Facebook Twitter

№ ას-1356-1276-2017 26 იანვარი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელი ნ. ჩ-ის მიმართ საცხოვრებელი სახლის ½ რეალური წილის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ემ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინებით აპელანტ ნ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა სამოქალაქო საქმე #2ბ/2369-17-ის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული იმ საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც იხილება ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაშია ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ნ. ჩ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების სააგენტოს მიმართ, მესამე პირი - კ. გ-ე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ დავაში ნ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #--- და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ქ. ახალციხეში, ---ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ:---) კ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება საცხოვრებელი ბინის და არა შენობა-ნაგებობის ½ ნაწილზე, ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებში სარდაფის ნაწილის 21 კვ.მ და მიშენებული აივნის ასახვა.

4. სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე სამოქალაქო დავაში კ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე ნ. ჩ-ის მიმართ წარმოადგენს ქ. ახალციხეში, ---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მისი და ნ. ჩ-ის საზიარო უფლების გაუქმება და კუთვნილი ½ წილის რეალურად გამოყოფა. შესაბამისად, განსახილველ დავაში ძირითადი სადავო საკითხი არის სწორედ წილების ოდენობის საკითხი.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეზე, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იხილავს, სადავოდ არის გამხდარი საჯარო რეესტრის ის ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე კ. გ-ე ითხოვს ქ. ახალციხეში ---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მისი და ნ. ჩ-ის საზიარო უფლების გაუქმებას და კუთვნილი ½ წილის რეალურად გამოყოფას. ამასთანავე, ნ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილია წილების განსხვავებული რეგისტრაცია.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეზე დაკმაყოფილდება ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი, აღნიშნული პირდაპირ აისახება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ საქმეზე, რადგან დადგინდება რეალური წილები, რაც მხარეთა შორის ძირითადი სადავო საკითხია. ეს გარემოება კი, განსახილველ საქმეზე წარმოების შეჩერების კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს ქმნიდა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კ. გ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებაზე, რადგან აღნიშნული შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული. ნ. ჩ-ის მოთხოვნა მიმართულია პროცესის გაჭიანურებისაკენ, რადგან მოცემულ დავაზე არაერთხელ იქნა საქმის წარმოება შეჩერებული და მოპასუხე უკვე 15 წელია უკანონოდ ფლობს და განკარგავს მოსარჩელის კუთვნილ ქონებას.

9. საჩივრის ავტორის აზრით, მოცემული დავის განხილვა არანაირ ზიანს არ აყენებს მოპასუხის ინტერესებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს გასაჩივრებული განჩინება და განახლდეს საქმეზე წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების მართებულობა.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს: სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე არსებულ გარემოებათა გამო, შესაძლებელია, შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომლის არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა.

14. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მიჯნავს შემთხვევებს, როცა სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას იმ შემთხვევებისაგან, როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნას სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს შემდეგში: სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნებიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

17. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლებას, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის - პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.

18. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რიგ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას. ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა.

19. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების მიზანს წარმოადგენს საქმის განხილვის გაჭიანურება. საჩივრის ავტორის აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან. მხარე არსებითად მსჯელობს განსახილველი დავის ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებზე, რაც სცდება საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობის თაობაზე განჩინების შემოწმების ფარგლებს და, მოცემულ შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი.

20. განსახილველი საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. გ-ის სამოქალაქო სარჩელით ნ. ჩ-ის მიმართ სადავოა ქ. ახალციხეში, ---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე საზიარო უფლების გაუქმება და ქონების რეალური ½ წილის გამოყოფა. აღნიშნული სარჩელი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხის მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო წესით.

21. დადგენილია, რომ მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ამავე სასამართლოში ადმინისტრაციული წესით იხილებოდა მისი სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მისივე სარჩელი (რომლითაც მოთხოვნილი იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ქ. ახალციხეში, ---ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ: --) ½ ნაწილზე კ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების სააგენტოსა და მესამე პირის, კ. გ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

22. ამრიგად, სახეზეა ადმინისტრაციული სარჩელი, რომლითაც მხარემ სადავოდ გახადა საჯარო რეესტრის ის ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც წინამდებარე დავაში მოსარჩელე კ. გ-ე ითხოვს ქ. ახალციხეში ---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მისი და ნ. ჩ-ის საზიარო უფლების გაუქმებას და კუთვნილი ½ წილის რეალურად გამოყოფას.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების (სამართალწარმოების) წესით საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს სამოქალაქო წესით განსახილველ საქმეზე იმგვარად, რომ ფაქტები, რომლებიც წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტის საფუძველი გახდება, არ შეიძლება დადგინდეს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, რაც უდავოდ მეტყველებს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის სწორ გამოყენებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე