Facebook Twitter

№ ას-405-378-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ … საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. დ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ … საჯარო სკოლის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „სკოლა“) მიმართ და მოითხოვა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 10 მაისის №…, №… ბრძანებების, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ამავე დღეს გამოცემული №… ბრძანების, სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2016 წლის 6 მაისის №1 სხდომის ოქმის, 2016 წლის 19 და 20 აპრილის აქტებისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე სსიპ … საჯარო სკოლაში მუშაობდა 1992 წლიდან. გათავისუფლების დროისათვის მისი სახელფასო სარგო შეადგენდა 800,78 ლარს. 2016 წლის 10 მაისს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა გამოსცა ოქმი და დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ სკოლის დირექტორისთვის, ასევე რესურსცენტრის შიდა აუდიტის თანამშრომლისათვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რის გამოც მოსარჩელეს გამოეცხადა ჯერ საყვედური და შემდეგ სასტიკი საყვედური, რაც საფუძლად დაედო სამუშაოდან მის გათავისუფლებას.

3. მოსარჩელის განცხადებით, ზემოაღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რასაც დაადასტურებენ მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეები. მოსარჩელის მიმართ სახდელების დაკისრებას წინ უსწრებდა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 19 და 20 აპრილის წარდგინებები დისციპლინური კომიტეტისათვის, რაც იმას ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიმართ ხორციელდებოდა მიზანმიმართული დევნა, რომელიც დასრულდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით.

4. მოსარჩელე სადავოდ ხდის ასევე მოპასუხის მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლითაც მას საყვედური გამოეცხადა ჟურნალის არასწორად წაროებისათვის, კერძოდ იმის გამო, რომ ჟურნალში არ დააფიქსირა „არა“ და აღნიშნავს, რომ იგი ყოველთვის აწარმოებდა ჟურნალს, თუმცა იმ მოსწავლისათვის, რომელიც დროებით, წყლის დასალევად იყო კლასიდან გასული, არ შეიძლებოდა დაეწერა „არა“.

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ დაარღვია სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები, მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, ასევე „საქართველოს ზოგადსაგნმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებით დამტკიცებული საკლასო ჟურნალების წარმოების წესი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის 36/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 22-ე მუხლის 11 პუნქტის მოთხოვნა. მონიტორინგის ჯგუფის მიერ მონიტორინგის განხორციელებისას გამოიკვეთა, რომ მოსარჩელე არ აღრიცხავდა მოსწავლის დასწრებას, რაც წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველს.

6. მოსარჩელემ ჟურნალის არასწორი წარმოებისათვის 2016 წლის 10 მაისს მიიღო საყვედური, ხოლო სკოლის ტერიტორიაზე 2016 წლის 19 აპრილს შემოსული გარეშე პირების, კერძოდ, გ… საგანმანათლებლო რესურსცენტრში შექმნილი სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგის კომისიის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისათვის, ამავე დღეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. 2016 წლის 20 აპრილს სკოლის დირექტორის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის წინა სახდელების გათვალისწინებით დაეკისრა პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, მოსარჩელე ხშირად იმყოფებოდა კონფლიქტში სკოლის სხვა თანამშრომლებთანაც. შესაბამისად, არ არსებობდა მის მიმართ გამოცემული ბრძანებების გაუქმებისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ … საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 10 მაისის №… ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა … საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2016 წლის 10 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოსარჩელის მოთხოვნა … საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული №…, №… ბრძანებების, სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2016 წლის 6 მაისის №1 სხდომის ოქმისა და სამეურვეო საბჭოს №9 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენლად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1. მოსარჩელე 1992 წლიდან მუშაობდა … სკოლაში. 2014 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა … საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ხელშეკრულება დაიდო უვადოდ და მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის კვალიფიკაციას;

10.2. მოსარჩელე წარმოადგენს სერტიფიცირებულ პედაგოგს, საუკეთესო შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარებისათვის დაჯილდოვებულია სიგელით;

10.3. ქალაქ გ… საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2016 წლის 23 თებერვლის №11 ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი;

10.4. 2016 წლის 19 აპრილს სსიპ … საჯარო სკოლის დირექტორი მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან ერთად … საჯარო სკოლაში მე-3 გაკვეთილის მიმდინარეობისას გეგმიური მონიტორინგის მიზნით შევიდა IXბ კლასში, სადაც მოსარჩელე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს ატარებდა;

10.5. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მოსარჩელის მიერ გაკვეთილზე არმყოფი მოსწავლეებისათვის ,,არა“-ს დაუწერლობის ფაქტზე რეაგირების მიზნით, სკოლის დისციპლინურ კომიტეტს წარდგინებით მიმართა. წარდგინების თანახმად, მოსარჩელემ დაარღვია „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს 114/ნ ბრძანებით დამტკიცებული საკლასო ჟურნალების წარმოების წესი. კერძოდ, „საკლასო ჟურნალის წარმოების წესის“ დანართის პირველი მუხლის 1.2 ქვეპუნქტის მიხედვით, ჟურნალის წარმოებაზე (მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების ყოველდღიურ აღრიცხვასა და გაცდენების რაოდენობის დაჯამებაზე) პასუხისმგებელი იყო მასწავლებელი და მე-2 მუხლის 2.2 ქვეპუნქტის შესაბამისად, გაკვეთილზე მოსწავლეთა აღრიცხვა უნდა მომხდარიყო გაკვეთილის დაწყებისთანავე და გაკვეთილზე მოსწავლის არყოფნის შემთხვევაში ჟურნალში დაფიქსირებულიყო „არა“. ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან დარღვეული იყო ჟურნალის წარმოების ზემოაღნიშნული წესი, წარდგინების ავტორმა, მოსარჩელის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის გამოკვლევა და კომიტეტის სხდომის ოქმის შედგენიდან სამი დღის ვადაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა;

10.6. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მოსარჩელის მიერ რესურსცენტრის თანამშრომლებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით რეაგირების მიზნით, სკოლის დისციპლინურ კომიტეტს წარდგინებით მიმართა და მოსარჩელის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის გამოკვლევა და კომიტეტის სხდომის ოქმის შედგენიდან სამი დღის ვადაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა;

10.7. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მოსარჩელის მიერ სკოლის დირექტორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობის ფაქტზე რეაგირების მიზნით, წარდგინებით მიმართა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს და მოსარჩელის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის გამოკვლევა და კომიტეტის სხდომის ოქმის შედგენიდან სამი დღის ვადაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა;

10.8. სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა 2016 წლის 6 მაისს განიხილა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებები მოსარჩელის მხრიდან 2016 წლის 19 და 20 აპრილს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საკითხზე. საქმეში წარმოდგენილი კომიტეტის №1 ოქმის თანახმად: სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მიეცა რეკომენდაცია ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ფაქტზე დისციპლინური სახდელის სახით მოსარჩელისათვის გამოეცხადებინა საყვედური, გ… საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონიტორინგის კომისიის წევრების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე - სასტიკი საყვედური, ხოლო სკოლის დირექტორის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დისციპლინური სახდელის სახით გამოეყენებინა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება;

10.9. სსიპ … საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 10 მაისს №… ბრძანებით, სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2016 წლის 6 მაისის №1სხდომის ოქმის საფუძველზე ჟურნალის არასწორი წარმოებისათვის მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური, N… ბრძანებით სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირების შეურაცხყოფისათვის - გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ხოლო დირექტორის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, №… ბრძანებით შეუწყდა 2014 წლის 15 სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება;

10.10. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა სსიპ … საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს და 2016 წლის 10 მაისის №…, №… და №… ბრძანებების, აგრეთვე დისციპლინური კომიტეტის 2016 წლის 6 მაისის №1 ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა, რაც სკოლის სამეურვეო საბჭოს 2016 წლის 9 ივნისის №9 სხდომის ოქმით არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სკოლის შინაგანაწესი წარმოადგენდა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს, ხოლო შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა გამხდარიყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, თუ იგი წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების ნაწილს.

12. სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მოსარჩელის მიმართ 2016 წლის 10 მაისის N…, N… და N… ბრძანებების გაცემისას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად დაეყრდნო სკოლის შინაგანაწესს.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა შინაგანაწესის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნებით დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი. ამავე შინაგანაწესის მე-4 პუნქტის თანახმად, დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით, ხოლო მე-5 პუნქტით, დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან დასაქმებულს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. შინაგანაწესის მე-7 პუნქტის მიხედვით, ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება პირს დაეკისროს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

14. სასამართლომ საქმეში წარდგენილი მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაარღვია „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებით დამტკიცებული საკლასო ჟურნალების წარმოების წესი, რის გამოც მის მიმართ მართებულად იქნა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიების ფორმა - საყვედური. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვინაიდან დადასტურებული იყო მოსარჩელის მიერ სკოლის მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიმართ განხორციელებული სიტყვიერი ფორმით შეურაცხმყოფელი ქმედებები, აღნიშნული გადაცდომის ეპიზოდშიც მას შეეფარდა ადეკვატური სახდელი - სასტიკი საყვედურის სახით.

15. რაც შეეხება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის უკიდურესი ზომის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენებას, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მისი გამოყენების მართებულობა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოსარჩელის მიერ სკოლის დირექტორისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რის გამოც გათავისუფლდა იგი სამსახურიდან, ხოლო გათავისუფლების ბრძანებას „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლთან ერთად მოპასუხემ საფუძვლად დაუდო შრომის კოდექსის 37.1-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი და სკოლის შინაგანაწესის 22.6 მუხლი. აღნიშნული შინაგანაწესის 22.6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. ვინაიდან მოსარჩელის მიმართ 2010 წლის 10 მაისის ბრძანებებით განსაზღვრული იყო შესაბამისი სახდელები, იმავე რიცხვის ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო გამართლებული, თუ შედეგს არ გამოიღებდა დაკისრებული უფრო მსუბუქი სახის სახდელები. მოსარჩელეს სამივე სახდელი (საყვედურის, სასტკის საყვედურისა და სამსახურიდან გათავისუფლების სახით) ერთ დღეს დაეკისრა, შესაბამისად, წაერთვა შესაძლებლობა, გაეცნობირებინა მის მიერ ჩადენილი გადაცდომები.

16. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ასევე საფუძვლიანად მიიჩნია დაკისრებული სხვა დისციპლინური სახდელების ნაწილში წარდგენილ პრეტენზიებზე მოსარჩელისათვის უარის თქმა.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

18. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის ინტერესები და ის ფაქტი, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო დირექტორისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება (მოსწავლეებისა და კოლექტივის თანდასწრებით). სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად აღნიშნული ითვლება დისციპლინურ გადაცდომად, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა. ასეთი დისციპლინური სახდელი კი მოსარჩელეს გათავისუფლების დროს უკვე დაკისრებული ჰქონდა - ჟურნალების არასწორი წარმოებისათვის საყვედურისა და სკოლის ტერიტორიაზე შემოსულ გარეშე პირთა - მონიტორინგის ჯგუფის წევრების შეურაცხყოფისთვის - სასტიკი საყვედურის სახით. შესაბამისად, დამსაქმებელს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის მართლზომიერება. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, ვინაიდან სამუშაოდან გათავისუფლებამდე მოსარჩელეს უკვე დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა მის მიმართ გამოეყენებინა სახდელის ყველაზე მკაცრი ფორმა - სამუშაოდან დათხოვნა.

24. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. როცა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევაა, გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას სასამართლოს მიერ მხედველობაში მიიღება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნას მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით. შრომის სამართალში მოქმედი “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რაც გულისხმობს დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნას პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტიანი შრომის მოტივაციას შეუქმნის (იხ. სუსგ #ას-416-399-2016, 29 ივნისი, 2016წ.).

25. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წ.; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წ.; სუსგ Nას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015წ.).

26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაარღვია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით მისთვის დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობები, რის გამოც მოპასუხემ მის მიმართ გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის რამდენიმე ღონისძიება. კერძოდ, 1) ჟურნალის წარმოების წესის დარღვევის ფაქტზე მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური; 2) გ… საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონიტორინგის კომისიის წევრების სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის - სასტიკი საყვედური, ხოლო 3) სკოლის დირექტორის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის - სამსახურიდან დათხოვნა. სამივე დაკისრებული ღონისძიება მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა ერთ დღეს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ეწინააღმდეგება შრომის სამართალში მოქმედ “Ultima Ratio“ - ს პრინციპს (დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა), რომელიც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გულისხმობს მუშაკის მიმართ ისეთი ზომების მიღებას, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს.

27. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სამივე სახდელი ერთსა და იმავე დღეს დაეკისრა, მას წაერთვა შესაძლებლობა გაეცნობიერებინა ჩადენილი გადაცდომების სიმძიმე და გამოესწორებინა საკუთარი ქცევა, რაც გატარებული დისციპლინური ღონისძიების უკიდურესი ზომის - სამუშაოდან გათავისუფლების - მიზანშეუწონლად მიჩნევის საფუძველს ქმნის. შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიღეს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მისი დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ … საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს სსიპ … საჯარო სკოლას (ს/კ: …) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 23 მარტს #8 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე