Facebook Twitter

საქმე №ას-790-790-2018 3 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ–ი (თავდაპირველი მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „ს-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „ს-ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეზე არასათანადო მოსარჩელე - უცხოური საწარმოს ფილიალი „ნ-ო“ შეიცვალა სათანადო მოსარჩელით - შპს „ნ-ო“-თი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ნ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ–მა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით ნ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მოცემულ დავაში სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად სარჩელით მიმართა ნ–მა;

7.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქმეზე 2/689-16 არასათანადო მოსარჩელე - უცხოური საწარმოს ფილიალი „ნ-ო“ შეიცვალა სათანადო მოსარჩელით - შპს „ნ-ო“- თი;

7.3. წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს შპს „ნ-ო“, რომლის სარჩელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

7.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ–ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება;

7.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით ნ–ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. აპელანტს დაევალა: ა) აპელანტის დასახელების დაზუსტება; ბ) სააპელაციო საჩივრის ხელმოწერა ამაზე უფლებამოსილი პირის მიერ ან პირადად; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 231 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა;

7.6. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ნ–ის წარმომადგენელმა თ. ა–მა, რომელმაც წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 231 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი;

7.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით ნ–ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტს უნდა დაეზუსტებინა აპელანტის დასახელება, ასევე სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი უნდა ყოფილიყო საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ან თავად აპელანტის მიერ;

7.8. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ნ–ის დირექტორმა გ. ჯ–მა, რომელმაც დააზუსტა აპელანტის დასახელება - ნ–ი და წარადგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება, რომელსაც სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა ნ–ი გამოტანილი იყო არა ამ უკანასკნელის სარჩელის განხილვის, არამედ - შპს „ნ-ს“ სარჩელის განხილვის შედეგად.

9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე პროცესში ერთ-ერთ მხარედ ფილიალების მონაწილეობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ყველა იმ საკითხზე, რომელზედაც მხარე ედავება საწარმოს ფილიალს, პროცესში მოპასუხედ ჩაბმული უნდა იყოს ძირითადი საწარმო და არა - მისი ფილიალი. ფილიალი არ წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს, იგი ძირითადი საწარმოს (იურიდიული პირის) წარმომადგენლობაა, მას არ გააჩნია განცალკევებული ქონება და კრედიტორთა წინაშეც იგი დამოუკიდებლად საკუთარი ქონებით პასუხს არ აგებს. ამიტომ, მიჩნეულია, რომ ძირითადმა საწარმომ თავის ფილიალზე უნდა გასცეს საპროცესო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თუკი ფილიალს მის წესდებაში (ან მისი შექმნის რაიმე სხვა სახის დოკუმენტში) აღნიშნული აქვს, რომ იგი არის ძირითადი საწარმოს წარმომადგენელი არა მხოლოდ მესამე პირებთან - კონტრაჰენტებთან გარიგებების დადებაში, არამედ ძირითადი საწარმოს საპროცესო წარმომადგენელიც არის, მაშინ დამატებით ფილიალზე ძირითადი საწარმოსაგან წარმომადგენლობის დამადასტურებელი უფლებამოსილების მიღება საჭირო აღარ არის.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ფილიალი არ შეიძლება ყოფილიყო სასამართლო დავის მხარე, იგი შეიძლება გამოსულიყო ძირითადი საწარმოს წარმომადგენლად. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული სამართლებრივი მიდგომა ვრცელდება როგორც საქართველოში დაფუძნებული საწარმოს ფილიალზე, ისე - უცხოური საწარმოს ფილიალზე.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი, ვინაიდან იგი სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს არ წარმოადგენდა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ–მა, მისი დირექტორის გ. ჯ–ის სახით, შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

13. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ნ–ის დირექტორი - გ. ჯ–ი არის, აგრეთვე, ფილიალის დამფუძნებელი კომპანიის, შპს „ნ-ს“ სრულუფლებიანი წარმომადგენელი, საქმეში ასევე დევს მის სახელზე გაცემული მინდობილობა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით ნ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოსარჩელე - უცხოური საწარმოს ფილიალი „ნ-ო“ შეიცვალა სათანადო მოსარჩელით - შპს „ნ-ო“-თი, რომლის სარჩელიც იმავე სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ–მა.

18. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ნ–ი განსახილველ საქმეში არ წარმოადგენს გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს, რამდენადაც სადავო გადაწყვეტილება გამოტანილია არა ფილიალის სარჩელის განხილვის, არამედ - შპს „ნ-ს“ სარჩელის განხილვის შედეგად.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის, ნ–ის დირექტორის გ. ჯ–ის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან იგი ამავდროულად არის შპს „ნ-ს“ წარმომადგენელი, უფლებამოსილია იდავოს ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით.

20. საქმის მასალებში არსებული გენერალური მინდობილობა (იხ. ს. ფ. 95-99), რომელზეც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს თავისი პრეტენზიის დასასაბუთებლად, გაცემულია შპს „ნ-ს“ უფლებამოსილი პირის მიერ ფიზიკურ პირზე, გ. ჯ–ზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ იგი მოქმედებს შპს „ნ-ს“ სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუმცა, აღნიშნული მინდობილობით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ნ–ი წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირს. აღნიშნული მინდობილობით არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ ნ–ს შპს „ნ-ს“ მიერ მინიჭებული ჰქონდა საპროცესო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო განჩინებით დადგენილი გარემოებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია დაუშვებლად ნ–ის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე