Facebook Twitter

საქმე №ას-797-797-2018 20 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ. (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ს-ე, ლ. ბ-ე (მოსარჩელეები, მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ს-ემ და ლ. ბ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელეები“, „მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. კ-ს (შემდგომში - „კერძო საჩივრის ავტორი“, „აპელანტი“, „მოპასუხე“ ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“) მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ამასთან, წარადგინა შეგებებული სარჩელი მოსარჩელეების მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

3. მოსარჩელეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 647 ლარის გადახდა და დაევალა მოსარჩელეების სახლის კედელზე სუროს მოხსნა, მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხისთვის 2000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს დაევალათ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ, მათ საკუთრებაში/მფლობელობაში - ქ. ქუთაისი, ფ-ის ქ. (ყოფ. ო-ის ქ.) მე-2 შეს. №1-ში/ქ. ქუთაისი, ფ-ის ქ. მე-2 შეს. №1-ის მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელი სახლის (ს/კ ---) სახურავზე ისეთი საინჟინრო ღონისძიების განხორციელების უზრუნველყოფა და თოვლისდამჭერი მოწყობილობებისა და წვიმის წყლის გადამყვანი თუნუქის ღარის ისე მოწყობა, რომ მომიჯნავე (მეზობლის) ნაკვეთში - ქ.ქუთაისი, ფ-ის ქ. მე-2 შეს. №3-ში (მესაკუთრე გ. კ., ს/კ ---) არ მოხვედრილიყო წყალი და ატმოსფერული ნალექი; მოსარჩელეებს დაევალათ მათ საკუთრებაში/მფლობელობაში - ქ. ქუთაისი, ფ-ის ქ. (ყოფ. ო-ის ქ.) მე-2 შეს. №1-ში/ქ. ქუთაისში, ფ-ის ქ. მე-2 შეს. №1-ის მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავზე (შენობაზე) უნებართვოდ მოწყობილი და მომიჯნავე (მეზობლის) ნაკვეთში - ქ. ქუთაისი, ფ-ის ქ. მე-2 შეს. №3-ში (მესაკუთრე გ. კ., ს/კ ---) უნებართვოდ შეჭრილი წვიმის წყლის გადამყვანი თუნუქის ღარის დემონტაჟი.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისას აპელანტის წარმომადგენლის ა. თ-ის განცხადებით, მოსარჩელეების სახლის კედლიდან სურო უკვე მოხსნილი იყო და ამ ნაწილში არ არსებობდა დავის საგანი. შესაბამისად, მხარეთა შორის სადავო დარჩა 647 ლარი, რომლის გადახდაც მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეების სახლის კედელზე სუროს მოხსნა, არ არსებობდა დავის საგანი, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 187-ე, 272-ე და მე-7 მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება მითითებულ ნაწილში უნდა შეწყვეტილიყო.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თავდაპირველად სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებად ცნო, თუმცა - შემდგომ, სასამართლო განხილვისას გამოირკვა დავის ერთ ნაწილში (უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში) დავის საგნის არარსებობა, ხოლო დავის მეორე ნაწილი შეეხებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეების სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 647 ლარის გადახდა. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 374-ე მუხლისა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველი უნდა დარჩენილიყო. ამასთან, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა აპელანტს არ უნდა დაბრუნებოდა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

11.1. სასამართლო სრულყოფილად არ გასცნობია სააპელაციო საჩივარს და არ იცნობდა საქმის მასალებს, არაადეკვატურად შეაფასა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოხატული ნება და გადაწყვეტილება მიიღო სრულიად სპონტანურად და გაუაზრებლად;

11.2. მოსამართლემ განჩინებაში არასწორად მიუთითა, რომ თითქოს სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განაცხადა მოსარჩელეების სახლის კედლიდან სუროს მოხსნის თაობაზე, რის გამოც ამ ნაწილში არ არსებობდა დავის საგანი;

11.3. მოსამართლემ კონტექსტიდან ამოიღო აპელანტის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს სხდომაზე მითითებული განცხადება „არ არსებობს დავის საგანი“. აპელანტის პოზიცია იყო ის, რომ ჯერ კიდევ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე მოსარჩელეთა სახლის კედლიდან სურო მოხსნილი იყო და გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაევალა სუროს მოხსნა, თავიდანვე იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. შესაბამისად, დავის საგანი არსებობდა უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში და აპელანტს უარი არ უთქვამს სააპელაციო საჩივრის რომელიმე მოთხოვნაზე;

11.4. ამასთან, სასამართლომ მხარეთა მორიგების ეტაპზე მიიღო გასაჩივრებული განჩინება. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არ არსებობდა დავის საგანი, სასამართლოს უნდა გამოერკვია აპელანტის მიერ ახსნა-განმარტების მიცემის ეტაპზე და არა - მორიგების პროცესში მხარეთა მიერ წარმოთქმული მოსაზრებების დროს;

11.5. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2018 წლის 20 თებერვალს, როდესაც ჯერ კიდევ მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის ძველი რედაქცია, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. პირველი ინსტანციის სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას ასევე მოჰყვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის, საადვოკატო მომსახურების ხარჯებისა და ექსპერტიზისათვის გადახდილი თანხის დაკისრებაც. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება აღემატებოდა 1000 ლარს (647+120+130+150=1047);

11.6. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სააპელაციო საჩივარი თავდაპირველად დასაშვებად იქნა მიჩნეული და შემდგომ გამოირკვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დავის საგნის არარსებობა, აბსურდულია, რადგან სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავდა: ადგილზე დათვალიერების დროს ჩვენი ხელით მოვხსენით ჩემს ეზოში დარგული მცენარე, რომელიც უბრალოდ მიდებული იყო კედელზე და არა მიმაგრებული და კედელში შესული. ამასთან, ადგილზე დათვალიერების შემდეგ, მომდევნო სასამართლო სხდომაზე ჩემმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩემს ეზოში დარგული მცენარე უკვე მოხსნილი იყო და მოსარჩელეების კედელთან არანაირი შეხება აღარ ჰქონდა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაგვაკისრა მცენარის ე.წ. „სუროს“ აღება სასამართლომ, მაშინ როდესაც დავის საგანი აღარ არსებობდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატისთვის თავიდანვე ცნობილი უნდა ყოფილიყო სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და პრეტენზიები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, სააპელაციო საჩივარი თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული დასაშვებად.

11.7. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 374-ე და 187-ე მუხლების საფუძველზე, მაშინ, როდესაც ამავე კოდექსის 275-ე მუხლი იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს დავის საგანი, სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვებას არ იცნობს. სააპელაციო პალატამ, ერთ შემთხვევაში, დავის საგნის არარსებობის გამო, საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება მითითებულ ნაწილში შეწყვიტა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, რადგან სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაუშვებლად მიიჩნია. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა აპელანტს არ აუნაზღაურდება.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას.

16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დავის საგანი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში არ არსებობდა. მისი განმარტებით, მას ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სურო მოხსნილი იყო მოსარჩელეების სახლის კედლიდან, მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორედ იმ საფუძვლით ასაჩივრებდა, რომ მოცემულ ნაწილში დავის საგნის არარსებობის გამო სასამართლომ მას მაინც დაავალა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. გამომდინარე აქედან, მისი მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უკანონო იყო.

17. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის მოსარჩელეების სახლის კედლიდან სუროს მოხსნის დავალდებულება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას გამოარკვია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სურო უკვე მოხსნილი იყო, აღნიშნულ ნაწილში დავის საგანი, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, უკვე აღარ არსებობდა. აპელანტის შედავება აღნიშნულ ნაწილში დავის საგნის არსებობასთან მიმართებით უსაფუძვლოა. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიჩნეული იქნება, რომ დავის საგანი უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში აღარ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულებამდე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეეწყვიტა აღნიშნულ ნაწილში მოცემული საქმის წარმოება ანუ სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგებოდა იგივე შედეგი, რაც დადგა სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას დაშვებული საპროცესო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მისი შეწყვეტის მიზნით, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებიდან გამომდინარე, გამოიწვევდა საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებას. მით უმეტეს, რომ შედეგობრივი თვალსაზრისით, მხარეებისათვის განსხვავებული შედეგი არ დგება სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების განაწილების კუთხითაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას. მოცემული ნორმის ანალოგიის წესით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) გამოყენების შედეგად, მოპასუხეს, რომელმაც სარჩელის აღძვრის შემდგომ, ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მოსარჩელე, მაინც გადახდება მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ნაწილში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.

18. აპელანტის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სუროს მოხსნის ფაქტობრივი გარემოების თაობაზე მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში და, შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსთვის ცნობილი იყო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, როგორც წესი, სასამართლო სააპელაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს იკვლევს მისი დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ისეთი გარემოების გამოკვლევა, როგორიცაა დავის საგნის არსებობა-არარსებობის საკითხი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ვერ დადგინდეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, რის გამოც, სასამართლო არ არის შეზღუდული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, აპელანტის მოცემული პრეტენზია უსაფუძვლოა.

19. ამასთან, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დავის საგნის არარსებობის საკითხი სასამართლოს უნდა გამოეკვლია არა მხარეთა მორიგების ეტაპზე, არამედ - ახსნა-განმარტებების მიცემისას. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. აღნიშნული ნორმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს ავალდებულებს, რომ სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის ამა თუ იმ პირობის გამოვლენის შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, შეწყვიტოს საქმის წარმოება ან განუხილველად დატოვოს იგი. შესაბამისად, სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ჰქონდა მთავარი სხდომის რომელ ეტაპზე გამოვლინდებოდა ეს გარემოება.

20. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას, რაც ასევე სადავო გახადა აპელანტმა წარმოდგენილ კერძო საჩივარში.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პრინციპი - სასამართლო ხელმისაწვდომობა, როგორც უფლება, არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება მხოლოდ კანონისმიერ, ლეგიტიმურ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს (სსსკ-ის 2.2 მუხლი). ამგვარ შეზღუდვებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობა, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

23. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, მოსარჩელეების სახლის კედლიდან სურო უკვე მოხსნილი იყო და სააპელაციო საჩივრის ამ ნაწილში არ არსებობდა დავის საგანი (იხ. 2018 წლის 18 მაისის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი -17:11-17:12). აღნიშნულის შესახებ მოპასუხე მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარშიც უთითებს (იხ. ტ. 2. ს. ფ. 94, 96). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დავის საგნის არარსებობის გამო, საჩივართან დაკავშირებული წარმოება ამ ნაწილში უნდა შეწყვეტილიყო, რის შემდეგაც სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება დარჩა 647 ლარი.

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ დავის საგნის ღირებულებაში უნდა ჩაითვალოს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები, რის შედეგადაც მისი საჩივრის ფასი 1 000 ლარზე მეტია.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის გამოთვლის ზოგად წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი). „დავის საგანში“, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სარჩელის დავის საგანი და არა ამ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები (იხ. სუსგ №ას-1528-1442-2012, 24 დეკემბერი, 2012 წელი, №ას-757-725-2014, 1 დეკემბერი, 2014 წელი).

26. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის, ისევე, როგორც სარჩელისა თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი იმგვარად, რომ სასამართლო პროცესის ხარჯებს, მათ შორის, მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილ/გადასახდელ ბაჟს, დავის საგნის ღირებულებაში ვერ მოაქცევს (იხ. სუსგ №ას-230-218-2017, 28 აპრილი, 2017 წელი).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 647 ლარს და ამ თანხაში ვერ იქნება გათვალისწინებული სასამართლო (სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით) და სასამართლოსგარეშე (საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 130 ლარი და ექსპერტიზის ხარჯი - 150 ლარი) ხარჯები. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის როგორც ძველი (1000 ლარი), ისე მოქმედი რედაქციით (2000 ლარი) გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული დაუშვებლად.

28. დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მას უნდა ანაზღაურებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ამავე კოდექსის 372-ე მუხლიდან გამომდინარე, უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთად, რომლის თანახმად, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. წინამდებარე შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გამოვლინდა სწორედ მთავარ სხდომაზე, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად, ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლომ არა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა მთავარ სხდომაზე (იხ. ტ. 2. ს. ფ. 120), რაც კანონით დადგენილი წესითვე ეცნობათ მხარეებს, არამედ გახსნა მთავარი სხდომა, რომელზეც იმსჯელა 365-ე მუხლით დადგენილ წინაპირობაზე და, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურების კანონისმიერი საფუძველი.

29. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე