საქმე №ას-740-740-2018 20 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ა. მ., ე. მ. (მოპასუხეები, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ--“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „მ-“-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-სა და ე. მ-ს მიმართ (შემდგომში - „მოპასუხეები“, „მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში“, „აპელანტები“) თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ამასთან, წარადგინეს შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვეს მოსარჩელისათვის თანხის დაკისრება.
3. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
6.1. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2017 წლის 30 აგვისტოს;
6.2. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მოპასუხეების წარმომადგენლის ი. ს-ისათვის, რომელიც ესწრებოდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს სხდომას;
6.3. 2017 წლის 10 ოქტომბერს მოპასუხეების წარმომადგენელმა ფოთის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა;
6.4. 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ი. ს-ეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2017 წლის 11 ოქტომბერს;
6.5. მოპასუხეების წარმომადგენელმა ი. ს-ემ სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში (ფოსტის მეშვეობით) წარადგინა 2017 წლის 16 ოქტომბერს;
6.6. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 და მე-9 პუნქტებით მხარეებს განემარტათ დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის, ჩაბარებისა და გასაჩივრების წესი.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო აპელანტებისათვის, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს - 30 სექტემბერს და ამოიწურა 2017 წლის 13 ოქტომბერს (პარასკევს) 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი და წარდგენილი იყო (ფოსტაში) 2017 წლის 16 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს.
8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეების წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან - 2017 წლის 30 აგვისტოდან 30-ე დღე გავიდა 2017 წლის 30 სექტემბერს, რომელიც არის შაბათი, ხოლო მისი მომდევნო დღე, 2017 წლის 1 ოქტომბერი - კვირა. ვინაიდან 30-ე დღე ემთხვევა უქმე დღეს, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან და დასრულდეს 2017 წლის 16 ოქტომბერს. შესაბამისად, 2017 წლის 16 ოქტომბერს ანუ ორშაბათს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით განსაზღვრულ ვადაში.
11. კერძო საჩივრის ავტორებმა ასევე მიუთითეს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მათთვის არ ჩაუბარებია 2017 წლის 30 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ხოლო სარეზოლუციო ნაწილი ეცნობათ (მიეწოდათ) მხოლოდ 2017 წლის 10 ოქტომბერს, რის გამოც ისინი ვერ მოახერხებდნენ სააპელაციო საჩივრის წარდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
15. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
16. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
17. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მართალია, არ ესწრებოდნენ მოპასუხეები, თუმცა მათთვის ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე. 2017 წლის 17 აგვისტოს მთავარ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხეების წარმომადგენელი ი. ს-ე (იხ. ტ. 3. ს.ფ. 36), მოსამართლემ სხდომის დასასრულს მხარეებს აცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 2017 წლის 30 აგვისტო 10:50 სთ (იხ. 2017 წლის 17 აგვისტოს სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი - 13:33:49), თუმცა მოპასუხეებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2017 წლის 19 სექტემბერი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2017 წლის 29 სექტემბერი) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 30 სექტემბერს.
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მათთვის არ ჩაუბარებია 2017 წლის 30 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ხოლო სარეზოლუციო ნაწილი ეცნობათ (მიეწოდათ) მხოლოდ 2017 წლის 10 ოქტომბერს, რის გამოც ისინი ვერ მოახერხებდნენ სააპელაციო საჩივრის წარდგენას, მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
20. როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (ან მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეები შეასრულებდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით მათთვის დაკისრებულ ვალდებულებას და გამოცხადდებოდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მათთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც სასამართლო ჩააბარებდა მხარეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხეების სასამართლოში გამოცხადების ფაქტი, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა ავტომატურად დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამასთან, საქმის მასალებში არც იმის დამადასტურებელი ცნობა მოიპოვება, რომ სასამართლომ გვიან მოამზადა დასაბუთებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორების ზემოაღნიშნული პრეტენზია.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების შედავებას, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან - 2017 წლის 30 აგვისტოდან 30-ე დღე გავიდა 2017 წლის 30 სექტემბერს, რომელიც არის შაბათი. შესაბამისად, ვინაიდან 30-ე დღე ემთხვევა უქმე დღეს, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან და დასრულდეს 2017 წლის 16 ოქტომბერს.
22. ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ 2017 წლის 30 აგვისტოდან 30-ე დღე გავიდა 2017 წლის 29 სექტემბერს (პარასკევი). მომდევნო დღიდან, 2017 წლის 30 სექტემბრიდან კი დაიწყო გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 13 ოქტომბერს.
23. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომლის თანახმად, იგი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლას უკავშირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 30-ე დღის მომდევნო სამუშაო დღის დაწყებას, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა განიმარტება ამავე მუხლის მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ეხება საპროცესო ვადის დამთავრებას და არა დაწყებას.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგების გასაჩივრების უფლების დაწყების წინაპირობებს და, ამდენად, თავისი ბუნებით არეგულირებს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაწყების და არა დამთავრების საკითხს. შესაბამისად, აღნიშნულის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი არ გამოიყენება (სუსგ №ას-210-197-2015, 2015 წლის 19 მარტი; სუსგ №ას-124-118-2013, 2013 წლის 11 თებერვალი).
26. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. გამომდინარე აქედან, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორების ზემოაღნიშნული პრეტენზია.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და დადგენილია, რომ მხარე, რომელიც მისი სადავო უფლების სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს, ვალდებულია სარწმუნოდ დაადასტუროს და თავადვე წარადგინოს მისი მოთხოვნის მართებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორებს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორების მითითება ზემოაღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. მ-სა და ე. მ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე