№ ას-885-852-2016 3 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ნ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მესამე პირი - შპს ,,ე--’’
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაში ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2014 წლის 11 თებერვალს შპს ,,ნ-მა” (შემდგომში „მოსარჩელე“, „მენარდე“, „მიმწოდებელი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის (შემდგომში „მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ან „შემკვეთი“) და მესამე პირის, შპს ,,ე---’’-ის (შემდგომში „ქვეკონტრაქტორი“) მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 24 ოქტომბრის №-- ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის №--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაში მოსარჩელისათვის ხელშეშლის აკრძალვა.
2. სარჩელის თანახმად, მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2013 წლის 24 ოქტომბერს დაიდო №-- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას განეხორციელებინა ქალაქ ფოთის ც-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 269 999 ლარის სანაცვლოდ. მოსარჩელემ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა ადგილობრივი კომპანია შპს ,,ე---’’.
3. მოპასუხის ზეპირსიტყვიერი თხოვნით სამუშაოების შესრულება ნაცვლად 2013 წლის 24 ოქტომბრისა დაიწყო ამავე წლის 18 ნოემბერს, რადგან ქალაქ ფოთის ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი’’ ატარებდა კალენდარულ მატჩებს, რაც შეუძლებელს ხდიდა სამშენებლო სამუშაოების დაწყებას. ამასთან, საჭირო იყო ფოლადის მილების შეკვეთით დამზადება და მისი შემოტანა უცხოეთიდან, რომლის შესახებაც წინასწარ იყო ინფორმირებული მოპასუხე.
4. 2013 წლის 29 ოქტომბერს ქვეკონტრაქტორმა წარმოადგინა წერილი, რომლითაც იგი იტყობინებოდა, რომ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ხელშეკრულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მიცემის აუცილებლობას იწვევდა.
5. 2013 წლის 30 დეკემბერს შეიცვალა ობიექტის მიწოდების ვადა და იგი გახდა 2014 წლის 20 იანვარი, თუმცა ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადად განსაზღვრული იყო 2014 წლის 20 თებერვალი, ხოლო ამავე ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მეორე წინადადების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულება არ ექვემდებარებოდა შეწყვეტას მანამ, სანამ მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდებოდა სრულად და ჯეროვნად.
6. მოსარჩელის განცხადებით, მოზიდულია ასობით ათასი ლარის სამშენებლო მასალა, გაწეულია ასობით ათასი ლარის ხარჯი, შექმნილია ყველა წინაპირობა სამუშაოების დასასრულებლად და წარდგენილია საბანკო გარანტიები 1 313 500 ლარზე. მოპასუხე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რაც უსაფუძვლოა. ხელშეკრულება არ ექვემდებარებოდა შეწყვეტას მანამ, სანამ არ მოხდებოდა ნაკისრი ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულება. აღნიშნულზე მიუთითებს მხარეთა შორის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა შეუსრულებელი ნაწილის 0,2%-ის ოდენობით და არა ხელშეკრულების ცალმხრივად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეწყვეტა. მოპასუხეს შეეძლო სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. მოსარჩელეს ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში გააჩნდა კანონიერი ნდობა, რომ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. ხელშეკრულების შეწყვეტით კი იგი აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში, ვინაიდან შექმნილია ყველა პირობა სამუშაოების დასასრულებლად, მაგრამ არ მიწოდებულა დაახლოებით 400 000 ლარის სამუშო. ამასთან, სამუშაოების დაჩქარების მიზნით წინასწარი ანაზღაურების გაწევის შესახებ მოპასუხეს არაერთხელ ეცნობა, თუმცა საჭირო რაოდენობის თანხა არ ერიცხებოდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა სამუშაოების სწრაფი ტემპით განხორციელებას და წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის დარღვევას მოპასუხის მხრიდან.
7. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა და საგარანტიო თანხების გამოთხოვა წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებას სწორედ შემსყიდველის მხრიდან, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა აღეძრა სარჩელი და მოეთხოვა არა მარტო მიყენებული ზიანის ანაზღაურება ფაქტობრივი დანაკლისისათვის, არამედ, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
8. 2014 წლის 6 იანვარს მოსარჩელემ წინადადებით მიმართა მოპასუხეს მოეხდინა ხელშეკრულების კორექტირება სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ღირებულების გაზრდის გარეშე და გაეგრძელებინა მხოლოდ ობიექტის მიწოდების ვადა 2014 წლის 20 იანვრიდან 2014 წლის 10 აპრილამდე. 2014 წლის 20 იანვარს წინადადების პასუხად მოსარჩელეს ეცნობა, რომ ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ მოითხოვა ახალი საბანკო გარანტიის წარდგენა, რაც შესრულდა და გაიცა ხელშეკრულების ახალი გარანტია 2014 წლის 1 თებერვლიდან ამავე წლის 1 ივნისის ჩათვლით. შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმება ჩაითვალა დადებულად (გაგრძელებულად), ვინაიდან სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, თუმცა მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ხელშეშლას.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა 2013 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. კერძოდ, ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებისა და სამუშაოების ვადის შესრულების გადავადების მიუხედავად მიმწოდებელმა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, 2014 წლის 20 იანვრამდე სრულად არ შეასრულა სამუშაოები - მას 2 269 999 ლარის ღირებულების სამუშოებიდან შესრულებული აქვს მხოლოდ 271 584.62 ლარის სამუშაო. ვინაიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 19 იანვრის ჩათვლით, ხოლო 19 იანვრის შემდგომ ხელშეკრულებაში ცვლილებები არ შესულა და არც მოსარჩელეს წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი დოკუმენტი, იგულისხმება, რომ მასში ცვლილებები არ განხორციელებულა. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი სამუშაოების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იყო არაუგვიანეს 2014 წლის 1 თებერვლისა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის სხვა გარანტია კი მოპასუხისთვის ოფიციალურად არ იყო წარდგენილი.
10. მოპასუხემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევისას არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება თუ: ა) აშკარაა, რომ მას არანაირი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
11. მოსარჩელეს შესრულებული აქვს სამუშაოს მცირე ნაწილი და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მის წინასწარ გაფრთხილებას აზრი არ ჰქონდა, ხოლო თუ გაგრძელდებოდა ხელშეკრულების შესრულება, მას, ხელშეკრულების შესაბამისად, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილის 0.2%-ის ოდენობით, რომელიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ზიანს მიაყენებდა მოსარჩელეს.
12. 2014 წლის 24 ივნისს შპს „ნ-მა“ კვლავ სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტისა და მესამე პირის, შპს ,,ე---’’-ის მიმართ და მოითხოვა აღიარებულ იქნას მოპასუხის მიმართ მის მიერ შესრულებული სამუშაო 58 610.98, 18 150 და 640 093 ლარზე და გამოიქვითოს ავანსიდან.
13. მოსარჩელის განცხადებით, 2013 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხემ მასთან გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთის ც-ის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. იმის გამო, რომ სამუშაოთა წარმოება მიმდინარეობდა ზამთრის ეტაპზე და მოსალოდნელი იყო კლიმატური პირობების გაუარესება, ამასთან, ფოთის საფეხბურთო გუნდი „ფოთის კოლხეთი“ ატარებდა კალენდარულ მატჩებს 2013 წლის 18 ნოემბრამდე, შეუძლებელი იყო სამშენებლო სამუშაოების დროულად დაწყება. ასევე საპროექტო დოკუმენტაციას აღმოაჩნდა ნაკლი, რაც ითვალისწინებდა მის კორექტირებას, საჭირო იყო სპეციალური მასალის (ფოლადის მილების) შეკვეთა და უცხოეთიდან შემოტანა, რის შესახებაც წინასწარ ინფორმირებული იყო მოპასუხე. აღნიშნული გარემოებები კი იწვევდა სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადოდ შესრულებისთვის დამატებითი ვადის მიცემის აუცილებლობას, რის გამოც მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ხელშეკრულების შემდგომი მოსალოდნელი გაგრძელების შესახებ და ყოველივე ეს აისახა კიდეც ხელშეკრულებაში - მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 20 თებერვლამდე. ამავე ხელშეკრულებაში კი მითითებული იყო, რომ იგი არ ექვემდებარებოდა შეწყვეტას მანამ, ვიდრე მხარეთა მიერ არ შესრულდებოდა ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და სრულად.
14. 2014 წლის 29 იანვარს მოპასუხემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოულოდნელად შეწყვიტა ხელშეკრულება მოსარჩელესთან და მოსთხოვა მას საავანსო გარანტიების საფუძველზე თანხის ანაზღაურება, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა შესრულებული სამუშაოებისა და საავანსო თანხების მიზნობრივი ხარჯვის საფუძველზე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და კუთვნილი თანხების ანაზღაურება.
15. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ავანსისა და გადარიცხვის სახით მიღებული აქვს 771 584.62 ლარი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული აქვს 320 262.63 ლარის სამუშაო, შესაბამისად, მას ეკუთვნის მხოლოდ 48 678.01 ლარი. ამასთან, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა არა შესყიდული საქონელი, არამედ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში ც-ს რეაბილიტაციის სამუშოების შესყიდვა. ამდენად, მოპასუხე შესყიდულ საქონელს ვერ გაქვითავდა შესასრულებელ სამუშაოებში.
16. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 11 თებერვალს წარდგენილ სარჩელზე ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2014 წლის 27 ივნისს, რომლის შესაბამისად სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2014 წლის 24 ივნისს წარდგენილი სარჩელი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო მოპასუხის მიმართ 48 678 ლარზე დღგ-ს ჩათვლით და გამოიქვითა ავანსიდან, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
17. ფოთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ვიდრე არ გადაწყდებოდა სამოქალაქო საქმე შპს „ნ-ის“ სარჩელის გამო ქ. ფოთის თვითმმართველი მერიისა და მესამე პირის შპს „ე---“-ის მიმართ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
19. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 2015 წლის 20 მარტს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ფოთის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის #--- გადაწყვეტილება 2013 წლის 24 ოქტომბრის #-- ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელისთვის 2013 წლის 24 ოქტომბრის #-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაში ხელის შეშლა.
20. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რაც ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტ შპს „ნ-ის“ შუამდგომლობა და ერთ წარმოებად გაერთიანდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმეები - საქმე #2/ბ-219-2016 (აპელანტი: შპს „ნ-ი“; გასაჩივრებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება) და საქმე #2/ბ-40-2015 (აპელანტი: შპს „ნ-ი“, გასაჩივრებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება) და გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა #2/ბ-219-2016.
24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აღიარებულ იქნა მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ მხარეთა შორის 2013 წლის 24 ოქტომბრის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2 352.27 ლარის (ორი ათას სამას ორმოცდათორმეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი და დადგინდა აღნიშნული თანხის შემკვეთის მიერ მენარდისათვის ავანსის სახით გადარიცხული თანხიდან გამოიქვითვა; აღიარებულ იქნა მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ მხარეთა შორის 2013 წლის 24 ოქტომბრის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 18 150 (თვრამეტი ათას ას ორმოცდაათი) ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი და დადგინდა აღნიშნული თანხის შემკვეთის მიერ მენარდისათვის ავანსის სახით გადარიცხული თანხიდან გამოიქვითვა; სარჩელი ავანსიდან 640 093 ლარის გამოქვითვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
25. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
25.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 24 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:
· მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა ქალაქ ფოთის ც-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სანაცვლოდ, შემსყიდველი გადაუხდიდა მიმწოდებელს 2 269 999 ლარს;
· მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2014 წლის 20 იანვრამდე (ეს ვადა საბოლოოდ განისაზღვრა ხელშეკრულებაში 2013 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებით შეტანილი ცვლილებით);
· სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვით (რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია) 19 046.81 ლარი გამოიყო „გაუთვალისწინებელი სამუშაოებისათვის”;
25.2. შემსყიდველმა მიმწოდებელს საერთო ჯამში გადაუხადა 771 584.62 ლარი: 2013 წლის 11 ნოემბერს - ავანსის სახით 227 000 ლარი; 2013 წლის 10 დეკემბერს - 44 584.62 ლარი (რადგან უდავო იყო, რომ მიმწოდებელმა შეასრულა და შემსყიდველმა ჩაიბარა საერთო ჯამში 271 584.62 ლარის ღირებულების სამუშაო; ესე იგი, შემსყიდველმა 2013 წლის 11 ნოემბერს ჩარიცხულ 227 000 ლარს დაუმატა 44 584.62 ლარი, რათა საბოლოოდ გადახდილად ჩათვლილიყო სწორედ 271 584.62 ლარი); 2013 წლის 10 დეკემბერს - ავანსის სახით 500 000 ლარი;
25.3. შპს ,,მ-მა” შემსყიდველის დაკვეთით ჩაატარა შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა და დაასკვნა: ა) 271 584.62 ლარის ღირებულების სამუშაოებში, რომელიც მიღებული და ანაზღაურებულიც იყო შემსყიდველის მიერ, შეყვანილი იყო სპორტული სკოლის ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო შენობის დემონტაჟი (ღირებულება დანარიცხების გარეშე: 7088.43 ლარი), თუმცა, დემონტაჟი რეალურად განხორციელებული არ ყოფილა; ბ) საბოლოოდ, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებაა 320 262.63 ლარი (დღგ-ის ჩათვლით); გ) სამუშაოების ღირებულებაში არ უნდა იქნას შეყვანილი 2013 წლის 26 დეკემბრით დათარიღებულ „გაუთვალისწინებელი სამუშაოების აქტში“ ასახული სამუშაოები: ქვაბულში წყალქცევის მოწყობა ნემსოფილტრებით და ქვაბულში ბალასტის დატკეპვნა, რადგან ისინი არ არის გათვალისწინებული სატენდერო წინადადებაში და არც შეთანხმებული ყოფილა შემსყიდველთან; დ) შეფასდა როგორც სტადიონზე, ისე - მიმწოდებლის ლითონის საამქროში დასაწყობებული სამშენებლო მასალა, რომლის ღირებულებაა 640 093 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც ამ მასალის მიღება შემსყიდველის პრეროგატივაა.
26. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სპორტული სკოლის ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო შენობის დემონტაჟი განხორციელდა შპს ,,მ-ის” დასკვნის მომზადების შემდეგ, რაც დაადასტურა მოპასუხემაც, თუმცა მისი განმარტებით, უცნობია, ვინ განახორციელა დემონტაჟი.
27. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ ფოთის ც-ზე სამშენებლო (მათ შორის - დემონტაჟის) სამუშაოებს ხელშეკრულების საფუძველზე მხოლოდ შპს ,,ნ-ი” ახორციელებდა; მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო დემონტაჟი განხორციელებულია სხვა კომპანიის მიერ. შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ დემონტაჟის განხორციელების ფაქტი და სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 636-ე მუხლზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ხოლო მენარდეს გაუჩნდა ამავე კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის უფლება (შემკვეთის მოთხოვნა - დაუბრუნდეს უკან მენარდისათვის ავანსად გადარიცხული თანხა; მენარდის მოთხოვნა - აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება), რაც განახორციელა კიდეც სარჩელის აღძვრით.
28. დემონტაჟის ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი უნდა დადგინდეს მხარეთა შეთანხმებით დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომლის თანახმად, ღირებულება შეადგენს 1 993.45 ლარს, დღგ-ის გარეშე, ხოლო თუ ამ თანხას დაემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დადგენილი განაკვეთით (დასაბეგრი ბრუნვის 18%) გაანგარიშებული დღგ-ის თანხა (1993.45 ლარის 18% შეადგენს 358.82 ლარს), სადავო დემონტაჟის ღირებულება (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს 1 993.45 + 358.82 = 2352.27 ლარს.
29. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სამშენებლო ობიექტზე ხელშეკრულებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი სამუშაოების (ქვაბულში წყალქცევის მოწყობა ნემსოფილტრებით და ქვაბულში ბალასტის დატკეპვნა - იხ: აქტი - ტ.5, ს.ფ.138-139) ანაზღაურებისათვის ავანსად გადახდილი თანხიდან 18 150 ლარის გამოქვითვის თაობაზე, ვინაიდან მოპასუხე შესაგებლით არ შედავებია არც ამ სამუშაოების რეალურად განხორციელების ფაქტს და არც მითითებულ ღირებულებას (მხოლოდ განაცხადა, რომ ეს სამუშაოები არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით და არ უნდა ანაზღაურებულიყო), სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ქალაქ ფოთის ც-ს სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეასრულა 18 150 ლარის ღირებულების სამუშაოები (ქვაბულში წყალქცევის მოწყობა ნემსოფილტრებით და ქვაბულში ბალასტის დატკეპვნა), რომელიც სახელდებით არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით (ხარჯთაღრიცხვით). მხარეები შეთანხმებული იყვნენ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ხარჯთაღრიცხვაში სახელდებით მითითების გარეშე გაუთვალისწინებელი სამუშაოების დაფინანსებაზე, ამასთან, შემკვეთის უფლებამოსილმა პირმა მიიღო (მოიწონა) კიდეც შესრულებული სამუშაოები, როგორც აუცილებელი და დამაკმაყოფილებლად შესასრულებელი სამუშაოები, რომელთა ღირებულება მოექცა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 636-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს ამ სამუშაოების შესრულებისათვის შეთანხმებული საზღაური 18 150 ლარი, რომელიც სსკ-ის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარება გაქვითვას.
30. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სამშენებლო სამუშაოებისათვის შეძენილი მასალების ღირებულების ანაზღაურებისათვის 640 093 ლარის გამოიქვითვის შესახებ (რადგან, მოსარჩელის აზრით, ეს მასალა სხვა ობიექტზე ვერ იქნება გამოყენებული და ამით საწარმო განიცდის მატერიალურ ზიანს), სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ეს მასალები მან საკუთრებაში გადასცა მოპასუხეს. მოსარჩელის მიერ მითითებული ხელშეკრულების 10.5.1 პუნქტი შეეხება არა მიმწოდებლის მიერ შეძენილ მასალას, არამედ სამშენებლო ობიექტზე გამოცვლილ ძველ სამშენებლო მასალას და სხვა ნივთებს. გარდა ამისა, მოსარჩელეს ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მის მიერ შეძენილი, ზემოთ ხსენებული მასალების გამოყენება შეუძლებელია სხვა ობიექტებზე სამუშაოების განსახორციელებლად.
31. სასამართლომ ცალმხრივად შეწყვეტილი სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მიუთითა, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ნ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს არასწორად ჰქონდა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი ნებისმიერ დროს არის უფლებამოსილი თუნდაც უმიზეზოდ უარი თქვას ნარდობის ხელშეკრულებაზე, ოღონდ უნდა აუნაზღაუროს მენარდეს უკვე გაწეული სამუშაოს ღირებულება და მიყენებული ზიანი. ზემოაღნიშნული მუხლი ანიჭებს შეუზღუდავ უფლებას შემკვეთს - უარი თქვას ნარდობის ხელშეკრულებაზე ნებისმიერ დროს; ესე იგი, შემკვეთს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულება სახელშეკრულებო ურთიერთობა აღადგინოს მენარდესთან; მენარდე ინარჩუნებს მხოლოდ უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნა იურიდიულად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, რის გამოც მართებულად ეთქვა მას უარი დაკმაყოფილებაზე.
32. სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა აპელანტის პრეტენზიაზე დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების კანონიერებაზე, მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო მოთხოვნა წარადგინა საქმის არსებითად განსახილველად მომზადების დასრულების შემდეგ ისე, რომ მოპასუხე აღნიშნულს არ დათანხმებია. შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.
33. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ასევე მოითხოვა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება.
34. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ექვემდებარებოდა ცალმხრივად შეწყვეტას. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო მისი მოქმედების კონკრეტული ვადა - 2014 წლის 20 თებერვალი და, ამავე დროს, მასში იყო მითითება, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება არ ექვემდებარებოდა შეწყვეტას მანამ, ვიდრე მხარეთა შორის არ მოხდებოდა ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება, ხოლო მოპასუხემ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეწყვიტა იგი. მან სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ მიმართა დამატებითი ვადის დაწესებას. კასატორის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს უარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და დღესაც მზადაა დაასრულოს აღნიშნული დავალება. ამასთან, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საფუძვლები, რაც დამატებით გამორიცხავდა ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საფუძვლების არსებობას. მოპასუხემ თავად დაარღვია ნაკისრი ვალდებულება - მას, სამუშაოთა დაჩქარების მიზნით, არაერთხელ ეცნობა წინასწარი ანაზღაურების გაწევის შესახებ, თუმცა შემსყიდველის მიერ 907 999.00 ლარის ნაცვლად ჩაირიცხა მხოლოდ 227 000 ლარი, საიდანაც შემდგომში მოსარჩელეს ჩაერიცხა მხოლოდ 44 584,62 ლარი, რამაც, თავისთავად, დააზიანა სამუშაოების მიმდინარეობის სისწრაფე. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ წინასწარი ანაზღაურების მიზნით წარადგინა საგარანტიო უზრუნველყოფა 500 000 ლარზე, საიდან მიღებული თანხებიც თითქმის სრულად იქნა მიმართული რუსეთიდან ფოლადის მილების შემოსატანად. მაგრამ მოპასუხემ არ მოახდინა საავანსო ანაზღაურება, რამაც კვლავ მნიშვნელოვნად შეაფერხა სამუშაოების სისწრაფე. ამრიგად, მოპასუხის ქმედება პირდაპირ წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოსარჩელეს.
35. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უარყო უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და ასევე დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისთვის ადამიანური თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას (საქმე №ას-697-663-2015). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, მასზე დართული ფოტომასალა, ასევე სპეციალური ფოლადის მილების შეძენისა და სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებისათვის მისი მომზადების სამუშაოები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მიერ ავანსით მიღებული თანხები გაიხარჯა მიზნობრივად, შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა და დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა.
36. გარდა აღნიშნულისა, ხელშეკრულების მიხედვით, ეს ნივთები ისედაც უნდა მიეღო მოპასუხეს საკუთრებაში, ვინაიდან სამშენებლო ობიექტზე გამოცვლილ სამშენებლო მასალასა და სხვა ნივთებში მოიაზრება ასევე სტადიონის სამუშაოებისათვის შეძენილი მასალები, რაც დასტურდება იმითაც, რომ 2013 წლის 4 დეკემბერს გაცემული სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია ითვალისწინებს ავანსის შემცირებას პრინციპალის (შპს „ნ-ის“) მიერ ბენეფიციარისათვის (ფოთის მუნიციპალიტეტის მერია) საქონლის, მომსახურების თუ ფაქტობრივი მიწოდების პროპორციულად.
37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ნ-ის” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
38. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
41. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, მართებულია თუ არა შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა მენარდისათვის ყოველგვარი დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე.
42. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
43. ნარდობის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი ადგენს შემკვეთის უფლებას, უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, საკასაციო სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა: „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (იხ. სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი).
44. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში მოწესრიგებულ ურთიერთობათა ცალკეულ ნორმებზე: მაგ., ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი (სსკ-ის 484-ე მუხლი), რომელიც გარიგების ყოველი მხარისათვის ადგენს შესაძლებლობას, უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ ასრულებს. იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე. საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით (სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას (სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული. სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ინსტიტუტებთან შედარებისას და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობისათვის ამოსავალი პრინციპის - კონრაჰენტთა კეთილსინდისიერების გათვალისწინებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი), შეიძლება ითქვას, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა, რადგან მოხმობილი ნორმის შინაარსს ეწინააღმდეგება შემკვეთის იძულება და დავალდებულება, არ შეუშალოს ხელი მენარდეს სამუშაოების დასრულებაში. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაცვის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი (იხ. სუსგ №ას-901-851-2015 5 თებერვალი, 2016 წელი). სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს (იხ. სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი).
45. აღნიშნული მჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად დასაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა ნარდობის ხელშეკრულების შემკვეთის მიერ ცალმხრივად მოშლის მართებულობასთან დაკავშირებით.
46. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ხელშეკრულების მოშლით მენარდისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ 2015 წლის 15 დეკემბერს მიღებულ განჩინებაზე (საქმე №ას-697-663-2015) და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნულ განჩინებაში მითითებული განმარტებებით, რომელთა მიხედვითაც ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და ასევე დანახარჯები, რომლებიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები. მოცემულ შემთხვევაში კი, კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ნ-მა“ გასწია 640 093 ლარის ფინანსური სახსრების მობილიზება, სასამართლო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა ამ ნაწილში.
47. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
48. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესაბამისად, მართებულად უარყო მოსარჩელის მოთხოვნა სამშენებლო მასალების ღირებულების ანაზღაურებისათვის ავანსიდან 640 093 ლარის გამოქვითვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ეს მასალები მან საკუთრებაში გადასცა მოპასუხეს, ან/და მათი გამოყენება შეუძლებელია სხვა ობიექტზე სამუშაოების განსახორციელებლად (რის საფუძველზეც მოითხოვდა იგი აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას). კასატორს არც საკასაციო სასამართლოში წარმოუდგენია სამართლებრივად წონადი არგუმენტები, რომლებიც გააქარწყლებდა მოცემულ საკითხზე გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს. მხოლოდ მითითება კი, რომ საექსპერტო დასკვნაში დასაწყობებული მასალის ღირებულებად მითითებულია 640 093 ლარი და აღნიშნული მასალა სწორედ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების განსახორციელებლად არის შექმნილი და მომზადებული, ვერ მიიჩნევა აღნიშნული თანხის ავანსიდან გამოქვითვის საკმარის საფუძვლად.
49. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. დასახელებული ნორმა, მართალია, ადგენს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საოქმო განჩინებების კანონიერებაზე, რომლებიც დამოუკიდებელ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა, ეს უფლება არ არის შეუზღუდავი, საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის კონტექსტში საკუთარი ინიციატივით ამოწმებს მათი გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების არსებობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება. რაც შეეხება ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების 393-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე საფუძველს, კასატორს ამგვარ საფუძვლებზე არ მიუთითებია. საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
50. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
51. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-901-851-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი; №ას-981-926-2015, 11 მარტი, 2016 წელი, სადაც განმარტებულია შემკვეთის მხრიდან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის გამო შემკვეთისათვის მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაკისრების წესი და სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ნ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
53. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ნ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს ,,ნ -ს“ (ს/კ: ---) დაუბრუნდეს ბ. ც-ს (პ/ნ: ---) მიერ 2016 წლის 14 ნოემბერს #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე