგე მხარე არა მარტო ვერ ემსახურება მიმდინარე საოპერაციო ვალდებულებებს, არამედ უკვე შეზღუდულია საკუთარი ქონებრივი აქტივების გამოყენებაშიც. ნებისმიერი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, სახსრები უაქცეპტოდ ჩამოიწერება საგადასახადო ვალდებულებებისა და სხვა წინა რიგის ვალდებულებათა შესასრულებლად. ასეთ პირობებში შეუძლებელია გონივრული ვარაუდი, რომ მოწინააღმდეგე მხარე მომავალში შეძლებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესრულებას და, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების გარეშე;
11.3. სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს ვარაუდთან დაკავშირებით საარბიტრაჟო მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის დავის საგანია არსებული ხელშეკრულების დარღვევით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება და, დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი დიდი ალბათობით დაკმაყოფილდება, რადგან უდავოდ არის დადასტურებული საარბიტრაჟო მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებათა არაერთჯერადი დარღვევა;
11.4. საჩივარს არ ახლავს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ საარბიტრაჟო კომისიაში წარადგინა შესაგებელი. პირიქით, დავის განმხილველი არბიტრაჟის ცნობის თანახმად, 2017 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, მოწინააღმდეგე მხარე საერთოდ იგნორირებას უკეთებდა საარბიტრაჟო პროცესს;
11.5. ქონების გასხვისების ფორმალური შეზღუდვით მხარეს რჩება უფლება გამოიყენოს აღნიშნული ქონება სხვა მოთხოვნების უზრუნველსაყოფად (დააგირაოს ან იპოთეკით დატვირთოს) ან გადასცეს სხვა პირს სარგებლობის უფლებით. ყოველივე ეს კი ზრდის ამ ნივთების გაუფასურების ან ღირებულების შემცირების რისკს. ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში ასეთი რისკი გამორიცხულია, რაც არ უზღუდავს მხარეს აღნიშნული ქონებით სარგებლობის უფლებას;
11.6. უზრუნველყოფის ღონისძიებებსა და სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულობის საკითხთან დაკავშირებით, განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისთვის ობიექტურად უცნობია ყადაღადადებულ ნივთებთან დაკავშირებულ ვალდებულებათა ჯამი. გონივრული ვარაუდის დონეზე შეირჩა სამი ისეთი ნივთი, რომლებზეც მოწინააღმდეგე მხარეს არ ერიცხებოდა იპოთეკა/ყადაღა და რომელთა რეალიზაციის შედეგად, წინა ვალდებულების დაფარვის შემდგომ, შესაძლებელი იქნებოდა დარჩენილიყო გარკვეული თანხა განმცხადებლის დავალიანების დასაფარად. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები კი ვერ ადასტურებს, რომ დასკვნებით გათვალისწინებული ღირებულების ქონება საკმარისი იქნება საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების სრულად დასაკმაყოფილებლად. ამისთვის, მხარეს უნდა წარმოედგინა იმ ვალდებულებათა ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც ექვემდებარება გამოქვითვას ექსპერტიზაში მითითებული ქონების ღირებულებებიდან. ასეთ შემთხვევაში მართლაც შესაძლებელი იქნებოდა უზრუნველყოფის მოცულობის კორექტირება გადაანგარიშების საფუძველზე. სხვა შემთხვევაში კი, არაპროპორციულობაზე მითითებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საარბიტრაჟო მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინება და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
13.1. საარბიტრაჟო კომისიაში წარდგენილია საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ თანხის - 70 984.2 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით;
13.2. საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული საარბიტრაჟო კომისიის მიერ და შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხე მხარეს.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორი სასარჩელო მოთხოვნის თანაზომიერ უზრუნველყოფის ღონისძიებად მიიჩნევს მხოლოდ მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვას, ხოლო მოძრავ ნივთებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს. ამასთან, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მიახლოებით 46 125 აშშ დოლარს შეადგენს. იმ ვითარებაში, როდესაც განმცხადებლის სასარჩელო მოთხოვნა 70984,2 აშშ დოლარია, 46125 აშშ დოლარად შეფასებულ უძრავ ქონებაზე სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება სარჩელის უზრუნველსაყოფად არ არის საკმარისი და სარჩელის ღირებულების თანაზომიერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო საჩივრის ავტორის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას და აეკრძალოს მას აღნიშნული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები დარჩეს უცვლელი.
16. საჩივრის ავტორის მოთხოვნების არსებით განხილვამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიზნად ისახავს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საარბიტრაჟო კომისიაში წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფას.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საარბიტრაჟო კომისიაში წარდგენილია საარბიტრაჟო მოსარჩელის სარჩელი მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში საარბიტრაჟო კომისიის მიერ და შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა საარბიტრაჟო მოპასუხეს.
19. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საარბიტრაჟო კომისიის კომპეტენცია დასტურდება საარბიტრაჟო შეთანხმებით, რომელიც გათვალისწინებულია მხარეთა შორის გაფორმებული, მსხვილგაბარიტიანი ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ 2016 წლის 1 ივნისის ხელშეკრულების 36-ე პუნქტით, კერძოდ, აღნიშნული პუნქტის თანახმად, ნებისმიერი დავა წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით ექვემდებარება გადაცემას განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საზღვაო საარბიტრაჟო კომისიაში, კომისიის რეგლამენტის შესაბამისად (იხ.ტ.1. ს.ფ.70).
20. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
21. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხში უფლებამოსილი სასამართლოს (თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს) მიერ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის დებულებები გამოიყენება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არის საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა საარბიტრაჟო განხილვა საქართველოს ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს. ამასთან, ორივე შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის სამართალი ან სამართლებრივი სისტემა აირჩიეს მხარეებმა მათ შორის წარმოშობილი დავის მოსაწესრიგებლად (სუსგ №ას-538-511-2013; 2013 წლის 3 ივლისი).
22. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში საჩივარი წარმოდგენილია სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად და განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების კანონიერება.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 411-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
24. საჩივრის ავტორი ითხოვს:
24.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლას, კერძოდ, უძრავ ნივთსა (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ თბილისში, მ-ზე, საკადასტრო კოდით: ---) და მსუბუქ ავტომობილზე - ---, სახელმწიფო ნომრით: ---, ყადაღის გაუქმებასა და მის ნაცვლად გასხვისების აკრძალვას;
24.2. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის გაუქმებას სატრანსპორტო საშუალებაზე - ---, სახელმწიფო ნომერი: ---, გამოშვების წელი - 2001, VIN/შასი - ---, ფერი - ყვითელი 3/8, ტექ.პასპორტის №---, გაფორმების თარიღი --- (იხ. ტ.1. ს.ფ. 169).
25. საკასაციო სასამართლო სრულიად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმ ნაწილში, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს უარი ეთქვა სატრანსპორტო საშუალებაზე --- ყადაღის გაუქმების თაობაზე და მიუთითებს შემდეგ გარემობებზე:
25.1. საქმის მასალებში არსებული საარბიტრაჟო კომისიის მიერ გაცემული 2017 წლის 16 აგვისტოს ცნობის თანახმად, საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს 50417,80 აშშ დოლარს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 33).
25.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის №--- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, მ-ზე მდებარე, №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (615 კვ.მ.) საბაზრო ღირებულება 2017 წლის 6 ნოემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 46125 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 121 235 ლარს (იხ. ტ.1. ს.ფ.172);
25.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--- დასკვნის თანახმად, 2014 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ---, სახელმწიფო ნომრით: ---, საიდენტიფიკაციო ნომრით - ---, საბაზრო ღირებულება 2017 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ განისაზღვრა 72 000 ლარით (იხ. ტ.1. ს.ფ.185). საჩივრის ავტორი დაზუსტებულ მოთხოვნაში უთითებს, რომ ზემოაღნიშნული თანხა დაახლოებით 28000 აშშ დოლარს შეადგენს (იხ. ტ.1. ს.ფ.169).
25.4. საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნებოდა სატრანსპორტო საშუალების - --- საბაზრო ღირებულების დადგენა.
26. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 50417,80 აშშ დოლარს, რომლის უზრუნველსაყოფად სააპელაციო სასამართლოს განჩინებებით ყადაღა არის დადებული დაახლოებით 74125 აშშ დოლარის ღირებულების მქონე უძრავ და მოძრავ ქონებაზე და, ასევე, სატრანსპორტო საშუალებაზე - ---, რომლის საბაზრო ღირებულება საკასაციო სასამართლოსთვის უცნობია.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე - მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში განთავსებულია უძრავი ნივთის (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე ქალაქ თბილისში, მ-ზე, ნაკვეთი №---, საკადასტრო კოდით: ---) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლიდანაც დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ (ბრძანების საფუძველზე გამოცემული აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ---წ, №---, 31.05.2017) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 სექტემბრის №331უზრ/14 და №330 უზრ/14 განჩინებების საფუძველზე ნივთზე რეგისტრირებულია ყადაღა. აღმასრულებელ შორენა ხამაშურიძის მიერ საარბიტრაჟო მოპასუხე ასევე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში (იხ. ტ.1. ს.ფ. 140-141).
29. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 4 ოქტომბერს გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე --- კერძო აღმასრულებელ შორენა ხამაშურიძის მიერ გაცემული დოკუმენტით --- --- რეგისტრირებულია ყადაღა; ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ირიცხება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და ყადაღა (იხ.ტ.1. ს.ფ. 138).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე იმ არსებით გარემოებებზე, რომ საჩივრის ავტორის საკუთრებაში არსებულ ზემოთ მითითებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით და ყადაღით უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობა და, ასევე, საჩივრის ავტორის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების - --- საბაზრო ღირებულება სასამართლოსთვის უცნობია. შესაბამისად, საკასაციო პალატას, საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე, არ აქვს შესაძლებლობა სასარჩელო მოთხოვნა ზუსტად შეუფარდოს უზრუნველყოფილი უძრავ-მოძრავი ქონების საერთო ღირებულებას.
31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ ფულადი მოთხოვნის არსებობისას, ქონების ღირებულება უნდა აღემატებოდეს ფულად მოთხოვნას, რათა არიდებულ იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ ფორმალური მიდგომა. სააუქციონო წესების გათვალისწინებით, როდესაც ქონება აუქციონზე დაბალ ფასში, კერძოდ, განახევრებულ, გამეოთხედებულ ან ნულოვანი შეთავაზების პირობებში გადის, მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადეკვატური და პროპორციული ღონისძიება იქნეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის სახით (სუსგ №ას-972-936-2016, 2016 წლის 16 დეკემბერი).
32. ზემოაღნიშნული დასაბუთებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყადაღის გაუქმება სატრანსპორტო საშუალებაზე --- არ არის მართებული და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელი.
33. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ასევე წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორეთი შეცვლის შესახებ, კერძოდ, საჩივრის ავტორის მეორე მოთხოვნა ეხება უძრავ ნივთსა და ავტომანქანაზე --- ყადაღის გაუქმებასა და მის ნაცვლად გასხვისების აკრძალვის გამოყენებას.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.
35. საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე საკასაციო სასამართლო ამოწმებს რამდენად საფუძვლიანია საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, ხომ არ შეუშლის ხელს მოთხოვნილი ცვლილების განხორციელება მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ან მისი განუხორციელებლობით მიადგება თუ არა ზიანი მხარის კანონიერ ინტერესებს.
36. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჩივრის ავტორი თავის მოთხოვნას ასაბუთებს იმით, რომ მას აღნიშნული ღონისძიების გამოყენებით ხელი ეშლება სამეწარმეო საქმიანობაში.
37. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას, ხოლო ამავე კანონის 631 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
39. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.
40. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების ცვლილება გამართლებულია და მოძრავ ქონებაზე - ავტომანქანაზე --- მხოლოდ გასხვისების აკრძალვის გამოყენება უზრუნველყოფს საარბიტრაჟო სარჩელს, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღისგან განსხვავებით, იძლევა მოცემული მოძრავი ნივთის უფლებრივი დატვირთვისა (დაგირავების) და სარგებლობაში გადაცემის შესაძლებლობას, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
41. იგივე შეიძლება ითქვას უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის შეცვლასთან დაკავშირებით, კერძოდ, სამომავლოდ საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თანხის ამოსაღებად საარბიტრაჟო მოპასუხის ქონებაზე აღსრულების მიქცევისაგან თავის არიდების მიზნით არსებობს რეალური საფრთხე, რომ უფლებრივად (იპოთეკით) დაიტვირთოს უძრავი ქონება, თუმცა, განსხვავებით მოძრავი ნივთისგან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემით, მასზე იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულების დადებით, გადაწყვეტილების აღსრულების შანსი არ შემცირდება.
42. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის შეცვლასთან დაკავშირებით ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, საარბიტრაჟო მოპასუხის საკუთრების უფლების გაუმართლებლად შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, გაუქმდეს ყადაღა და მესაკუთრეს აეკრძალოს უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე, 1971, 198-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ჰ-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო სს „ჰ-ის“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (დაზუსტებული ფართობით: 615.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ---, მისამართი: ქ. თბილისი, მ-ი ნაკვეთი №--);
3. აეკრძალოს სს „ჰ-ას“ მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (დაზუსტებული ფართობით: 615.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ---, მისამართი: ქ. თბილისი, მ-ი ნაკვეთი №---) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
4. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე