Facebook Twitter

3გ-ად-96-კს-02 30 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილისა და სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად განიხილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ფონდის ყოფილი მუშაკების (სულ 52 პირი) წარმომადგენელმა ნ.კ.-მ მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:

1. «დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობათა დაკავების წესის განსაზღვრის შესახებ» საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 23 ივნისის ¹236/6 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002წ. 12 ივნისის ¹176/ნ და 2002წ. 31 ოქტომბრის ¹300/ნ ბრძანებები.

2. «დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ფორმირების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 13 ივლისის ¹258/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002წ. 15 ოქტომბრის ¹284/ო და 2002წ. 28 ოქტომბრის ¹295/ო ბრძანებები.

მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შეჩერებას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით სასარჩელო განცხადება წარმოებაში იქნა მიღებული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე შეჩერებულად ჩაითვალა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

1) სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული აქტები შეაჩერა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაშინ, როდესაც გასაჩივრებული აქტები _ 2002წ. 12 ივნისის ¹176/ნ და 2002წ. 31 ოქტომბრის ¹300/ნ ბრძანებები წარმოადგენენ ნორმატიულ აქტებს და მათზე არ უნდა გავრცელებულიყო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების შედეგი.

2) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლის მოთხოვნები არ უნდა გავრცელებულიყო მინისტრის 2002წ. 15 ოქტომბრის ¹284/ო და 28 ოქტომბრის ¹295/ო ბრძანებებზე, რადგან ისინი გამოცემულია «დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. ¹63 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს აღნიშნული ბრძანების გამოცემას.

3) სასამართლო კოლეგიას წარმოებაში არ უნდა მიეღო აღნიშნული სარჩელი სსკ-ს 186-ე მუხლის «გ» პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან საოლქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე იმავე საფუძვლით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 13 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი. გაუქმდა კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002წ. 12 ივნისის ¹176/ნ და 31 ოქტომბრის ¹300/ნ ბრძანებების შეჩერების ნაწილში, ხოლო კერძო საჩივარი დანარჩენ ნაწილში დაუშვებლად და დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლო კოლეგიის განჩინება ემყარება შემდეგ გარემოებებს.

1. მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002წ. 12 ივნისის ¹176/ნ და 31 ოქტომბრის ¹300/ნ ბრძანებები წარმოადგენენ ნორმატიულ-სამართლებრმივ აქტებს, რომელთა მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.

2. სსკ-ს 414.1 მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას სსკ-ს არ ითვალისწინებს. გასაჩივრებული აქტები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002წ. 15 ოქომბრის ¹284/ო და 28 ოქომბრის ¹295/ო ბრძანებები წარმოადგენენ რა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, სარჩელის წარმოებაში მიღებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლის შესაბამისად მათი მოქმედება ჩერდება. აღნიშნული მუხლის საფუძველზე შეჩერებული ადმინისტრაციიული აქტების გასაჩივრების წესი კოდექსით დადგენილი არ არის, ამიტომ კერძო საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებლად მიიჩნია.

3. სასამართლო კოლეგიამ ასევე არ გაიზიარა კერძო საჩივრის მოტივი იმის თაობაზე, რომ სასამართლოს სსკ-ს 186-ე მუხლის «გ» პუნქტის საფუძველზე სარჩელი წარმოებაში არ უნდა მიეღო, რადგან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანებები სხვა სამართლებრივი აქტებია, რომლებიც სასამართლო კოლეგიის განხილვის საგანი არ ყოფილა და ამ ნაწილში კერძო საჩივარი დაუსაბუთებად მიიჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

1. საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული აქტები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002წ. 12 ივნისის ¹176/ნ და 31 ოქტომბრის ¹300/ნ ბრძანებები წარმოადგენენ ნორმატიულ სამართლებრივ აქტებს, რომელთა სარჩელის წარდგენით ავტომატურად შეჩერების შესაძლებლობას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. ამ ნაწილში კოლეგიამ სწორად დააკმაყოფილა კერძო საჩივარი, ხოლო მინისტრის 2002წ. 15 ოქტომბრის ¹284/ო და 28 ოქტომბრის ¹295/იო ბრძანებები სასამართლოს მიერ ასევე სწორად იქნა მიჩნული ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებად, რომელთა მოქმედება სარჩელის წარმოებაში მიღების შედეგად ჩერდება ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლის შესაბამისად, მაგრამ არ იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული აქტების შეჩერების თაობაზე ამ მუხლის საფუძველზე მიღებული განჩინება არ გასაჩივრდება, ვინაიდან ადმინისტრაციულ-საპროცესო კოდექსის 29-30-ე მუხლები გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების მომწესრიგებელი სპეცილური ნორმებია, რომლებიც სამართლებრივად წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. მაგრამ აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული არ არის ადმინისტრაციული აქტების შეჩერების თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა და წესი. ამიტომ ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. მაშასადამე ადმინისტრაციულ პროცესში დასაშვებია სსკ-ს დებულებანი, კერძოდ, კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილი განჩინება მოპასუხეს შეუძლია გაასაჩივროს 5 დღის ვადაში, განჩინების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიამ 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებაში მიუთითა, რომ განჩინება არ საჩივრდება. რასაც საკასაციო პალატა ნაწილობრივ არ იზიარებს. საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით წარმოებაში მიიღო საქართველოს სახელმწიფო ფონდის ყოფილი მუშაკების (სულ 52 პირის) წარმომადგენლის ნ.კ.-ის სასარჩელო განცხადება, რაც სსკ-ს 183-ე მუხლის თანახმად ნამდვილად არ გასაჩივრდება, მაგრამ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა თხოვნა, გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვვლამდე შეაჩერა გასაჩივრებული აქტების მოქმედება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ს 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით საჩივრდება კერძო საჩივრით, ამიტომ საკასაციო პალატა უსწოროდ მიიჩნევს 2002წ. 6 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის მითითებას, რომ განჩინება არ საჩივრდება, ვინაიდან მე-2 პუნქტის ნაწილში განჩინებაზე კერძო საჩივარი დაიშვება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლით, სსკ-ს 194-ე, 408-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების შეჩერებაზე კერძო საჩივრის დაუშვებლობის ნაწილში. 2002წ. 13 დეკემბრის განჩინების მესამე პუნქტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002წ. 15 ოქტომბრის ¹284/ო და 2002წ. 28 ოქტომბრის ¹295/ო ბრძანებების შეჩერებაზე კერძო საჩივრის დაუშვებლობის ნაწილში.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. განჩინების თაობაზე ეცნობოთ მხარეებს.

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.