Facebook Twitter

საქმე №ა-1213-ა-4-2018 26 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ბ. დ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით აპელანტ შ. ბ-ის წარმომადგენლის რ. შ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქმის წარმოება შ. ბ-ისა და ბ. დ–ის სააპელაციო საჩივრების გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე, შ. ბ-ის სარჩელის გამო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ (საქმე #---) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. დ–ის წარმომადგენელმა კ. ფ–მა, ასევე შპს „ტ-ის", მ. ფ-სა და მ. ც-ის წარმომადგენელმა ს. ფ–მა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად საპროცესო ვადის დარღვევის გამო.

4. 2017 წლის 13 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ტ-ის“ (დირექტორი ბ. დ–ი) წარმომადგენელმა ს. ფ–მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. 2017 წლის 11 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ბ. დ–მა, რომელმაც განმარტა, რომ საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ 2017 წლის 13 აპრილს წარდგენილ განცხადებაში ავტორად, ნაცვლად ფიზიკური პირის, ბ. დ–ისა, შეცდომით მითითებულია შპს „ტ-ი“. შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების შესახებ უზენაეს სასამართლოში 2017 წლის 13 აპრილს წარდგენილი განცხადების ავტორია არა შპს „ტ-ი“, არამედ ფიზიკური პირი, ბ. დ–ი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ბ. დ–ის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ბ. დ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

8. 2018 წლის 14 მარტს ბ. დ–მა კვლავ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

9. განმცხადებელი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ მოცემული განჩინებით არასწორად შეაფასა და აითვალა კერძო საჩივრის წარდგენის ვადა. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით ბ. დ–ი არ ხდიდა სადავოდ ს. ფ–ის მიერ ვადის დარღვევის ფაქტს. ფიზიკური პირის, ბ. დ-ის პრეტენზია შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ მის წარმომადგენელს, კ. ფ–ს არ დაურღვევია კერძო საჩივრის წარდგენის ვადა და ერთობლივი კერძო საჩივარი, რომელსაც ხელს აწერდნენ როგორც ფიზიკური პირის, ბ. დ-ის წარმომადგენელი - კ. ფ–ი, ისე შპს „ტ-ის“ წარმომადგენელი - ს. ფ–ი, არ უნდა დარჩენილიყო განუხილველად ბ. დ–ის ნაწილში ს. ფ–ის მიერ ვადის დარღვევის გამო. უზენაეს სასამართლოს ერთმანეთისგან უნდა გაემიჯნა ეს ორი სუბიექტი, რადგან თავადვე დაადგინა, რომ ისინი სხვადასხვა მხარეები იყვნენ. სასამართლოს უნდა ემსჯელა ბ. დ–ის კერძო საჩივრის კანონიერებაზე და შეემოწმებინა დაცული იყო თუ არა მის მიერ კერძო საჩივრის წარდგენის ვადა. შესაბამისად, უნდა მოხდეს გასაჩივრების ვადების სწორად ათვლა და ბ. დ–ის კერძო საჩივარზე განახლდეს წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო მოცემული განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაშვების ერთ-ერთი პირობაა მისი კანონით დადგენილ ვადაში შეტანა. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნას ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

13. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს განცხადების განმხილველი სასამართლოს ვალდებულება, საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს ფორმალური თვალსაზრისით შეესაბამება თუ არა განცხადება კანონის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.

14. განმცხადებლის პრეტენზიების შეფასების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს, იმსჯელოს წარდგენილი განცხადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლთან შესაბამისობაზე. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის ერთთვიან ვადას უკავშირებს იმ თარიღს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

15. საქმის მასალებით დადგენილია და განმცხადებელიც არ ხდის სადავოდ, რომ მან კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს ერთხელ უკვე მიმართა 2017 წლის 13 აპრილის განცხადებით 2017 წლის 11 მაისის დამატებით განცხადებასთან ერთად და სადავოდ გახადა ს. ფ–ის მიერ გზავნილის სათანადო წესით ჩაუბარებლობა, რაც, მისივე განმარტებით, გავლენას ახდენდა კერძო საჩივრის კანონით დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენასა და მისი განუხილველად დატოვების მართებულობაზე. უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით იმსჯელა აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და არ დააკმაყოფილა იგი. საკასაციო სასამართლომ წარდგენილი განცხადების ფარგლებში შეაფასა ბ. დ–ის, როგორც ფიზიკური პირის (და არა ბ. დ-ის, როგორც შპს „ტ-ის“ დირექტორის) მოთხოვნის საფუძვლიანობა, დადგენილად მიიჩნია, რომ უზენაეს სასამართლოში წარდგენილ კერძო საჩივარს ხელს აწერდა კ. ფ–ი, როგორც ფიზიკური პირის, ბ. დ–ის წარმომადგენელი და, შესაბამისად, არ გაიზიარა განმცხადებლის პრეტენზია ს. ფ–ისათვის გზავნილის სათანადო წესით ჩაუბარებლობის მოტივით საკასაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

16. მას შემდეგ, რაც განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული განჩინების (2017 წლის 20 ნოემბრის) შინაარსი, 2018 წლის 14 მარტს მან ახალი განცხადება წარადგინა სასამართლოში საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუმცა, ამჯერად, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმებისას ერთმანეთისაგან უნდა გაემიჯნა კერძო საჩივარზე ხელმომწერი პირები - ფიზიკური პირის, ბ. დ–ის წარმომადგენელი კ. ფ–ი და შპს „ტ-ის“ წარმომადგენელი ს. ფ–ი და ისე უნდა შეეფასებინა დაცული იყო თუ არა ბ. დ–ის ნაწილში კერძო საჩივრის წარდგენის ვადა.

17. ამდენად, განმცხადებელი წინამდებარე განცხადებაში, ისევე როგორც 2017 წლის 13 აპრილსა და 11 მაისს წარდგენილ განცხადებებში, ახლად აღმოჩენილ გარემოებად კვლავ სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის არასწორად ათვლაზე მიუთითებს, თუმცა განსხვავებული საფუძვლით.

18. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა ფიზიკური პირის, ბ. დ-ის განცხადებაზე 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, ნათელია, რომ განმცხადებელმა ჯერ კიდევ 2017 წლის 13 აპრილისა და 11 მაისის განცხადებების წარდგენისას იცოდა უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების შინაარსი და ამ განჩინებით მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ის გარემოებებიც, რომლებსაც იგი 2018 წლის 14 მარტის განცხადებაში უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს. მას ამ გარემოებებზე უნდა მიეთითებინა 2017 წლის 13 აპრილსა და 11 მაისს წარდგენილ განცხადებებში. ამდენად, ვინაიდან მას ამ გარემოებაზე მითითება უკვე შეეძლო თავდაპირველად წარდგენილ განცხადებაშიც, რაც არ გაუკეთებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთვევაში არსებობს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ. დ–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური