Facebook Twitter

№ ას-1560-1480-2017 7 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. გ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. გ., დ. გ., ა. კ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ. გ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. გ-ს, დ. გ-სა და ა. კ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება ლ. გ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლით ლ. გ–მა არაერთხელ მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტისა და 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებებით განცხადებები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

8. 2017 წლის 13 ოქტომბერს ლ. გ–მა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

9. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა მიმართ მის მიერ აღძრული სარჩელი, მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, სადაც მოხდა მხარეებთან (მოპასუხეებთან) გასაუბრება, რა დროსაც მათ თანხმობა განაცხადეს, რომ გადაიხდიდნენ 10 000 აშშ დოლარს ბინის წილის სანაცვლოდ. შესაბამისად, არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 20 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. განმცხადებელმა ასევე იშუამდგომლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან და გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს I განყოფილებიდან გასაუბრების ოქმების გამოთხოვის თაობაზე.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ლ. გ-ს განცხადება დარჩა განუხილველი.

11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაზე ლ. გ-ს მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენის გამო დარჩა განუხილველი, შესაბამისად, ამავე დღეს კანონიერ ძალაში შევიდა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება. ლ. გ–მა კი ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით სასამართლოს მიმართა 2017 წლის 13 ოქტომბერს, ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევით.

12. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობდა მოცემული ნორმის შესაბამისად წარდგენილი განცხადების დასაშვებობის პირობა, იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. გ–მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

14. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, ის გარემოება, რომ საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვისას მოპასუხეებმა თანხმობა განაცხადეს 10 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის ბინის წილის დათმობაზე და აღნიშნულის თაობაზე ამჟამად შეიტყო მოსარჩელემ, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს ქმნიდა, ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება ადრე რომ ყოფილიყო სასამართლოში წარდგენილი, გამოიწვევდა მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

15. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მას ზემოაღნიშნული მტკიცებულების გამოთხოვაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2017 წლის 22 სექტემბერს ეთქვა უარი, ხოლო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე წარადგინა ამავე წლის 13 ოქტომბერს, ამდენად, არ დაურღვევია განცხადების წარდგენის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაუშვებლად ცნობის მართლზომიერება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ ახალ გარემოებებზე მითითება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს ქმნიდა, ამასთან, არასწორად მიიჩნია განცხადება ვადის დარღვევით წარდგენილად.

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

20. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

21. გარდა ამისა, კანონმდებელი სავალდებულოდ თვლის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე საპროცესო ვადების დაცვას და განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის ათვლას უკავშირებს იმ დღეს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა (სსსკ 426-ე მუხლი). აღნიშნული ნორმა, ამავე დროს, იმპერატიულად განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის მაქსიმალურ ვადას და აღნიშნული საფუძვლით მოთხოვნის წარდგენას დაუშვებლად მიიჩნევს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ (გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა -პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება).

22. აღნიშნული იმპერატიული ნორმის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ იძლევა ნორმაში მოცემული დანაწესისაგან სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას. მასში მითითებული ქცევის წესი მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა, ამასთან, აღნიშნული ნორმით არ არის გათვალისწინებული მოცემული ვადის არც გაგრძელების, აღდგენისა და არც შეჩერების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-427-399-ა-2017, 23 ივნისი, 2017 წელი; საქმე №ას-1075-1008-2012, 10 სექტემბერი, 2012 წელი; საქმე №ას-730-1100-06, 26 თებერვალი, 2007წელი). ნორმის იმპერატიული ხასიათი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ამასთან, აღნიშნულით დაცულია არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი, არამედ ნებისმიერი პირის კანონიერი, სამართლიანი და საფუძვლიანი ნდობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-1261-1181-2017;17 ნოემბერი, 2017 წელი).

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ იგი წარმოადგენს აღმკვეთ ვადას, რომელიც გვხვდება არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობაში, არამედ როგორც კონტინენტური ევროპის, ისე ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამართლებრივ სივრცეში. საკმარისია გაუქმდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის 5 წლიანი ვადა, რომ დავა და კონფლიქტი საბოლოოდ ვერასდროს ვერ ჰპოვებს გადაწყვეტას და შედეგად „პროცესის უკვდავებას“ მივიღებთ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს. კანონმდებლის მიერ 5 წლიანი იმპერატიული ვადის დადგენით ისპობა ამ უფლებასთან დაკავშირებით ახალი დავის წარმოშობის შესაძლებლობა. სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი გამართლებულია სამართალში არსებული უფლებრივი წესრიგით. უფლება, როგორც ფასეულობა, არ შეიძლება მუდმივად, განუსაზღვრელად, საეჭვოობის (საცილოობის) ხასიათს ატარებდეს. თუკი კანონმდებლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უსასრულოდ დაუშვებდა უფლების საეჭვოობის შესაძლებლობას, ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა თვით უფლების იდეასთან და საფუძველს გამოაცლიდა სამართლებრივ წესრიგს. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლება წარმოადგენს გამონაკლის შემთხვევას. ამ გამონაკლისის დაშვებით საფრთხე არ უნდა შეექმნას იმ ზოგად წესს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ვინაიდან, უფლების შესახებ დავა ყოველთვის ქმნის ამ უფლების განუსაზღვრელობას, სასამართლო ვალდებულია წერტილი დაუსვას ასეთ მდგომარეობას და გადაწყვიტოს იგი. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე N1/3/161, ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხრაპოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

24. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ლ. გ-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, ამავე დღეს კანონიერ ძალაში შევიდა აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2011 წლის 20 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო განცხადება სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მხარემ სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 13 ოქტომბერს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 394-395).

25. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განმცხადებელს დარღვეული აქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განცხადების წარდგენის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მაქსიმალური - 5 წლიანი ვადა, რაც მისი მოთხოვნის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა. ხოლო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ რაიმე მსჯელობა მას არც საკასაციო სასამართლოსთვის წარუდგენია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, არ არსებობს მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე