საქმე №ას-806-806-2018 20 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. დ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ზ-ი, თ. ჩ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. დ-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან ,,კერძო საჩივრის ავტორი’’) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჩ-ისა და ნ. ზ–ის (შემდგომში -„მოპასუხეები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის საოქმო განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის დ. გ-ს შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ აპელანტის წარმომადგენელს მთავარი სხდომის შესახებ უწყება გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, შ–ის ქ. №4-ში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდა.
7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი სხდომის თაობაზე სხდომამდე დიდი ხნით ადრე (კერძოდ, 21 დღით ადრე), იყო ინფორმირებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი აპელანტი მხარის წარმომადგენელმა სხდომის გამართვამდე წინა სამუშაო დღეს წარადგინა განცხადება სასამართლო პროცესის გადადების შესახებ. აპელანტის წარმომადგენელი დ. გ. სხდომის გადადების შუამდგომლობაში უთითებდა საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს, დ.- გ-ს გარდა, ჰყავდა კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 12 დეკემბრის მინდობილობიდან ირკვეოდა, რომ მოსარჩელემ საქართველოს ყველა სასამართლოში მისი ინტერესების დაცვის უფლებამოსილება სამი წლის ვადით გ. ჩ-სა და მ. კ-ს მიანიჭა. 2017 წლის 28 ივლისის რწმუნებულებით დგინდებოდა, რომ აპელანტმა ა. კ-ეს ასევე სამი წლის ვადით მიანიჭა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში მისი ინტერესების დაცვის უფლებამოსილება. უფრო მეტიც, 2018 წლის 21 თებერვლის რწმუნებულებით დასტურდებოდა, რომ აპელანტმა დ. გ-სთან ერთად ყველა ინსტანციის სასამართლოში მისი ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მიანიჭა მ. შ-ას. ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ადვოკატთა რეესტრის თანახმად, მინდობილობებში მითითებული პირები, გ. ჩ-ის გარდა, საერთო და სამოქალაქო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატებს წარმოადგენდნენ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოსთვის უცნობი იყო ზემოთ დასახელებული წარმომადგენლების, ასევე თავად აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე.
8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ მხარის გამოუცხადებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, როდესაც მხარეს ხელს უშლის დაუძლეველი ძალა ან სხვა რაიმე ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც პროცესის დღეს ან უახლოეს წარსულში წარმოიშვა და რომელიც შეუძლებელს ხდის როგორც მხარის ან მისი წარმომადგენლის გამოცხადებას, ასევე სასამართლოს დროულად ინფორმირებას, სხვა დროს ჩანიშნოს პროცესი. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მხარე 21 დღით ადრე იყო ინფორმირებული დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, ასევე, სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობის ავტორისთვის მინიმუმ 2018 წლის 11 მაისს ცნობილი იყო საზღვარგარეთ მისი ვიზიტის თაობაზე, ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ აპელანტს, ამ წარმომადგენლის გარდა, დამატებით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უფლებამოსილი კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავდა, სააპელაციო სასამართლოს გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ სხდომის გადადება პროცესის გაჭიანურებას ემსახურებოდა, მით უმეტეს, რომ მხარემ სხდომის დღის გადადების წინამძღვრების თაობაზე მინიმუმ 5 დღით ადრე იცოდა და ეს დრო საკმარისი იყო, რომ პროცესზე აპელანტი საქმის მცოდნე და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა ადვოკატს წარმოედგინა.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. გ-ს შუამდგომლობა ვერ გახდებოდა პროცესის გადადების საფუძველი, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილ შუამდგომლობას სხდომის გადადების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა.
10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.
11. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
12. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უწყება ჩაჰბარდა მხოლოდ ერთ წარმომადგენელს - დ. გ-ს, რაც დაუყოვნებლივ ეცნობა მარწმუნებელს (აპელანტს), რომელიც ცხოვრობს და საქმიანობს რუსეთის ფედერაციაში და სასამართლოს სხდომის ჩატარების დროისათვის იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში;
12.2. რაც შეეხება სხვა წარმომადგენლებს, დ. გ-ს მათთვის სასამართლოს ზეპირი სხდომის თაობაზე არ შეუტყობინებია, რადგან ამის ვალდებულება მხარის წარმომადგენელს არ გააჩნია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლოს უწყება ბარდება იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა, გულისხმობს, რომ უწყება უნდა გაეგზავნოთ მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს და არა - ერთ წარმომადგენელს, ხოლო ერთი წარმომადგენლისათვის ჩაბარებული უწყება წარმოშობს მის ვალდებულებას შეატყობინოს ამის თაობაზე მხოლოდ ერთ სუბიექტს, მის მარწმუნებელს (მხარეს) და არა - სხვა წარმომადგენლებს;
12.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს ჰყავდა რამდენიმე წარმომადგენელი: გ. ჩ-ი, მ. კ., ა. კ-ე, დ. გ. და მ. შ-ა. თუმცა, მხარემ 2018 წლის 21 თებერვალს ნოტარიუსს მიმართა ა. კ-ესთან მიმართებით მინდობილობის გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, მას სასამართლოს ზეპირი სხდომის დროისათვის - 2018 წლის 16 მაისისთვის გაუქმებული ჰქონდა აპელანტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ის, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა აპელანტის წარმომადგენელი. რაც შეეხება დ. გ-ს, მისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოში წარდგენილ განცხადებაშია ასახული თანდართული მტკიცებულებებით. ამასთან, მოცემული ვიზიტი დაიგეგმა მოულოდნელად და დ. გ-მ ამის თაობაზე შეიტყო მხოლოდ საქმის ზეპირ განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა მას დაუკავშირდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. მოცემული ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა ადვოკატთა კორპუსისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები და დ. გ-ს დასწრება ამ ვიზიტზე უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენდა. რაც შეეხება მ. კ-ს, იგი აპელანტს წარმოადგენდა საქმის წარმოების დაწყებიდან მცირე პერიოდის განმავლობაში, ხოლო შემდგომ ფაქტობრივად შეიცვალა ა. კ-ეთი, თუმცა, მასზე გაცემული რწმუნებულება გაუქმდა მხოლოდ 2018 წლის 31 მაისს. უფრო მეტიც, აპელანტმა გამოხატა ნება, რომ მისი წარმომადგენელი სააპელაციო და შემდგომ განხილვებში ყოფილიყო დ. გ.. კიდევ ერთი წარმომადგენელი - მ. შ-ა არის საადვოკატო ბიურო „გ-- და პარტნიორების“ თანამშრომელი და მასზე მინდობილობის გაცემის მიზანს წარმოადგენდა ტექნიკურ და სხვა საკითხებში დ. გ-სთვის ხელშეწყობა და მისთვის უცნობი იყო საქმის ზეპირი სხდომის ზუსტი რიცხვი და დრო;
12.4. უსაფუძვლოა სასამართლოს ეჭვი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარეს პროცესის გაჭიანურება სურს, პირიქით, სწორედ მის ინტერესებშია სასამართლო სხდომების დროულად დამთავრება, რათა მან სრულყოფილად გამოიყენოს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა;
12.5. არსებული დავა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აპელანტისთვის, რადგან ის წარმოადგენს აფხაზეთიდან დევნილს და 25 წლის განმავლობაში მისი და მისი ოჯახის წევრების დაუღალავი შრომით გამომუშავებული თანხებით შეიძინა ბინა თბილისში, რომელიც თაღლითური გზებით იქნა იპოთეკით დატვირთული (საქმე სისხლის სამართლის წესით იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში) და ამჟამად იგი რეალურად დგას ამ ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშე;
12.6. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება უკიდურესი ზომა უნდა იყოს, რომელიც სასამართლომ უნდა გამოიყენოს, რადგან ის პრაქტიკულად უსპობს შესაძლებლობას მხარეს, თავიდან შეიტანოს სააპელაციო საჩივარი და არსებითად იდავოს მისი შელახული უფლებების დაცვის თაობაზე.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული.
17. გასაჩივრებული საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 16 მაისს 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
20. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.
21. საკასაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმებისას, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დ. გ., რომელმაც 2018 წლის 14 მაისს მიმართა სააპელაციო სასამართლოს მისი ჩეხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტის გამო სხდომის გადადების შუამდგომლობით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 55), არ იყო აპელანტის ერთადერთი წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ჩ-ი არ წარმოადგენს საერთო და სამოქალაქო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატს და, შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი დაეცვა აპელანტის ინტერესები სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ასევე, თუნდაც აპელანტის მიერ ა. კ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულების გაუქმების ფაქტის მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი (თუმცა საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულის შესახებ უცნობი იყო სააპელაციო პალატისათვის, რადგან აპელანტმა რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი სანოტარო აქტი კერძო საჩივარს დაურთო თან და მანამდე საქმეში არ მოიპოვებოდა), მიუთითებს, რომ აპელანტს 2018 წლის 16 მაისს დანიშნული სასამართლო სხდომის დროისათვის ჰყავდა სხვა წარმომადგენლებიც, კერძოდ, მ. კ. და მ. შ-ა, რომელთაც ჰქონდათ სრული უფლებამოსილება დაეცვათ მისი ინტერესები სასამართლო სხდომაზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განცხადებას, რომ მ. შ-ას სახელზე რწმუნებულების გაცემის მიზანი იყო ტექნიკურ და სხვა საკითხებში დ. გ-სთვის ხელშეწყობა და მიუთითებს აპელანტის მიერ 2018 წლის 21 თებერვალს დ. გ-სა და მ. შ-ას სახელზე გაცემულ რწმუნებულებაზე, რომლის თანახმად, რწმუნებულები, როგორც ერთობლივად, ასევე ცალ-ცალკე იცავენ მარწმუნებლის ინტერესებს, ამასთან, მ. შ-ა იმავე უფლებამოსილებით არის აღჭურვილი, როგორითაც - დ. გ. (იხ. ტ. 2. ს. ფ. 44). საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მ. კ-ს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მ. კ-ს სახელზე გაცემული მინდობილობა 2018 წლის 16 მაისს, როდესაც დანიშნული იყო სააპელაციო სასამართლოს სხდომა, ძალაში იყო და მას უფლება ჰქონდა დაეცვა მარწმუნებლის ინტერესები საქართველოს ყველა სასამართლოში (იხ. ტ. 1. ს. ფ. 114).
22. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო უწყება უნდა გაგზავნოდა მის ყველა წარმომადგენელს. აპელანტი თავისი პრეტენზიის გასამყარებლად უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს სასამართლო უწყება გაუგზავნოს ან მხარეს ან მის წარმომადგენელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ ავალდებულებს სასამართლოს, რომ უწყება გაუგზავნოს მხარის ყველა წარმომადგენელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „წარმომადგენლის“ მრავლობით რიცხვში მოხსენიება დაკავშირებულია ამავე ნაწილში „მხარის“ მრავლობით რიცხვში მითითებასთან. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოცემული პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონის სისტემური განმარტებიდან.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტი ზემოაღნიშნულ პრეტენზიას აყენებს იმის დასასაბუთებლად, რომ მის წარმომადგენელს - დ. გ-ს კანონი არ ავალდებულებდა სასამართლო სხდომის თაობაზე გაეფრთხილებინა სხვა წარმომადგენლები, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, უწყების წარმომადგენლისათვის ჩაბარება მიიჩნევა მხარისთვის ჩაბარებად, რომელსაც შეეძლო, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა მისი სხვა წარმომადგენლებისათვის.
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მხარის ერთი წარმომადგენელი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, აპელანტი ვალდებული იყო და გონივრული დროც ჰქონდა იმისათვის, რომ საქმის განხილვაში პირადად მიეღო მონაწილეობა, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში მიემართა თავისი სხვა წარმომადგენლებისათვის (მხარეს 21 დღით ადრე მიეწოდა ინფორმაცია სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, ხოლო სხდომის გადადების წინამძღვრების თაობაზე დ. გ-სთვის და, შესაბამისად, მხარისათვის, მინიმუმ 5 დღით ადრე იყო ცნობილი). თუმცა დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში არც თავად აპელანტი გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, არც მისი რომელიმე სხვა წარმომადგენელი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსთვის. ამგვარი განცხადებით სასამართლოს მიმართა აპელანტის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა, დ. გ-მ. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე აპელანტის მხოლოდ ერთი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობაზე მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება.
25. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველი დავისადმი დიდ ინტერესს და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას შეეხება, აღნიშნავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ აპელანტმა თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მისი და მისი წარმომადგენლების საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. დ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე