Facebook Twitter

3გ-ად-97-კს-02 19 მარტი, 2003 წ., ქ. .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება აქტის შეჩერების ნაწილში.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 4 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს “ა.-მ” მოპასუხე საქართველოს ...-ის სამინისტროს მიმართ. მესამე პირად მითითებულ იქნა ამავე სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა:

1. “ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტური) კეთილს.-ბის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს ...-ის მინისტროს 2002წ. 26 სექტემბრის ¹2-132 ბრძანების ბათილად ცნობა.

2. “იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის “ა” და “ბ” ჯგუფის დავალებების გამოვლენას” საქართველოს ...-ის მინისტრის 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მანამდე იმ ნაწილში შეჩერება, რომლითაც აღნიშნული არაკეთილს.- ქვეყნების ნუსხაში შეყვანილი იქნა ბრაზილია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო შპს “ა.-ის” სარჩელი. ამავე განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეაჩერა “იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის “ა” და “ბ” ჯგუფის დაავადებების გამოვლენას” ...-ის მინისტრის 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც აღნიშნულ ნუსხაში შეყვანილ იქნა ბრაზილია.

სასამართლო კოლეგიის მოცემულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ...-ის სამინისტრომ და ითხოვა განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც შეჩერდა გასაჩივრებული აქტი.

კერძო საჩივარი დაემყარა შემდეგ გარემოებებს:

1. სასამართლო კოლეგიამ ისე შეაჩერა სადავო აქტი, რომ არ იმსჯელა მისი შეჩერების სამართლებრივ საფუძველზე და კერძო საჩივრის დასაშვებობაზე. ადმინისტრაციული აქტის შეჩერება არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სსკ-ს გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმები, ანუ 2002წ. 6 დეკემბრის განჩინების მეორე ნაწილის გასაჩივრება შეიძლებოდა კერძო საჩივრით.

2. გასაჩივრებულ განჩინებასა და მოსარჩელის მოთხოვნაში არ იყო მითითებული იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

3. სასამართლო კოლეგიის მიერ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გასაჩივრებული ბრძანების შეჩერება, რომელიც მოსახლეობისა და მომხმარებლის უფლებების დასაცავად იყო მიღებული, მისცემს მაგალითს სხვა იმპორტიორებსაც, მათთვის სასურველი ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსატანი პროდუქცია გაათავისუფლოს ზემოთ აღნიშნული ბრძანების მოქმედების სივრციდან, თუნდაც სარჩელის განხილვის პერიოდში. ეს კი არნახულ უარყოფით შედეგებს მოუტანს მოსახლეობას, გაჩნდება ქვეყანაში ადამიანებისა და ცხოველებისთვის საერთო საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების რეალური საფრთხე.

4. საქართველოს ...-ის მინისტრის 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანებით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხას, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის “ა” და “ბ” ჯგუფის დაავადებების გამოვლენას, საფუძვლად დაედო საერთაშორისო ეპიზოოტური ბიუროს ინფორმაცია, რომელიც ვეტერინარიის სფეროში უმაღლეს ინსტანციას წარმოადგენს და რომელშიც საქართველო გაწევრიანდა 1994 წელს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 დეკემბრის განჩინებით ...-ის სამინისტროს კერძო საჩივარი ჩაითვალა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანების გამოცემისას ...-ის სამინისტროს, მართალია, არ მიუღია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ “ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტური) კეთილს.-ბის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ” საქართველოს ...-ის მინისტრის 2002წ. 26 სექტემბრის ¹2-132 ბრძანებით დაწესდა განსაკუთრებული კონტროლი იმ ქვეყნებიდან ტვირთების იმპორტის ტრანსპორტირებისა და რეექსპორტის განხორციელებაზე, რომლებშიც საერთაშორისო ეპიზოოტური ბიუროს მონაცემებით გავრცელებულია საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსით განსაზღვრული “ა” და “ბ” ჯგუფის დაავადებები და რომელთა უმრავლესობა რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ გადაუდებელ აღსასრულებელ ადმინისტრაციულ აქტს, რომლის მოქმედებაც სასამართლოში სარჩელის წარდგენით ავტომატურად არ ჩერდება. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანება წარმოადგენს “ნორმატული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატული აქტის, ...-ის მინისტრის 2002წ. 26 სექტემბრის ¹2-132 ბრძანების, განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ამ ბრძანებით დადგენილი გასატარებელი ღონისძიების განხორციელება 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანებით დამტკიცებული ქვეყნების ნუსხის გარეშე შეუძლებელს გახდიდა გატარებული ღონისძიებების შესრულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არასწორია გასაჩივრებული ბრძანებების ცალ-ცალკე, ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებად განხილვა და ისინი განხილულ უნდა იქნენ ერთობლიობაში.

რაც შეეხება კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი არ ითვალისწინებს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებაზე

სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების წესს, მაგრამ ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სსკ-ს დებულებანი, რის გამოც გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის, შესახებ განჩინების გასაჩივრება უნდა მოხდეს სსკ-ს 23-ე თავით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი დასაშვებია, სამართლებრივი თვალსაზრისით საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ...-ის სამინისტროს კერძო საჩივარი ჩაითვალოს დასაშვებად.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინება საქართველოს ...-ის მინისტრის 2002წ. 8 ოქტომბრის ¹2-139 ბრძანების მოქმედების შეჩერების ნაწილში და 2002წ. 19 დეკემბრის განჩინება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.