Facebook Twitter

3გ-ად-95-კს-02 12 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 11 ივლისს სს «ვ.-ის» გენერალურმა დირექტორმა გ. კ.-მ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 აპრილისა და 2001წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებებით სს «ვ.-ს» დაეკისრა საქართველოს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 118000 ლარისა და 326000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით სს «ვ.-ის» საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა.

მოსარჩელის განმარტებით, 2002წ. 14 თებერვლის კანონით «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ»: გენერაციის ობიექტებზე იძულებითი აღსრულება, იძულებითი აუქციონი, ყადაღის დადება და სეკვესტრი არ ვრცელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა, აღნიშნული კანონის საფუძველზე სს «ვ.-ის» საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გაუქმება.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა: სს «ვ.-ის» საბანკო ანგარიშს მოეხსნა ყადაღა.

2002წ. 19 ივლისის განჩინებაზე შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლ. გ.-მ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი, სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილი და არასწორად განმარტა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-21 მუხლი.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის განჩინებით შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 7 ოქტომბერს განიხილა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, კერძო საჩივრის ავტორს მისცა ვადა ხარვეზის შესავსებად, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორმა მითითებულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებით შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლ. გ.-მ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც ითხოვა, სასამართლოს გაეთვალისწინებინა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარომადგენლის კერძო საჩივარი 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ სსკ-ს 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხარისთვის განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა 2002წ. 11 ნოემბერს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქუთაისის საოლქო სასამართლოს დასაბუთებას, რომ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს უფლება ჰქონდა აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეეტანა მისი მიღებიდან 12 დღის ვადაში, ანუ 2002წ. 25 ნოემბრის ჩათვლით, რადგანაც 23-24 ნოემბერი შაბათ-კვირა იყო. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა კი ქუთაისის საოლქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა 2002წ. 3 დეკემბერს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოში კერძო საჩივარი შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არ შეუტანია სსკ-ს 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ თორმეტდღიან ვადაში, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ოქტომბრისა და 9 დეკემბრის განჩინებები.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.