Facebook Twitter

№ას-1454-1374-2017 15 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჯ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ჯ-მ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების, სარჩოს აღდგენისა და გაუცემელი სარჩოს დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 სექტემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დადგინდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის სარჩოს გაცემის აღდგენა 2007 წლის მაისიდან თვეში 300 ლარის ოდენობით; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2007 წლის მაისიდან 2007 წლის სექტემბრამდე გაუცემელი სარჩო 1200 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მორალური ზიანის სახით 5000 ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. ამასთან, მოსარჩელემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 სექტემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. ჯ-ს სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინდა მოპასუხემ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის განჩინებით სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

8. 2009 წლის 8 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

9. 2017 წლის 16 ოქტომბერს გ. ჯ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გ. ჯ-ს განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი განიმარტა შემდეგი სხით: შპს „ს-აზე“ გ. ჯ-ს სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხა 20 000 (ოცი ათასი) ლარი არ მოიცავს საშემოსავლო გადასახადის სახით დასაკავებელ თანხას და აღნიშნული 20 000 ლარი გ. ჯ-ს უნდა აუნაზღაურდეს სრულად“.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100 მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება შრომითი დასახიჩრების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით და შრომის უნარის სრულად დაკარგვით გამოწვეული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის - 20 000 ლარის მიღებას, იგი, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალში არ აისახება. შესაბამისად, აღნიშნული თანხა არ შეიძლება დაექვემდებაროს დაბეგვრას. ამასთან, თუ მოვალეს, როგორც საგადასახადო აგენტს, მიაჩნია, რომ გადასახდელი თანხა წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს, მან შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი უნდა მიაქციოს ბიუჯეტის სასარგებლოდ იმგვარად, რომ კრედიტორმა (მოსარჩელემ) გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა ხელზე სრულად მიიღოს .

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

13. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ამავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად კი, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი. ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხე კომპანიასთან იმყოფებოდა საქმიან ურთიერთობაში, სადაც ღებულობდა ხელფასს, ხოლო აღნიშნულ გარემოებასთან მიზეზობრივად არის დაკავშირებული მიყენებული მორალური ზიანის შესაბამისი თანხის მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება, ეს თანხა წარმოადგენს მოსარჩელის ერთობლივ შემოსავალს, შესაბამისად, იგი ექვემდებარება დაბეგვრას. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დაბეგვრისაგან გათავისუფლებული ფიზიკური პირის შემოსავლის სახეები და აღნიშნავს, რომ მასში არ არის მოხსენებული კომპენსაცია მორალური ზიანისათვის, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა ექვემდებარება დაბეგვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და, თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

17. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება.

18. გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ იყოს აღსრულებული, ვინაიდან ასეთ დროს აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა და განმარტების შედეგად არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება.

19. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 000 ლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 8 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა მოსარჩელეს სრულად არ მიუღია სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხა. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადება სასამართლოში მოსარჩელემ წარადგინა იმის გამო, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული თანხიდან - 20 000 ლარიდან მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა მხოლოდ 16 000 ლარი, ხოლო 4000 ლარი ჩათვალა საშემოსავლო გადასახადში და დააკავა გადახდის წყაროსთან.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მისივე გადაწყვეტილების განმარტება არასწორია, რადგან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული თანხა აღსრულების დროს შესაძლებელია შემცირდეს, თუ იგი კანონის თანახმად ექვემდებარება დაბეგვრას.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამ ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში მითითებული პირობების შესაბამისად. ეს კი გულისხმობს იმას, რომ სარეზოლუციო ნაწილში მითითებული პირობები, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა, არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე სახის ცვლილებას და იგი აღმასრულებლის და ასევე, აღმასრულებლის საშუალებით მოვალის მიერ უნდა შესრულდეს სწორედ ისე, როგორც მითითებულია სასამართლოს მიერ. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა - 20 000 ლარი და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მითითებული თანხის მოსარჩელისათვის დაბეგრილი სახით (4000 ლარის გამოკლებით) ანაზღაურების შესახებ.

22. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დავის დასრულების შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ ან ვერ ახერხებენ ან კიდევ აჭიანურებენ აღნიშნულ ვალდებულებას, მოსარჩელე მხარისათვის სამართალწარმოების პროცესში მე-6 მუხლით მინიჭებულ გარანტიას აზრი ეკარგება (იხ. Antonetto v. Italy, №15918/89, §28, 20 July 2000). ამრიგად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, როგორიცაა საქმის სამართლიანი განხილვისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლები).

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივარზე შეადგენს 50 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას უნდა დაეკისროს კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. კერძო საჩივრის ავტორს სს „ს-ას“ (ს/კ:---) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე