№ ას-1540-1460-2017 7 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ჩ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს-მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჩ-ს (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ს-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 24 ოქტომბერს 17:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო სხდომაზე (კერძოდ, მისთვის გაგზავნილი უწყება ჩაბარდა აპელანტის ძმას, კ. ჩ-ს). მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.
6. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 387-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, არსებობდა აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლო, მართალია, უთითებს, რომ სხდომის ადგილისა და დროის შესახებ აპელანტს ეცნობა კანონით დადგენილი წესით, მისი ძმის მეშვეობით, თუმცა უწყება მას არ გადასცემია. ამ პერიოდისთვის აპელანტი იმყოფებოდა თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მის ძმას (რომელიც ონკოლოგიური პაციენტია) ჩაუტარდა საკმაოდ მძიმე ოპერაცია. თუმცა, რომ ჰქონოდა ინფორმაცია სასამართლო პროცესის თაობაზე, აუცილებლად გამოცხადდებოდა სხდომაზე და დაიცავდა საკუთარ ინტერესებს, ვინაიდან საჩივარი სწორედ მის მიერ იყო წარდგენილი.
9. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აცხადებს, რომ მოგვიანებით სასამართლოს წარმოუდგენს მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.
13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 24 ოქტომბერს 17:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
16. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
17. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ მისთვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის დრო და თარიღი, რადგან უწყება მას არ ჩაბარებია, რის გამოც ვერ გამოცხადდა პროცესზე, თუმცა საჩივრის ავტორი არ უარყოფს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს, რომ მისთვის გაგზავნილი სხდომის უწყება ჩაიბარა მისმა ძმამ.
18. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს უწყების ადრესატისთვის ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წესს.
19. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნაირან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვალება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
20. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ ი. ჩ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 24 ოქტომბერს 17:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის უწყება გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ფოთი, ---- და ამავე წლის 3 ოქტომბერს ჩაბარდა ადრესატის ძმას, კ. ჩ-ს, რომელიც შეტყობინების ბარათზე უთითებს, რომ გზავნილი ჩაიბარა გადასაცემად (იხ. ს.ფ. 110).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე კ. ჩ-მ, როგორც აპელანტის ოჯახის წევრმა ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა იმ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გზავნილის მიმღები პირი, კ. ჩ. არ იყო შეტყობინების მიღებაზე უფლებამოსილი პირი. უფრო მეტიც, კერძო საჩივრის ავტორი არც უარყოფს მისი ძმის მიერ უწყების ჩაბარებას - იგი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მხოლოდ იმას უთითებს, რომ არ იცოდა აღნიშნულის თაობაზე, ვინაიდან იმყოფებოდა თბილისში. აღნიშნული გარემოება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად.
22. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
23. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მისი საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. ჩ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე