№ ას-1263-1183-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორები – რ. გ-ი, ა. გ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისისა და 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2015 წლის 24 აპრილს თ. ა-მა, ე. ს-ემ, ნ. ჯ-მ, ი. წ-ემ და შპს „ე-ის“ დირექტორმა (შემდგომში „განმცხადებლები“ ან „მოსარჩელეები“) განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და სავარაუდო მოპასუხეთა - ა. და რ. გ–ების (შემდგომში „მოპასუხეები“ ან „საჩივრის ავტორები“) ქონებაზე ყადაღის დადება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით განმცხადებლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო რ. გ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: 1. ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 34.19 კვ.მ მანსარდას (მშენებარე) (ს.კ ---); 2. ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.60 კვ.მ მანსარდას (მშენებარე) (ს.კ.---); 3. ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ მანსარდას (მშენებარე) (ს.კ. ---).
3. 2015 წლის 7 მაისს თ. ა-მა, ე. ს-ემ, ნ. ჯ-მ და ი. წ-ემ სარჩელი აღძრეს ა. და რ. გ-ების მიმართ და მოითხოვეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნარდობის ხელშეკრულებად აღიარება, ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, ქონების საკუთრებაში დაბრუნება და მოპასუხეთათვის თანხის გადახდის დაკისრება
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებით ი. წ-ის სარჩელი დარჩა განუხილველი სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ს, ე. ს-ისა და თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმში მ-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით ---) 2014 წლის 4 ნოემბერს შპს ,,ე-სა“ და რ. გ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; შპს ,,ე- სა“ და რ. გ–ს შორის ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს.კ.---) 2014 წლის 4 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება აღიარებული იქნა ნარდობის ხელშეკრულებად; მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის 2014 წლის 4 ნოემბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულება აღიარებული იქნა შეწყვეტილად; ხელშეკრულების მოშლის გამო ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ. ფართი (ს.კ.---) აღირიცხა შპს ,,ე-ის“ უფლებამონაცვლეების ნ. ჯ-ს და თ. ა-ის საკუთრებად; სარჩელი 40 000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; თ. ა-ის სარჩელი მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ სოლიდარულად 18 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ნ. ჯ-ს სარჩელი მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ სოლიდარულად 101 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ე. ს-ის სარჩელი მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ სოლიდარულად 4961.12 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა ნაწილობრივ და ყადაღისაგან გათავისუფლდა რ. გ–ის (პ/№---) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 34.19 კვ.მ მანსარდა (მშენებარე) (ს.კ. ---); ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.60 კვ.მ მანსარდა (მშენებარე) (ს.კ.---); ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ (ს.კ.---) ფართის ნაწილში დარჩა ძალაში.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრეს ნ. ჯ-მ და თ. ა-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
10. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. ჯ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის მარტში გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აუქციონზე გასატანად მზადდება მოცემულ საქმეზე წარდგენილი სარჩელის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონება, შესაბამისად, არსებობს ამ საქმეზე აღსრულების შეჩერების საკმარისი წინაპირობა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩნებით განმცხადებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის №2/102-2017 განჩინების საფუძველზე 2017 წლის 9 მარტს გაცემული №2/102-2017 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით კერძო აღმასრულებლის, მ. პ-ის წარმოებაში არსებული #--- სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი - მ. ქ-ე - პ/ნ: ---, წარმომადგენელი - ტ. ქ-ე - პ/ნ: ---) რ. გ–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 34,19 კვ.მ მანსარდის (მშენებარე) (ს/კ:---) და ამავე მისამართზე მდებარე 82.81 კვ.მ მანსარდის (მშენებარე) (ს.კ.---) სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული #2/ბ-47-17 საქმის დასრულებამდე.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისს სარჩელით მიმართეს ნ. ჯ-მ და სხვებმა, მოპასუხეების - რ. და ა. გ–ების მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეების მიერ ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო ნარდობის საზღაურის სახით მოპასუხეზე გადაცემული - ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ უძრავი ქონების (ს.კ.---) მოსარჩელეებისათვის უკან დაბრუნება და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეებისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება;
12.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებლების მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ყადაღა დაედო მოპასუხე რ. გ–ის 3 უძრავ ქონებას: 1. ს/კ.: ---, მდებარე ბათუმში, ---; 2. ს/კ.: ---, მდებარე ბათუმში, --- და 3. ს/კ.: ---, მდებარე ბათუმში, ---;
12.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული სადავო ქონება - ს.კ. --- მოსარჩელეებს დაუბრუნდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12.4. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები ძალაშია და არ გაუქმებულა;
12.5. მოსარჩელეთა მიერ წარმოებულ დავაში მოპასუხეების - რ.- და ა. გ–ების წარმომადგენელია ტ. ქ-ე; იგივე პირი, ტ. ქ-ე მისი მარწმუნებლის რ. გ–ის წინააღმდეგ 2016 წლის დასაწყისიდან აწარმოებდა დავას მ. ქ-ის სახელით; მითითებულ დავაზე მხარეთა შორის დამტკიცებულია მორიგება 2016 წლის 22 ივნისს და იმავე წლის 11 ივლისს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი;
12.6. ზემოაღნიშნული მორიგების აქტის შესაბამისად, რ. გ-მა გააფორმა შეთანხმება მ. ქ-ესთან, რომლის მიხედვით რ. გ–ი ვალდებულების (10 დღეში 55 000 აშშ დოლარის გადახდა) შეუსრულებლობის შემთხვევაში მ. ქ-ეს საკუთრებაში გადასცემდა ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში დაყადაღებულ ქონებას - ს.კ. ---;
12.7. რ. გ–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და დაყადაღებული ქონება (მორიგების საგანი) მორიგების საფუძველზე, საკუთრების უფლებით გადავიდა მ. ქ-ის საკუთრებაში.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 22 ივნისს, სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცებისას ძალაში იყო შესული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება, რომელიც კრძალავდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ (როგორც დავის საგანის, ისე უზრუნველყოფის საგნის) ქონებაზე მორიგების გაფორმებას (დაუშვებელია მორიგება თუ დავის/უზრუნველყოფის საგანს ადევს ყადაღა);
14. განცხადებაზე დართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 17 ივლისის №--- წერილით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დამტკიცებული მორიგების საფუძველზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე ქონებაზე - ს.კ.---, რომელიც განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიკუთვნებულია ნ. ჯ-სათვის, ხოლო მეორე ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, მ-ში, ს/კ. ---, ამავე დავაზე დაყადაღებულია სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით.
15. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 271-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის მარტში გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს აღსრულება და აუქციონზე გასატანად მზადდება სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონებები, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და არსებობს ამ საქმეზე აღსრულების შეჩერების საკმარისი წინაპირობა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს რ. და ა. გ–ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, საქმეში მესამე პირად მ. ქ-ის ჩართვა, ასევე ზიანის უზრუნველსაყოფად განმცხადებლის, ნ. ჯ-სთვის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 65 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში განთავსება.
17. საჩივრის ავტორთა განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლო ვერ ასაბუთებს რა უპირატესობა გააჩნია მოცემულ დავას რ. გ-სა და მ. ქ-ეს შორის წარმოებულ დავასთან შედარებით, რატომ უნდა აღსრულდეს პირველ რიგში ნ. ჯ-ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება და არა მ. ქ-ის სასარგებლოდ წარმოებული სააღსრულებო საქმე. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მ. ქ-ესა და რ. გ–ს შორის სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა გაცილებით ადრე, ვიდრე ნ. ჯ. წამოიწყებდა წინამდებარე დავას. უფრო მეტიც, რ. გ-სა და მ. ქ-ეს შორის დადებული მორიგების აქტი სასამართლოს მიერ დამტკიცებულია და შესულია კანონიერ ძალაში, მოცემულ საქმეზე კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ჯერ არ შესულა და შეიძლება გაუქმდეს კიდეც, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
18. საჩივრის ავტორთა აზრით, თუ განმცხადებელი თვლის, რომ დაწყებული სააღსრულებო წარმოებით ილახება მისი უფლებები, შეუძლია გაასაჩივროს აღნიშნული წარმოება და ამ წარმოების საფუძველი - რ. გ–სა და მ. ქ-ეს შორის დადებული მორიგების აქტი. სხვა შემთხვევაში მოცემული სააღსრულებო წარმოების შეჩერება წარმოადგენს ნ. ჯ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის გაზრდას, რაც დაუშვებელია.
19. საჩივრის ავტორები ასევე არ იზიარებენ განმცხადებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საერთოდ არ ჰქონდა რ. გ–სა და მ. ქ-ეს შორის დადებული მორიგების აქტის დამტკიცების უფლება, ვინაიდან იგი იყო კანონსაწინააღმდეგო მორიგება. საჩივრის ავტორთა განცხადებით, აღნიშნულზე მითითება აბსურდულია, რადგან ნ. ჯ-ს აღნიშნულ მხარეებს შორის არსებულ დავასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ამრიგად, მიღებული განჩინებით ირღვევა როგორც რ. გ–ის, ასევე მ. ქ-ის უფლებები, რადგან სწორედ მის სასარგებლოდ წარმოებული სააღსრულებო საქმის წარმოება შეაჩერა სასამართლომ. შესაბამისად, არსებობდა მ. ქ-ის საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძველი.
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით რ. და ა. გ–ების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი საჩივრით არ იყო გაქარწყლბული გასაჩივრებული განჩინების დასკვნები, ამასთან, საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე მესამე პირის სტატუსით მხარის საქმეში ჩაბმას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. აღნიშნული საპროცესო მოქმედების განხორციელება შესაძლებელი იყო საქმის არსებითად განხილვისას და არა წარდგენილი საჩივრის ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 411-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების გამოყენების მართლზომიერება.
25. მოსარჩელე (განმცხადებელი) მოითხოვს მისი სარჩელის უზრუნველყოფას, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ #--- საქმეზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერებას მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული განცხადება წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნას.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული არ არის, განიხილავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
28. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ქონების რეალიზაციის შეჩერება, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიების ამ სახის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) დავა, რომლის გამოც უზრუნველყოფის ზომად ქონების რეალიზაციის შეჩერება გამოიყენება, აღძრული უნდა იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების თაობაზე და ბ) სახეზე არ უნდა იყოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა [იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე]. გარდა ამისა, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერებას ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან, რომლებზეც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩლის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა - სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
30. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
31. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვს იმ ქონების (ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ. ფართი (ს.კ.---)) საკუთრებაში დაბრუნებას, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფება მოპასუხეთა საკუთრებაში და რომელსაც, სხვა ქონებასთან ერთად, მოცემული დავის ფარგლებში, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადო ყადაღა (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინება, ტ. 4, ს.ფ. 22-26). დადგენილია ასევე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სადავო ქონება (ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ. ფართი (ს.კ.---)) აღირიცხა მოსარჩელის (განმცხადებლის) საკუთრებად და ამავე გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა) დარჩა უცვლელი (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება, ტ. 5, ს.ფ. 239-268). აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოპასუხეთა მიერ და საქმის წარმოება მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში. ამავე დროს მოსარჩელე ითხოვს მისი სარჩელის უზრუნველყოფას და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ #--- საქმეზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერებას, რომელიც, თავის მხრივ, დაიწყო სხვა კრედიტორის (კრედიტორი: მ. ქ-ე) განცხადების საფუძველზე და რომლის შესაბამისად, სარეალიზაციოდ გატანილია წინამდებარე დავის განმავლობაში დაყადაღებული ერთ-ერთი მოპასუხის (რ. გ–ის) საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება (ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 34,19 კვ.მ მანსარდა (მშენებარე) (ს/კ: ---) და ამავე მისამართზე მდებარე 82.81 კვ.მ. ფართი (ს.კ.---)). ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ქონებიდან ერთ-ერთი ქონება - ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ. ფართი (ს.კ.---) წარმოადგენს მოცემული დავის საგანს, რომლის მიმართაც მომავალში უნდა მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
32. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
33. იმისათვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო − დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"., II-4).
34. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად განსაზღვრულია სასამართლოს მიერ იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
35. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ერთობლივი ანალიზის შესაბამისად ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სააღსრულებო წარმოების სასამართლოს მიერ ნაწილობრივ - ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ. უძრავ ქონებაზე (ს.კ.---) დაწყებული სააღსრულებო წარმოების - შეჩერების საფუძველი: კერძოდ, მოცემულ დავაზე სარჩელი წარდგენილია სწორედ იმ ქონების საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით, რომელზეც სხვა დავის ფარგლებში მიქცეულია გადახდა - სხვა კრედიტორის მოთხოვნით დაწყებულია იძულებითი აღსრულება, ხოლო წინამდებარე სარჩელზე ჯერ არ არის მიღებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. ამასთან, აღნიშნული სარჩელი წინ უსწრებდა სხვა კრედიტორის მოთხოვნით სააღსრულებო წარმოების დაწყებას და ქონების დაყადაღებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრა ხდება მაშინ, როდესაც მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება. მოცემულ შემთხვევაშიც მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, თუმცა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების სარჩელს იგი ვეღარ აღძრავს, რადგან უკვე აღძრული აქვს სარჩელი მოვალის მიმართ ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, რომელიც თავისი არსით იმავე მიზანს ემსახურება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოცემული დავა დასრულდება მოსარჩელის სასარგებლოდ და დადგინდება მოთხოვნილი ქონების მის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო აღნიშნულ ქონებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება გაგრძელდება და მოხდება ქონების რეალიზაცია, სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება. ამით საფუძველი გამოეცლება და აზრი დაეკარგება დავასაც, რაც არღვევს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ თანაზომიერების პრინციპს, რომლის მიხედვით, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს.
36. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობს წინამდებარე დავის დასრულებამდე მოცემული დავის ფარგლებში სადავოდ გამხდარ ქონებაზე (ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ. ფართი (ს.კ. ---)) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის №2/102-2017 განჩინების საფუძველზე 2017 წლის 9 მარტს გაცემული №2/102-2017 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით კერძო აღმასრულებლის, მ. პ-ის მიერ დაწყებული #--- სააღსრულებო საქმისწარმოების (კრედიტორი - მ. ქ-ე - პ/ნ: ---, წარმომადგენელი - ტ. ქ-ე - პ/ნ: ---) შეჩერებისა და ამ ნაწილში განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.
37. რაც შეეხება მეორე ქონებაზე (ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 34,19 კვ.მ მანსარდა (მშენებარე) (ს/კ: ---)) ამავე #--- სააღსრულებო წარმოების (კრედიტორი - მ. ქ-ე - პ/ნ: ---, წარმომადგენელი - ტ.ქ-ე - პ/ნ: ---) ფარგლებში დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში მოპასუხეთა მიერ წარდგენილი საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
38. საქმის მასალებით დადგენილია რომ კერძო აღმასრულებელ მ. პ-ის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის №2/102-2017 განჩინების საფუძველზე 2017 წლის 9 მარტს გაცემული №2/102-2017 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით დაწყებული #--- სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სარეალიზაციოდ მომზადდა რ. გ–ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება - ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ. ფართი (ს.კ.---) და ამავე მისამართზე მდებარე 34,19 კვ.მ მანსარდა (მშენებარე) (ს/კ: ---). პირველ ქონებაზე (ს.კ. ---) დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლიანობაზე საკასაციო სასამართლომ იმსჯელა წინამდებარე განჩინების 27-36 პუნქტებში. აღსანიშნავია, რომ ორივე ქონებაზე სააღსრულებო წარმოება დაიწყო რ. გ–ის (მოცემულ საქმეზე ერთ-ერთი მოპასუხე) მიერ კრედიტორ მ. ქ-ის მიმართ შესასრულებელი სასესხო ვალდებულების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. გ–მა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულება მ. ქ-ისთვის გადაეცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი თანხა 65 000 აშშ დოლარი, რის გამოც ამოქმედდა მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობა - მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება მიექცა აღსასრულებლად (იხ. ტ. 6. ს.ფ. 210).
39. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის გამართვის წესი და პირობები. კანონის 69-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ყადაღადადებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი აუქციონის შედეგად შემოსული თანხა აჭარბებს საფასურს, აღსრულების ხარჯს და იმ კრედიტორთა მოთხოვნებს, რომელთა სასარგებლოდაც ტარდება იძულებითი აუქციონი. ამასთანავე, დარჩენილი თანხა აღარ უბრუნდება მოვალეს და მას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ მრავალჯერადი ყადაღის დადების შემთხვევაში ამ ქონებაზე აუქციონს ატარებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა მარეგისტრირებელ ორგანოში.
40. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ წარმოებაში მიღებული სხვა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნა კმაყოფილდება, როგორც მეორე რიგის მოთხოვნა, ხოლო თუ ქონებაზე სხვადასხვა აღმასრულებელს აქვს დარეგისტრირებული მრავალჯერადი ყადაღა, აუქციონს ატარებს ის, ვინც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა. გამონაკლისია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
41. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებელ მ. პ-ის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის №2/102-2017 განჩინების საფუძველზე 2017 წლის 9 მარტს გაცემული №2/102-2017 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულ მეორე ქონებაზე (ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 34,19 კვ.მ მანსარდა (მშენებარე) (ს/კ: ---) დაწყებული #--- სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ამ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დაიწყო შესაბამისი პროცედურები, დარჩება აღუსრულებელი. შესაბამისად, ყოველგვარი აზრი ეკარგება კრედიტორის დარღვეული უფლების აღიარებას.
42. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას, მაგალითად, საქმეში - შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. ევროპული სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby v. Greece, 19 მარტი, 1997 წ., §40).
43. რაც შეეხება საჩივრის ავტორთა განცხადებას მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მოცემულ საკითხზე არ უმსჯელია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად არ შეუფასებია მის მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით ხომ არ ადგება ზიანი მოპასუხეს, ზემოაღნიშნული განცხადება განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ. გ–ისა და ა. გ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული #2/ბ-47-17 საქმის დასრულებამდე შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის №2-102/17 განჩინების საფუძველზე 2017 წლის 9 მარტს გაცემული №2-102/17 სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად კერძო აღმასრულებლის, მ. პ-ის მიერ დაწყებული №--- სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი - მ. ქ-ე - პ/ნ: ---, წარმომადგენელი - ტ. ქ-ე - პ/ნ: ---, მოვალე - რ. გ–ი - პ/ნ: ---) რ. გ–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 34,19 კვ.მ მანსარდის (მშენებარე) (ს/კ: ---) სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 სექტემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული #2/ბ-47-17 საქმის დასრულებამდე შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის №2-102/17 განჩინების საფუძველზე 2017 წლის 9 მარტს გაცემული №2-102/17 სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად კერძო აღმასრულებლის, მ. პ-ის მიერ დაწყებული №--- სააღსრულებო საქმის წარმოება (კრედიტორი - მ. ქ-ე - პ/ნ: ---, წარმომადგენელი - ტ. ქ-ე - პ/ნ: ---, მოვალე - რ. გ–ი - პ/ნ: ---) რ. გ–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - ქ. ბათუმში, მ-ში მდებარე 82.81 კვ.მ მანსარდის (მშენებარე) (ს.კ.---) სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე დარჩეს უცვლელი;
4. განცხადება მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე