Facebook Twitter

№ ას-1413-1333-2017 9 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ზ. კ., ბ. კ., მ. გ., ა. კ., ს. კ. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. ჭ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს. ჭ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. კ-ის, ბ. კ-ის, მ. გ-ის, ა. კ-ის და ს. კ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

2. მოპასუხებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ა. კ-მ, ზ. კ-მ, ს. კ-მ და მ. გ-მ წარადგინეს შეგებებული სარჩელი და მოითხოვეს უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა და მოსარჩელისათვის თანხის დაკისრება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. კ-ს, ზ. კ-ს, ს. კ-ს და მ. გ-ს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ჭ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ ვადა და დაევალათ 7 (შვიდი) დღის ვადაში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი. ამავე წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 3 (სამი) დღით დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარსადგენად. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა ერთ-ერთ აპელანტს, მ. გ-ს, რომელიც არის დანარჩენი აპელანტების ოჯახის წევრი.

8. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში აპელანტებმა სასამართლოში წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, თუმცა აპელანტებად მითითებული პირები ხელს არ აწერდნენ სააპელაციო საჩივარს, ამასთან, მასში მითითება კვლავ არ არის, რას ეფუძნებოდა მათი სააპელაციო საჩივარი და რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობა.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთ მიერ სასამართლოში მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფორმის წარდგენა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ხარვეზის შევსებად, ვინაიდან იგი არ პასუხობდა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დადგენილ მოთხოვნას.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორთა განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა განუხილველად მათი სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები აკმაყოფილებდა საჩივრის ფორმალური გამართულობისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეღო იგი განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ზ. კ-ის, ბ. კ-ის, მ. გ-ის, ა. კ-ისა და ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარედგინათ სასამართლოსთვის: 1) სახელმწიფო ბაჟის, 160 (ას სამოცი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2) სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა; მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; 3) სააპელაციო საჩივრის ელ.ვერსია CD დისკის სახით (იხ. ს.ფ. 154-156).

15. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში 2016 წლის 21 იანვარს აპელანტებმა სასამართლოში წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სააპელაციო საჩივარი, თუმცა მასში კვლავ არ იყო მითითებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობა ან/და მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ მათ სააპელაციო საჩივარს (იხ. ს.ფ. 165-175).

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გაუგრძელა აპელანტებს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა 3 (სამი) დღით და დაავალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა (იხ. ს.ფ. 178-179).

17. სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში აპელანტებმა კვლავ წარუდგინეს სასამართლოს სააპელაციო საჩივარი, თუმცა იგი არ არის ხელმოწერილი აპელანტების მიერ და კვლავ არ არის შევსებული სათანადო წესით. კერძოდ, მასში არ არის მითითებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას (იხ. ს.ფ. 183-192).

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ მათ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი გამოასწორეს.

19. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სავალდებულო წინაპირობები, რომელთაც სააპელაციო საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას; თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

20. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარი კანონით გათვალისწინებულ ზემოხსენებულ პირობებს არ აკმაყოფილებს, ამავე ნორმის მე-5 ნაწილით სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია შეასრულოს მითითებული მოქმედებები. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება.

21. საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტებს არ წარუდგენიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი, ამასთან, მათ ასევე არ გამოიყენეს ხარვეზის გამოსწორებისათვის სააპელაციო პალატის 2017 წლის 25 სექტემბრისა და 2 ოქტომბრის განჩინებებით განსაზღვრული ვადა, ამავე დროს, მათ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს სსსკ 368-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნას - სააპელაციო საჩივარს ხელს არ აწერენ მისი შემტანი პირები, იგი არ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ, საჩივრის ფორმალური დასაშვებობის პირობებს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად.

22. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. კ-ის, ბ. კ-ის, მ. გ-ის, ა. კ-ისა და ს. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე